logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ჟორჟ ანენკოვს დამსახურებულად უწოდეს ლევ ტროცკის პირადი დიზაინერი და რევოლუციის მოდელიერი, რადგან...
- +

23 ივლისი. 2019. 15:12

 

ჟორჟ (იური) ანენკოვს დამსახურებულად უწოდეს ლევ ტროცკის პირადი დიზაინერი და რევოლუციის მოდელიერი, რადგან მან შექმნა ბელადის სამოსი, რომელიც მანამდე უცნობი იყო მსოფლიო რევოლუციური მოძრაობისთვის.

 

აქვე გეტყვით, რომ მოდის სამყაროში თავად ლევ ტროცკის მე-20 საუკუნის „power dressing“-ის (ანუ „ძალოვანი სამოსის“) ფუძემდებელს უწოდებენ.

 

დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე უნიკალურ ფოტოს და გრაფიკას, რომლებიც 2017 წლამდე მხოლოდ პირად არქივში ინახებოდა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1917 წელს იური ანენკოვი იმყოფებოდა რევოლუციური სურნელით გაჟღენთილ პეტროგრადში. მხატვარმა, რომელსაც მწევრის ყნოსვა ჰქონდა, ეგრევე აუღო ალღო სიტუაციას და რევოლუციური ხელოვნების შექმნის მზადყოფნა გამოსთქვა. სწორედ მაშინ გაიგო იურამ ლევ ტროცკის სახელი და ისიც, რომ ბელადი კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, უყვარდა პიკასო და არ სწყალობდა მატისს, იყო არტისტული, ეშმაკი, ცივსისხლიანი და დაუნდობელი ტირანი. რაკი ტროცკი ნანახი არ ჰყავდა, რატომღაც ეგონა, რომ იგი იქნებოდა კომიკურობამდე დაბალი და „მინიატურული“ ტიპი, რომელსაც „მენშევიკსაც“ სწორედ მაგიტომ ეძახდნენ... ჰოი, უგუნურობავ! მოკლედ, სანამ ტროცკის პირველად შეხვდებოდა, ანენკოვი ელოდებოდა, რომ კაბინეტში დახვდებოდა ბოროტი ინტელექტუალი გნომი, როგორც ზოგიერთი ამბობს - ლილიპუტინი... არადა, მას შეხვდა ენერგიული, საკმაო სიმაღლის, კარგი აღნაგობის და კარგად ჩაცმული კაცი.

 

პორტრეტის დახატვამდე იური ანენკოვმა და ლევ ტროცკიმ ფოტო გადაიღეს, რომელსაც (მომავალში) მხატვარი მუდამ თან ატარება, ვაითუ დამჭირდესო და ფოტომ მართლაც ბევრჯერ „უშველა“...

 

თავად იგონებს, რომ ჩამოჯდა და დაიწყო ფანქრით მუშაობა, უფრო მეტად კი ენას ამუშავებდა, რათა „მოდელი“ მოდუნებულიყო და თავადაც „აეშვა“ ენა... ტროცკი იგონებდა პარიზს, გალერეებს, ბულვარებს, მენატურეებს...

 

მოკლედ, ბოლოს და ბოლოს შეიქმნა „წითელი ბონაპარტის“ რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა საფუძველზეც უნდა შექმნილიყო ლევ ტროცკის ფერწერული პორტრეტი.

 

აი, სწორედ მაშინ უკითხავს ლევ დავიდოვიჩს, კი მარა, რა მეცმევაო... და 1923 წელს შეიქმნა მსოფლიო რევოლუციის ლიდერის ლევ ტროცკის პორტრეტი „უცნაურ“ პალტოში, რომელიც კერძო კოლექციაში იყო დაცული.

 

იმ პერიოდში ტროცკი ატარებდა ფრენჩს, გიმნასტურას, გალიფეს და „ფურაჟკას“ ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. მის ჩაცმულობას ვერ უწოდებდი ვერც სამხედრო და ვერც სამოქალაქო სამოსს. იგი ატარებდა შერეული სტილის ტანსაცმელს და უპირატესობას ანიჭებდა შავი, წითელი და ყავისფერი ტყავის კომპლექტებს, ქურთუკებსა და ბრიჯებს... მის დაცვასაც კი ერთნაირი, წითელი, ანუ სისხლიანი რევოლუციის ფერის ტყავის ფორმები ეცვა, რათა შთამბეჭდავი ყოფილიყო.

 

ტროცკი იყო მსოფლიო რევოლუციის ლიდერი, მსოფლიო მასშტაბის ბელადი, ამიტომ იური ანენკოვი იმწამსვე მიხვდა ტროცკის ჩანაფიქრს და იქვე მოხაზა მისი კოსტიუმის მოდელი - წვიმაგაუმტარი პალტო-ლაბადა, მაღალი საყელოთი, ნაკეცებით, გულმკერდზე დიდი ჯიბეებით. ტყავის ხელთათმანებით, შოფრული და ძალზე ეფექტური კრაგებით, ჩექმებით და „ფურაჟკით“, ზედ დამაგრებული საავტომობილო სათვალით და არა წითელი ვარსკვლავით... პალტო-პლაშჩის ზევიდან მოჩანდა ამუნიციის გადაჯვარედინებული ქამრები, პლანშეტი და „კაბურა“. ანენკოვმა ერთმანეთს შეურწყა ოფიცრის და „შოფრის“ პეწი და შნოიანობა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი სამხედრო ატრიბუტიკა... რაც მთავარია, ლევ ტროცკის ძალიან მოეწონა ანენკოვის კოსტიუმიც და პორტრეტიც.

 

იური ანენკოვის „ლევ ტროცკი“, რომელზეც ბელადი დიზაინერის საავტორო კოსტიუმშია გამოწყობილი, ვენეციის ბიენალედან რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ მალევე დაიკარგა, დარჩა მისი რამდენიმე ფოტო, რომლებსაც დღეს გთავაზობთ. ასევე გთავაზობთ ანენკოვის და ტროცკის ფოტოს, რომელიც მხატვრის გარდაცვალებამდე მის კერძო არქივში ინახებოდა და 2017 წელს პირველად გამოქვეყნდა.

 

აქვე გთავაზობთ ანენკოვის სხვა ბელადებს, მათ შორის სტალინს, ლენინს და ამ უკანასკნელის უკანასკნელ - უკვე დაავადებულ - სახეს, რომელიც ბევრზე მეტყველებს.

 

1924 წელს იური ანენკოვი საფრანგეთში ემიგრირდა და უკვე ჟორჟად წოდებული მალევე გახდა არა მხოლოდ სახელოვანი მხატვარი, არამედ ცნობილი მოდელიერი, რომელმაც არაერთი წარმატებული კოსტიუმი შექმნა თეატრისა და კინემატოგრაფისთვის.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220046869541823

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner