logo_geo
eng_logo
ადრიანოს წერილი ინტერს - ბავშვობა ფაველებში, ნერაძური და პირადი ტრაგედია
- +

9 მაისი. 2020. 01:49

 

 

 „ინტერმა“ თავის ვებგვერდზე ყოფილი ფეხბურთელის, ადრიანოს ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელი ბევრი საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.

 

„ბედნიერება მარტივი რამაა. ბედნიერება ესაა პოპკორნის გემო, რომელსაც დეიდაჩემი ქუჩაში ყიდდა. ბავშვობაში იმდენი „პიპოკა“(პოპკორნი პორტუგალიურად) ვჭამე, რომ ის ჩემი მეტსახელი გახდა. ბედნიერება ესაა მტვერი, რომელიც მაშინ დგებოდა, როცა ვილა კრუზეიროში ფეხბურთს ვთამაშობდი მოედანზე, სადაც ბავშვობაში ყოველდღე დავდიოდი.

 

შორტები და შიშველი ფეხები. ჩემი საყვარელი საფეხბურთო ფორმა ყოველთვის ეს გახლდათ. არ მჭირდება ახსნა ასე რატომ იყო. მიყრუებულ ადგილას გაზრდილი ბავშვის ცხოვრება ხომ ზუსტად ასეთია.

 

 

 

10 წლის ვიყავი, როცა ერთ ჩვეულებრივ შუადღეს ტყვიების ხმა გავიგონე. ქუჩაში ისროდნენ და ერთ-ერთი ტყვია შემთხვევით მამაჩემს, ალმირს თავში მოხვდა. თუ ფაველებში ცხოვრობ, მომავლის იმედი თითქმის არასდროს გაქვს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ფეხბურთის დახმარებით დიდი მიზნები მქონოდა.

 

 

იმ პერიოდში ფლამენგოს ფუტსალის გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ ეს იყო დრო, როცა ღირსეულ ახალგაზრდად უნდა ჩამოვყალიბებულიყავი. მახსოვს, უამრავი რთული და გრძელი დღე, რომლებიც დედაჩემმა როსილდამ საავადმყოფოში გაატარა, მე კი, სახლში ბებია ვანდასთან ვიყავი.

 

 

ვცდილობდი ოჯახისთვის რაიმე ღირებული გამეკეთებინა. დროგამოშვებით ქუჩაში გავდიოდი, კუთხეში ვდგებოდი და ფულის სანაცვლოდ ფეხსაცმელებს ვაპრიალებდი. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასეთი იყო - სკოლა, ვარჯიში და მამაჩემის ლოდინში გატარებული შუადღეები. დღე, როცა ის საავადმყოფოდან დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

 

ჩემი ძლიერი მარცხენა ფეხის შესახებ ხომ იცით? მასზე ბავშვობიდანვე ვვარჯიშობდი და სახლში სხვადასხვა ნივთს ვანადგურებდი, რაც დედაჩემს აგიჟებდა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მან ფლამენგოში მიმიყვანა, სწორედ ეს იყო. საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ, გვითხრეს, რომ გარკვეული თანხა უნდა გადაგვეხადა, თუმცა მაშინ ჩემს ოჯახს ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დედაჩემს არც უფიქრია ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა ეიძულებინა. მან მამაჩემს უთხრა, რომ თანხის გადახდაში დეიდაჩემი დაგვეხმარებოდა. რეალურად კი, ყველაფერი სხვანაირად იყო. დედაჩემმა ქუჩაში კანფეტების გაყიდვა დაიწყო, რათა ოცნება გამეგრძელებინა.

 

 

ფაველებში დაბადებული და გაზრდილი ბავშვისთვის რთულია განსხვავებული და ბრწყინვალე მომავლის იმედი ჰქონდეს. იქ ოცნებაც ძალიან ძნელია. დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი მაქსიმუმს აკეთებდნენ, რათა ყველაფერი პოზიტიურად დამენახა. მათ ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს და საშუალება მომცეს კონცენტრაცია ფეხბურთზე მომეხდინა.

 

 

 

ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ პირველ რიგში მშობლებისთვის ვალის დაბრუნება მსურდა. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა! მინდოდა მათთვის სახლი შემეძინა. ფეხბურთმა თავმოყვარეობა, ცხოვრებისეული მიზნები, გამბედაობა და ბალანსი მომცა. ფეხბურთი ჰუმანურობისა და იმედის სინონიმია. ფეხბურთი დამეხმარა მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, რომელსაც სხვა პროფესიაში მოღვაწეობით ვერ მივაღწევდი!

 

სულ მალე ევროპიდან, კერძოდ იტალიიდან დამიკავშირდნენ. არც ვნერვიულობდი და არც ვღელავდი. თვითმფრინავში, რომელიც მილანისკენ მიემგზავრებოდა, ბედნიერი და ენთუზიაზმით აღსავსე ავედი. ჩემი საოცნებო მოგზაურობა სწორედ მაშინ დაიწყო. დიახ! დასაწყისში იყო ოცნება და დღემდე ასეა!

 

 

ასობით მატჩისა და მომენტის შემდეგ არის ერთი მოგონება, რომელიც ყველაზე კარგად მახსენდება. მილანში რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, როცა გუნდს მადრიდში გასამართი მატჩისთვის შევუერთდი. 2001 წლის 14 აგვისტოს სანტიაგო ბერნაბეუზე გავედი. ინტერის მაისური მეცვა და ჩვენი მეტოქე რეალი იყო.

 

 

ეს ყველაფერი ჩემი ოცნების ნაწილი გახლდათ და სხვა არაფერი მჭირდებოდა. მოედანზე გავედი და ისე ვითამაშე, თითქოს ვილა კრუზეიროს მტვრიან მოედანზე ვიყავი. უამრავი დრიბლინგი. მეტოქეებს ბურთს ფეხებში ვუძვრენდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ერთ მომენტში ჯარიმა მოვიპოვე და სათადარიგოთა სკამიდან ყვიროდნენ, რომ საჯარიმო დარტყმა მე უნდა შემესრულებინა. გახსოვთ ჩემი ცაცია, რომელსაც ქუჩაში და სახლში ვავარჯიშებდი და დედაჩემს ვაგიჟებდი? მაშინ ის მთელ მსოფლიოს გავაცანი. ამბობდნენ, რომ ბურთი 170 კმ/სთ-ით გაფრინდა.

 

 

 

ფეხბურთი, გოლები, დადებითი ემოციები... თუმცა ერთ დღეს საშინელმა სიახლემ ყველაფერი შეცვალა. საშინელ სიახლეს მოულოდნელობის ეფექტი აქვს, შეუძლია უეცრად გამოჩნდეს და ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინოს. 2004 წლის აგვისტო, ბარი... თანაგუნდელებთან ერთად, ავტობუსში ვიყავი და ტელეფონზე დამირეკეს. „მამა ალმირი გარდაიცვალა“. თავი კოშმარში მეგონა და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი ნამდვილად კოშმარი იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ მომენტში რამდენად სასოწარკვეთილი ვიყავი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძნია, ასეთი აუტანელი ტკივილი არასდროს მქონია. მილანში დავბრუნდი და ჩხუბი მინდოდა... მილანიდან რომში გავემგზავრე შემდეგ კი, ბრაზილიაში.

 

მხოლოდ მე ვიცი რა რთული პერიოდი გამოვიარე. მამაჩემის გარდაცვალებამ ჩემს ცხოვრებაში შეუვსებელი სიცარიელე დატოვა.

 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიელ ადამიანს მაშინდელი ბნელი დღეები შვეიცარიაში მდებარე ქალაქმა გაუნათა. სამშობლოდან ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ბაზელსა და ინტერს შორის გამართულ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავი... იყო მომენტი, როცა ერთი დუელი მოვიგე, შემდეგ მეორე, ორი მეტოქე ჩამოვიშორე, მეკარესაც გავცდი და მარჯვენა ფეხით გავიტანე. მთელი ენერგია დავხარჯე და გოლი მამაჩემს მივუძღვენი.

 

 

მახსოვს, თანაგუნდელების დამოკიდებულება. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ინტერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო. მორატი ჩემთვის მამასავით გახლდათ. არა მხოლოდ მასთან, ძანეტისთან და სხვებთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. თითოეული მათგანის მადლიერი ვარ, რადგან ეს მოგონება ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

 

 

 

ინტერში მეტსახელად იმპერატორი შემარქვეს და თავდაპირველად მეგონა, რომ კლუბის ქომაგები ჩემით აღფრთოვანებული არ იყვნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ისინი ჩემ მიმართ სიმპათიებით იყვნენ განწყობილნი. მილანში თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ინტერი უსასრულოდ მიყვარს და ნამდვილი ნერაძური მცირე დროში გავხდი. მილანურ დერბიში ბოლო წამებზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი ამის დადასტურება არაა?!

 

 

ინტერში გატარებული პერიოდი მშვენივრად მახსოვს. გოლი უდინეზეს წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები, წაგებები, ტრიუმფები, ყუმბარისებური დარტყმა რომასთან კოპა იტალიის ფინალში. ყველაფერი მახსოვს! იცით, ინტერის მაისურით ბოლო გოლი რომელი გუნდის წინააღმდეგ გავიტანე? დიახ, მილანის კარი ავიღე!

 

 

ინტერს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. როცა მილანზე, ჯუზეპე მეაცაზე და ნერაძურის მაისურზე ვფიქრობ, ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ვმღერი სიმღერას, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ეს კი ყოველ ჯერზე მაბედნიერებს და თავს თქვენს ნაწილად მაგრძნობინებს“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner