logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: მეტი რაღა ბედი გინდა, როდესაც ორი ბუმბერაზის შთამომავალი ხარ!
- +

31 ივლისი. 2019. 23:20

 

 

„...იყავ ვარსკვლავი და იკაშკაშე! მაგრამ თუკი მაყურებლის აღფრთოვანება და მადლიერება დაგათრობს... სადმე კუთხეში განმარტოვდი, ჩემი წერილი წაიკითხე და ყური მიუგდე შენს გულის ხმას! მე მამა ვარ შენი, ჯერალდინა! მე ჩარლი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!“

 

 

1944 წლის 31 ივლისს კალიფორნიის ულამაზეს სანტა-მონიკაში დაიბადა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, გენიალური ჩარლი ჩაპლინის და ულამაზესი უნა ო’ნილის ქალიშვილი, ამერიკელი ნობელიანტი და ორჯერ პულიტცერის პრემიის ლაურეატი დრამატურგის – იუჯინ ო' ნილის შვილიშვილი, ამერიკული წარმომავლობის ინგლისელი მსახიობი ჯერალდინა ჩაპლინი, რომელიც, უმეტესწილად, ესპანურენოვან ფილმებში თამაშობდა, ოღონდ პირველი ქმრის „ხათრიზა“... ისე, რა კარგია, როდესაც აშშ-ში დაიბადები, შვეიცარიაში ისწავლი, მერე ჯერ ესპანეთში გათხოვდები, მერე ჩილეში და მაინც ინგლისელ მსახიობად ითვლები და აშშ-ში ცხოვრობ... ბედი უნდა „ყოლისფერს“... თუმცა მეტი რაღა ბედი გინდა, როდესაც ორი ბუმბერაზის შთამომავალი ხარ.! (ეს ბოლო ფრაზა თეთრი შურით მაქვს დაწერილი)... რასაკვირველია, ვხუმრობ...

 

 

თავად ჯერალდინა წერს, მე - მხოლოდ ქალიშვილი ვარ, ჩარლი ჩაპლინის საცოდავი აჩრდილი... ჩარლის შვილობა მძიმე არა, მაგრამ საპასუხისმგებლოა“...

 

 

ჯერალდინა ჩაპლინი მიეკუთვნება იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს, რომლებიც არ ხმარობენ მაკიაჟს, არ სცნობენ პლასტიკურ ოპერაციებს, არ ეშინიათ სიბერის, ნაოჭების და „შეუკმაზავი“ სახის, თუნდაც ულამაზოდ გამოიყურებოდნენ და მაინც ყველაზე შარმიანები არიან, როგორც ყველა ჭეშმარიტი არისტოკრატი... კიდევ ერთი... ჯერალდინას უყვარს ბებიების როლის თამაში და ამბობს, რომ ამაში სწორედ მისი ნაოჭები ეხმარებიან... მოკლედ, რომ დავაკვირდი, ჯერალდინა ცდილობს ჩვენს ლეგენდარულ „ბებიას“ - სესილია თაყაიშვილს დაემსგავსოს, მაგრამ ახლავე და აქედანვე ვუთვლი მას, რომ გაუჭირდება... სესილია იყო ერთადერთი და განუმეორებელი...

 

 

ჯერალდინამ დაწყებითი განათლება შვეიცარიაში მიიღო. 8 წლისა იყო, როდესაც - არც მეტი, არც ნაკლები - პირდაპირ მამა ჩარლის „რამპის ჩირაღდნებში“ ითამაშა. ეხუმრები ასეთ დებიუტს.! მერე ბალეტის სამეფო სკოლა დაამთავრა ლონდონში და პარიზის სცენაზე ცეკვავდა. შემდეგ დაიწყო მისი კინოკარიერა და დიდი რეჟისორების ფილმებშიც ითამაშა, მათ შორის იყო: „დოქტორი ჟივაგო“, „ჯეინ ეარი“, „ჩაპლინი“, „ოდისევსი“... სულ 140-მდე ფილმში გადაიღეს და ბევრ მათგანში მართლაც დაუვიწყარი სახე შექმნა, მათ შორის დედა ტერეზას სახე ფილმში „დედა ტერეზაЖ ღვთის გლახაკთა სახელით“ და საოცარ ფილმში „ჩემი სევდიანი მეძავების გახსენების ჟამს“, რომელიც მარკესის მიხედვით გადაიღეს. ერთ-ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერალდინა იხსენებს, როგორ იყვნენ ის და უდიდესი გაბრიელ გარსია მარკესი კანის ფესტივალის ჟიურის წევრები და რამდენი საინტერესო რამ ისწავლა მისგან.

 

 

ამ სტატუსს კვლავ ჯერალდინა ჩაპლინის ლეგენდარული მამის წერილიდან ამოღებული სიტყვებით დავასრულებ:

 

 

ჩარლი უკვე მოხუცია ჯერალდინა1 დროდადრო სარკეში ჩაიხედე და იქ ჩემს ნაკვთებს დაინახავ... ანგელოზი არა ვარ, მაგრამ მუდამ ვისწრაფვოდი, ადამიანი ვყოფილიყავი.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner