logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1954 წლის 1 სექტემბერს თამაზ კაკაბაძე - „კაკაჩა“ დაიბადა
- +

1 სექტემბერი. 2019. 16:41

 

1954 წლის 1 სექტემბერს თბილისში დაიბადა ჩვენი თანამედროვეობის ერთ–ერთი უნიჭიერესი, ყველასგან გამორჩეული და სათანადოდ არდაფასებული მხატვარი თამაზ კაკაბაძე, რომელსაც ყველა „კაკაჩას“ სახელით იცნობდა და ასევე შემორჩა ქართულ სახელოვნებო ისტორიას.

 

კაკაჩა მტაცებელი ფრინველის სახეობაა, არადა, ჩემი მეგობარი „კაკაჩა“, ეს „უშნოდ“ სიმპათიური კაცი, ყველაფერი იყო, მტაცებლის გარდა, პირიქით, სულსა და გულს გაიღებდა და სამაგიეროს არასოდეს ითხოვდა. ხშირად მყიდველები უფრო იყვნენ „მტაცებლები“, რომლებიც მისი „სუსტი“ ბუნებით, ან სულაც, სიმთვრალით სარგებლობდნენ და საუკეთესო ნამუშევრებს კაპიკებად იძენდნენ. ხანდახან (და უფრო ხშირად) „კაკაჩას“ მატერიალურადაც უჭირდა, მაგრამ თუ შეატყობდა, ვინმეს მისი ნახატი მოსწონდა, მზად იყო, ეჩუქებინა, ან სიმბოლურ ფასად მიეცა და ასეც იქცეოდა.

 

სულ ვტრაბახობ, რომ საქართველოში „კაკაჩას“ ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია მე მაქვს – 27 ფერწერული ტილო და 15 გრაფიკული ნამუშევარი. არ იფიქროთ, მისი სიკეთით ვსარგებლობდი და ნახატებს „ვიტაცებდი“, ვინც მიცნობს, ამას არასოდეს დაიჯერებს.

 

ჩემი კოლექციიდან ზოგიერთი ნამუშევარი ნაჩუქარია, ზოგიც შეძენილი. „კაკაჩას“ ვატყუებდი ხოლმე, უცხოელებს მოეწონათ-მეთქი და ისე ვყიდულობდი მის საოცრებებს... ჩემს კედელზე რომ ნახავდა, გიჟდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა... ადგებოდა და ახალ ნახატს მჩუქნიდა... ასე დამიგროვდა უზარმაზარი კოლექცია, რომელიც ჩემთვის ძალზე ძვირფასია. მახსოვს, ვინ აღარ მოდიოდა, მოგვყიდეო, მაგრამ თავში აზრადაც არ მომსვლია, რომელიმე გამემეტებინა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მეც მჭირდებოდა თანხა...

 

ვინმემ რომ თქვას, „კაკაჩას“ საკუთარი სტილი ჰქონდაო, ეს იგივეა, არაფერი თქვას. არა მხოლოდ სტილი, საღებავიც კი, რომლითაც ჭეშმარიტ შედევრებს ქმნიდა, „კაკაჩას“ გამოგონილ–შეზავებული იყო. გამორიცხულია, „კაკაჩას“ ნახატები, მისი ფერები, მისი სახლუკები, კაცის ფიგურები და ხეები ვინმეს ნამუშევრებში შეგშლოდა. დღესაც კი, ნიძლავს დავდებ, რომ მილიონ ნახატში ამოვიცნობ მის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ხელწერას. „კაკაჩა“ იყო ერთი და განუმეორებელი და დღესაც ასეა...

 

ნეტა იცოდეთ, რამდენჯერ შევსწრებივარ „კაკაჩას“ მიერ შედევრების შექმნის პროცესს. ვიცოდი, ჩემს წინ ზენიჭით დაჯილდოებული ოსტატი იდგა და ისიც ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულის მოწმე და მონაწილე უნდა გავმხდარიყავი. თავად არასოდეს დამიხატავს, მაგრამ ხანდახან (ძალიან იშვიათად), თუ რაიმეს ვურჩევდი, მეტყოდა, შენგან მაგარი მხატვარი დადგებოდაო...

 

ერთხელ მივედი და ვხედავ, იატაკზე თეთრი გრუნტით დაფარული და უზარმაზარ ჩარჩოზე გადაკრული ტილო ედო, „კაკაჩა“ კი ჩაფიქრებული იჯდა, ტილოს დასჩერებოდა და... უცებ მეუბნება, მაიცა, შენი დაბადების დღე მოდის და მაგარ რამეს დაგიხატავო... აი, ასე შეიქმნა ეს შედევრალური „ყვავილები“... მალევე ჩემი ქეთი გათხოვდა და „კაკაჩას“ ვუთხარი, თუ არ გეწყინება, ამ ნახატს ვაჩუქებ-მეთქი. ეწყინა... თუ მაინცდამაინც ასეთი ყვავილები გინდა, ქეთის სხვას დავუხატავ, ამას ხელი არ ახლოო... აი, ასე შეიქმნა მეორე შედევრიც - „სააღდგომო თეფში ყვავილების ფონზე“.

 

„კაკაჩა“ უზომოდ მოკრძალებული, თავაზიანი, თავმდაბალი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, ყველა და ყველაფერი უყვარდა - საკუთარი თავის გარდა, რომელსაც არასოდეს ინდობდა... ამიტომაც წავიდა ძალიან ადრე, სულ რაღაც 42 წლის და უზომო სევდა დაგვიტოვა მეგობრებს.

 

და ბოლოს... ვინც იცნობდა - იცის, რომ „კაკაჩას“ არასოდეს არავის პორტრეტი დაუხატავს. ერთხელ ჩარჩოზე გადაკრული ტილო მივუტანე და ვთხოვე, ბიჭო, ლონდონში მივდივარ და იქნებ რამე დამიხატო-მეთქი. უცებ მეუბნება, არასოდეს არავის პორტრეტი დამიხატავს და მოდი, შენ დაგხატავ, რომ მოვკვდე, ერთი პორტრეტი მაინც დარჩებაო... რომ დახატა, ცხვირი არ მომეწონა... ეს რა არის, რას დამამსგავსე-მეთქი, ვუთხარი... ფოტოსურათი თუ გინდოდა, ატელიეში გადაგეღოო, მითხრა... მერე ცერა თითი აიღო და ჯერ ისევ სველ ნახატს ცხვირი წაუშალა... ლონდონიდან რომ ჩამოხვალ, თუ ცოცხალი ვიქენი, მერე მიგიხატავო, ჩაიბურდღუნა...

 

ლონდონში გაფრენის წინა დღეს სხვა, ჯერ კიდევ სველი ნახატით გამომეცხადა და მითხრა, ლონდონიდან რომ ჩამოხვალ, მე უკვე უსასრულობაში ვიქნები წასული, აი, შეხედე ამ ნახატს, ზუსტად ასეო... ნახატს რომ დავხედე, გამაჟრიალა... ჩემს წინ სასწაული იდო (იხ. მე-3 ფოტო)...

 

ასეც მოხდა... მე ლონდონში გავფრინდი, „კაკაჩა“ კი უსასრულობაში წავიდა... აი, ასე დამრჩა მისი „უცხვირო“ თეა და უსასრულობა...

 

თამაზ კაკაბაძე, ჩვენი „უშნოდ“ სიმპათიური „კაკაჩა“, გარდაიცვალა 1996 წელს. ასე მგონია, იქაც ვერ ისვენებს... რა გააჩერებს, ის ხომ „კაკაჩაა“...

 

„კაკაჩას“ წყალობით უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი და ქართველი მხატვარი გავიცანი, მათი ტილოებიც შევიძინე და დღეს ამით ვამაყობ. მადლობა მას, რომ იყო... მადლობა მას, რომ უამრავი, ყველასგან გამორჩეული ნახატი და გრაფიკული ნამუშევარი დაუტოვა მის უამრავ მეგობარსა და თაყვანისმცემელს - საქართველოში და საზღვრებს გარეთ. თამაზ კაკაბაძის ნამუშევრები საქართველოს და უცხოეთის არაერთ კერძო კოლექციაშია. მის სახელოსნოში ხშირად მიმყავდა ხოლმე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიების წარმომადგენლები, რომლებიც აუცილებლად იძენდნენ ერთ ან მეტ ნამუშევარს... გიჟდებოდნენ, ისე მოსწონდათ და დღესაც მწერენ და იხსენებენ საოცარ მხატვარს და მის ნამუშევრებს...

 

2011 წელს „გალერეა ბაიამ“ „კაკაჩას“ ნახატების გამოფენა და მისი კატალოგის პრეზენტაცია მოაწყო. ტრაბახით ვიტყვი, რომ ამ კატალოგში თითქმის მთელი ჩემი კოლექცია შევიდა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბაია წიქორიძეს, რომელმაც ძალზე თბილი და სამახსოვრო დღეები აჩუქა საქართველოს და „კაკაჩას“... დიახ, „კაკაჩასაც“, რადგან მას, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ, პირველად ეღირსა მაღალ დონეზე და დიდი გემოვნებით დაბეჭდილი კატალოგის გამოცემა, რისი წყალობითაც „კაკაჩას“ შედევრების ნახვას მრავალი თაობა შეძლებს.

 

ფოტოებზე წარმოგიდგენთ რამდენიმე ნახატს ჩემი და ჩემი ქეთის კოლექციიდან.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220395798664833

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner