logo_geo
eng_logo
ლივერპულის ფეხბურთელი პეკინის ქუჩაზე მისეირნობდა... კაპიტნის ამბავი საქართველოში
- +

28 მარტი. 2018. 02:14

 

 

თბილი დღე იყო, მაგრამ მაინც იგრძნობოდა წვიმის შემდეგ მიწის სასიამოვნო სურნელი. პეკინის ქუჩა, როგორც ყოველთვის, მანქანებით გადატვირთული და ხმაურიანი იყო. 

 

 

სახელგანთქმული "კოტონის" წინ ვიყავი და რედაქციაში მივდიოდი, როდესაც მოპირდაპირე მხარეს ლურჯ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭები დავინახე. ესტონელი ფეხბურთელები ქართველებთან ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ჩამოვიდნენ და დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე პეკინზე გასეირნება გადაწყვიტეს.

 

 

ბიჭებს წინ გუნდის ლიდერი, კაპიტანი და ესტონეთის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, რაგნარ კლავანი მიუძღოდა. 32 წლის მეფე რაგნარი "ლივერპულის" ფეხბურთელია, ამიტომაც მისი ცნობა რთული არ არის.

 

 

რაგნარის დანახვისთანავე გადავჭერი ქუჩა და მისკენ გავექანე, რომ დაინახა, კოჭლობით მორბენალი ახალგაზრდა აშკარად ჩემკენ მოემართებაო, შეკრთა, ცოტა შეეშინდა და უკან დაიხია, ვინ იცის, რა იფიქრა...

 

 

როდესაც ავუხსენი, რომ მასთან სურათის გადაღება და გასაუბრება მსურდა, თითქოს დამშვიდდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ხელი ჩამომართვა.

 

 

"საქართველო ძალიან კარგი, ლამაზი ქვეყანაა და კარგი საფეხბურთო ნაკრები ჰყავს, დღეს საინტერესო თამაში იქნება.

 

 

"ლივერპულში" თამაში დიდი ბედნიერებაა. როდესაც მივიღე წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეს კლუბი ჩემით იყო დაინტერესებული, ბოლომდე არ დავიჯერე და იურგენ კლოპის Selfie მოვითხოვე, მან ეს მოთხოვნა შემისრულა და ასე გადავედი "აუგსბურგიდან" ინგლისის პრემიერლიგაში.

 

 

კლოპი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია, მის გუნდში ყოფნა დიდი სიამოვნებაა".

 

 

სამწუხაროდ, სულ ეს იყო, რისი გაგებაც მოვასწარი, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ესტონელებს პეკინი არ მოეწონათ და სხვაგან წასვლა გადაწყვიტეს, მე კი რაგნართან დამშვიდობება მომიწია.

 

 

პეკინზე გასეირნებამ, ესტონელებზე დადებითად ვერ იმოქმედა, მატჩი ქართველებმა 2:0 მოიგეს.

 

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner