logo_geo
eng_logo
45 შეხვედრა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
- +

13 მარტი. 2020. 16:32

 

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად თანხები ყველა მუნიციპალიტეტს გამოეყო. საქართველოს მთავრობის #2752 განკარგულებით, საჩხერის მუნიციპალიტეტს 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის გამოეყო 672 000 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, თანადაფინანსებით ამას ემატება კიდევ 69 500 ლარი. სულ სოფლის მხარდაჭერისთვის 2020 წელს დაიხარჯება 741 500 ლარი.

 

სოფლის პროგრამის უპირატესობა, გარდა იმისა რომ ის სოფლის აღორძინებას უწყობს ხელს და მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაზე ზრუნავს, კიდევ ის არის რომ ამ პროცესებში მოქალაქეები უშუალოდ არიან ჩართულნი. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად და ამას მარტივი, გამჭვირვალე გზით აკეთებენ. ამის მაგალითად გამოდგება ის ფაქტიც, რომ 2020 წლის თებერვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მათი მოადგილეები კობა ქიმაძე, ერეკლე ჩხიკვაძე, საკრებულოსა და მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურებისა და კომისიების ხელმძღვანელები, სოფლის წარმომადგენლები და სხვა კომპეტენტური პირები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იმყოფებოდნენ. სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სახით გაიმართა. ადგილობრივებმა კენჭი სასურველ პროექტს უყარეს. საბოლოოდ კი მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა სასურველი პროექტი.

 

მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის 2020 წლის თებერვლის თვეში სულ შედგა 45 შეხვედრა. დასახელებული ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან გამოიკვეთა შემდეგი სახეობის პროექტები: წყალმომარაგების სისტემებისა და ქსელების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა, დასასვენებელი სკვერების კეთილმოწყობა, საუბნო გზების მშენებლობა, საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, გაბიონებისა და დამცავი ჯებირების მშენებლობა, გარე განათებების მოწყობა, სპორტული მოედნების მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა, სათამაშო ატრაქციონების შეძენა და სხვა. თითოეული ჩამოთვლილი პროექტი კონკრეტულ სოფელშია გათვალისწინებული.

 

პრიორიტეტული პროექტების დასახელების გარდა, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან უშუალოდ ესაუბრა და თავიანთი პრობლემები თუ სასურველი თემები განეხილა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. 2009-2011წწ. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო. 2012 წლიდან ამ თანხამ 50 მილიონი შეადგინა. პროგრამა 2016 წელს შეჩერდა, თუმცა, მოქმედება 2019 წლიდან კვლავ განაგრძო და დღემდე წარმატებით ხორციელდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner