logo_geo
eng_logo
1893 წელს იესე ანდრონიკაშვილი დაიბადა
- +

23 აგვისტო. 2019. 17:20

 

„Меня пленил твой голос нежный, твой гордый стих.

Я уловил огонь мятежный в словах твоих....

Ты нижешь жемчуг на шелк крученый, ты бьешь хрусталь.

Меня влечет твой стих точеный куда-то вдаль.“

 

ჩვენი დღევანდელი იუბილარი 20 წლისა იყო, როდესაც ეს ლექსი გენიალურ ანნა ახმატოვას მიუძღვნა, რომელშიც უგონოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული.

 

1893 წელს თბილისში დაიბადა მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება, ბევრისთვის უცნობი პოეტი და ძალზე ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი - თავადი იესე ანდრონიკაშვილი. მისი მამა გახლდათ ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი, რომელიც 1902-1916 წლებში ქ. ბათუმის თავი იყო და მეუღლესთან - ლიდია პლეშჩეევასთან ერთად სამ შვილს ზრდიდა, მათ შორის ქართველებისთვის კარგად ცნობილ სალომე(ა) და მარიამ ანდრონიკაშვილებს. ოჯახს ჰქონდა საგვარეულო მამული კახეთში და სახლი თბილისში, ათარბეგოვის ქ. N.43ბ-ში, სადაც იესემ და მისმა დებმა მთელი ბავშვობა გაატარეს.

 

ბათუმის გიმნაზიის შემდგომ, იესე ანდრონიკაშვილმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და ელენე ვახტერზე დაქორწინა, რომელთანაც ვაჟი - კონსტანტინე შეეძინა. 1918 წელს იგი ჩავიდა თბილისში, სადაც უკვე დაძაბული სიტუაცია სუფევდა, ამიტომ ლიდია და ნიკოლოზი ამერიკული ნაღმმზიდის მეშვეობით ჯერ ყირიმში, იქიდან კი პარიზში ჩავიდნენ, იესე კი თბილისში დარჩა და ეკონომისტად დაიწყო მუშაობა.

 

1921 წელს იესე ანდრონიკაშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოში შეჭრილი წითელი არმიის წინააღმდეგ. იგი დააპატიმრეს და 7 თვე მეტეხის ციხეში იჯდა. ციხიდან გამოსული იესე მოსკოვში დაბრუნდა, წერდა ლექსებსა და წერილებს, რომლებსაც თბილისში დარჩენილ დედას უგზავნიდა. 1926 წელს იესე კვლავ დააპატიმრეს, უცხოელებთან კონტრრევოლუციური კავშირების ბრალდებით, მაგრამ 1 წელიწადში გამოუშვეს და უცოლოდ დარჩენილი ქართველი მალევე დაქორწინდა ნინა კინდზე, რომელიც თეატრის მსახიობი და მოცეკვავე იყო. ცოლს იესემაც აუბა მხარი და თანამედროვე ცეკვების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, თან რეჟისორობაც სცადა. 1931 წელს იესე კვლავ აიყვანეს პატიმრობაში, იმჯერად შპიონაჟის ბრალდებით. ერთ-ერთი ვერსიით, დაპატიმრება უკავშირდებოდა მისი დის - სალომეას მიერ საფრანგეთიდან გამოგზავნილ წერილს, რომელიც ვიღაც ფრანგმა ჟურნალისტმა ჩაუტანა მოსკოვში. ბოლო დაპატიმრება საბედისწერო აღმოჩნდა იესესთვის. მან მრავალი ქალაქის საპატიმრო ადგილი „მოიარა“, მალარიის გამო ღვიძლიც დაუავადდა და ბოლოს ე.წ. სალავკიში აღმოჩნდა, სადაც სალავეცკის თეატრის უშტატო რეჟისორადაც მუშაობდა.

 

1937 წელს იესე ანდრონიკაშვილი დახვრიტეს.

 

1966 წელს იესეს მიერ გამოგზავნილი წერილები, რომანი და ლექსები მისმა დედამ თბილისში ჩასულ იესეს ვაჟს - კონსტანტინე ანდრონიკოვს გადასცა. იგი ფრანგი დიპლომატი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და მთარგმნელია. 2009 წელს იესე ანდრონიკაშვილის შვილიშვილმა - მარკ ანდრონიკოვმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, სანქტ-პეტერბურგში, ჟურნალ „ზვეზდაში“ დაბეჭდა ბაბუის წერილები და ლექსები, სათაურით: „უბრალოდ მივდიოდი, არც კი ვიცი, საით...“, ხოლო 2012 წელს იმავე ჟურნალში დაიბეჭდა იესე ანდრონიკაშვილის რომანი „ალიოშკა“, რომელიც იწყება მთავარი პერსონაჟის ალიოშკას სიკვდილით. ამ პერსონაჟის ბუნებაში იესე ანდრონიკაშვილმა მოაქცია მეუღლის, დებისა და შვილის საუკეთესო თვისებები და იმგვარად გამოხტა დიდი მონატრება საყვარელი ადამიანების მიმართ. რაც შეეხება თავად იესეს, მას რომანში განასახიერებს კიდევ ერთი პერსონაჟი - დიმა, რომელიც რომანის ყველა გმირს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220320535383298

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner