logo_geo
eng_logo
„როცა ხუმრობა მსურს, ვამბობ სიმართლეს და ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში”...
- +

26 ივლისი. 2019. 22:57

 

„მეგონა, ერთ რუს მუშას ვნახავდი, სინამდვილეში კი ქართველი ჯენტლმენი შემხვდა... მას კარგი იუმორი აქვს...“

ეს სიტყვები ჩვენს დღევანდელ იუბილარს ეკუთვნის, რომელიც 1931 წელს მოსკოვში ჩავიდა და სტალინს შეხვდა... ყველაფერი კი ასე დაიწყო...

1931 წელს 75 წლის ბერნარდ შოუ და ბრიტანეთის დელეგაციის სხვა წევრები, მათ შორის პარლამენტის წევრი ლედი ნენსი ასტორი, რომელიც წარმოშობით ამერიკელი და ცნობილი რუსოფობი იყო, სსრკ-ს ეწვივნენ, 9 დღე დარჩნენ მოსკოვში და სასტუმრო „მეტროპოლში“ დაბინავდნენ. ჩასვლისთანავე მავზოლეუმში წავიდნენ და „მწოლიარე“ ლენინი მოინახულეს. მწერალმა საქები სიტყვებიც არ დაიშურა, ნახეთ, რა წმინდა ინტელექტუალის სახე აქვსო, თქვა და... „ლენინიდან“ ყრილობათა სასახლეში მივიდნენ. სრულიად რუსეთზე, ლენინ-სტალინზე და ბერნარდზე გაბრაზებულმა ლედი ასტორმა შესვლისთანავე აკუსტიკის შემოწმება მოითხოვა, მიკროფონთან მივიდა, არისტოკრატიული კდემამოსილება სკამზე დასტოვა და ხმამაღლა ჩასძახა: „მე ვარ კონსერვატორი, მე კაპიტალისტი ვარ და ვეწინააღმდეგები კომუნიზმს. მიმაჩნია, რომ ყველა თქვენგანი საშინელებაა“. რუსებმა მისი ნათქვამი ვერც გაიგეს, ვერც მოთარგმნეს და, როგორც ბატონი ნუგზარი ამბობს ხოლმე, კუკურის უხმეს, რათა მასთან ერთად გადაეტყავებინათ ხელები - ტაშის კვრით, რასაკვირველია...

მერე ბერნარდ შოუ და ლედი ასტორი მწერლებს და გამომცემლებს შეხვდნენ და ბანკეტიც გაიმართა. შოუმ თქვა, მწერლები თავისუფლად ვერ ილაპარაკებენ გამომცემლების თანდასწრებით, რადგან გამომცემლები, როგორც წესი, კარგი ბიზნესმენები არიან და ექსპლუატაციას უწევენ მწერლებს, რომლებიც, როგორც წესი, ბიზნესმენები არ არიანო... ლუნაჩარსკიმ ვერ მოითინა და ჩვენთან მასე არ ხდებაო, უპასუხა... შოუმ კვლავ განაგრძო, კარგი, მაშინ აქ ჩამოვსახლდები და აქ ვიცხოვრებო. ახლა ლედი ასტორს მოუნდა რამე გესლიანის თქმა და „არისტოკრატიულად“ განაცხადა, საბჭოთა მწერლები არ არიან ისე თავისუფალნი, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშიო და... ამ დროს შოუმ შეაწყვეტინა, სამაგიეროდ, ისინი დემოკრატიის ილუზიებისგან თავისუფლები არიანო... ლედი ასტორი არაარისტოკრატიულად „გაგიჟდა“, უკვე ყვიროდა, მე თავისუფლად შემიძლია, რომ სახლი მოახლეებს დავუტოვო და თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდე, თქვენ კი... და ამ დროს რადეკმა შეაწყვეტინა, მადამ, თქვენ ნამდვილად ხართ თავისუფალი, მაგრამ თქვენი მოახლეებიო?! მოკლედ, ეს პოლიტიკურ-არადიპლომატიური პინგ-პონგი დიდხანს აღარ გაგრძელებულა... ამის მერე ბერნარდ შოუ და ლედი ასტორი გორკის, სტანისლავსკის და კრუპსკაიას შეხვდნენ და... აი, მაშინ კი დადნა უდნობი „რკინის“ ლედი ასტორი და აღიარა, რომ შთამბეჭდავ ხალხს შეხვდა.

ვიზიტის ბოლო დღეს ბერნარდ შოუ შეხვდა სტალინს. როგორც წესი, სტალინი უცხოელებს 20 წუთზე მეტ დროს არ უთმობდა. მაგრამ შოუს შემთხვევაში „წესი“ დაარღვია და ორი საათი და ოცი წუთი დაუთმო მწერალს. იწერება, რომ ბერნარდ შოუმ და სტალინმა ისაუბრეს არა რუსეთზე, არამედ კრომველზე, ჩემბერლენზე და ჩერჩილზე. ცნობილი ფაქტია, რომ სტალინს ძალიან მოსწონდა ლორდი ოლივერ კრომველი და ხშირად ციტირებდა ხოლმე მის სიტყვებს: „ღმერთს მიენდე, მაგრამ დენთი მშრალად შეინახეო“...

იქიდან გამოსულ ბერნარდ შოუს ჟურნალისტებმა გასაქანი არ მისცეს, მან კი მშვიდად და ჩვეული იუმორით უპასუხა, საოცარ ინფორმაციას მოგაწვდით სტალინზე, ბელადს შავი ულვაშები აქვსო... ჟურნალისტები მაინც არ ეშვებოდნენ, ცდილობდნენ, მწერალს რაიმე ნეგატიური მაინც ეთქვა საბჭოთა რუსეთზე, მაგრამ შოუმ უკანასკნელი შოუ მოაწყო რუსეთში და ჟურნალისტების კოვზი აგუზგუზებულ ცეცხლში ჩააგდო. აი, სწორედ მაშინ გაისმა ბერნარდ შოუს ყველაზე ცნობილი ფრთიანი ფრაზები სტალინის შესახებ:

სტალინი ძალზე სასიამოვნო ადამიანი და მუშათა კლასის ჭეშმარიტი ლიდერია... სტალინი – გიგანტია, ხოლო ყველა დასავლელი მოღვაწე – პიგმეები.“

კიდევ კარგი, ეს სიტყვები „რუსეთუმე“ ბერნარდ შოუმ თქვა, თორემ რა გაუძლებდა თავის მართლებას...

ჰოოოდააა))) ბერნარდ შოუ იყო არა მხოლოდ უდიდესი დრამატურგი, არამედ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის უკიდურესად გავლენიანი ინტელექტუალი. ამასთან, ვერ მიხვდებოდი, როდის იყო სერიოზული და როდის ოინბაზობდა. მაგალითად, ერთხელ ლონდონის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა ჰკითხა, დღეს ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფო მოღვაწედო, რაზედაც მწერალმა უპასუხა, დღეს მსოფლიოში ცხოვრობს სამი გიგანტი: უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, სახელად იოსებ სტალინი, უდიდესი მათემატიკოსი, სახელად აინშტაინი, და უდიდესი დრამატურგი... თავმდაბლობის გამო თავს შევიკავებ მისი სახელის დასახელებისგანო...

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ სტალინით აღტაცება, ჩემი მოკრძალებული აზრით, მხოლოდ მოჩვენებითი იყო, რადგან ბერნარდ შოუს წერილებსა და პიესებს თუ გავიხსენებთ, ფაქტია, რომ იგი უზომო სითამამით იცავდა თავის ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას, სძაგდა ულმობლობა და სისასტიკე და მიწასთან ასწორებდა და აცამტვერებდა პროპაგანდას... თუმცა... ის სიტყვები, რომელიც მან სტალინზე თქვა, ისიც ხომ იმავე პროპაგანდის შედეგი იყო, რომელიც მას ასე სძულდა?! ცოტა დავიბენი... მოგვიანებით ბერნარდ შოუმ ყველაზე და ყველაფერზე შეიცვალა აზრი, გარდა სტალინისა... ვერაფერმა შეარყია მისი რწმენა სტალინის გენიოსობის მიმართ...

რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა ფენომენი იყო სტალინი, ან თუნდაც ბერნარდ შოუ? ნუთუ ეს შოუს ერთგვარი, ქვეცნობიერი შიში იყო? და რატომ უნდა შინებოდა დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომს საბჭოთა დიქტატორის?

პასუხი არ მაქვს, ამიტომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია...

მიმაჩნია, რომ იმის ახსნა, რატომ მოსწონდა ან მოსწონდა თუ არა ბერნარდ შოუს სტალინი, საიდუმლოდ დარჩება. და ამ სტატუსს კვლავ დიდი მწერლის სიტყვებით დავასრულებ: „როცა ხუმრობა მსურს, ვამბობ სიმართლეს და ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner