logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დიდ ქართველ არქეოლოგს, ოთარ ლორთქიფანიძეს 89 წელი შეუსრულდებოდა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 21:07


89 წელი შეუსრულდებოდა დღეს, ოთარ ლორთქიფანიძეს - დიდ ქართველ არქეოლოგს, საქართველოს წარსულის, მისი მატერიალური კულტურის უთვალსაჩინოეს მკვლევარს, სამშობლოსა და ერის წინაშე ვალმოხდილ ადამიანს, კრისტალური პატიოსნების პიროვნებას.

 

საშუალო და უფროს თაობას უნდა ახსოვდეს თანამედროვე არგონავტების მოგზაურობა საქართველოში ამ 35 წლის წინათ. ტიმ სევერინის ჩამოსვლა მაშინ მოვლენად გადაიქცა.

 

ორგანიზაციული თვალსაზრისით ამ ექსპედიციის მთავარი მასპინძელი საქართველოს ტელერადიოს კოლექტივი გახლდათ. მაგრამ ტიმ სევერინის მოგზაურობის მეცნიერ-წინამძღოლი ბატონი ოთარი იყო და ბევრი კი ეცადა ცნობილი საბჭოთა მოგზაური, ცენტრალური ტელევიზიის პოპულარული წამყვანი იური სენკევიჩი წინა პლანზე წარმოეჩინა თავი, მაგრამ ოთარ ლორთქიფანიძის კომპეტენტურობამ, ავტორიტეტმა და პიროვნულმა ხიბლმა ისე მოაჯადოვა ექსპედიციის უცხოელი თუ საბჭოთა მონაწილენი რომ ტიმ სევერინს არავისკენ გახედვა აღარ უნდოდა...

 

ბატონი ოთარის ღვაწლის შესახებ უფრო მეტს ისაუბრებენ საქართველოში 2020, მის  საიუბილეო წელს . მაგრამ ყველაფერს აჯობებს, თუ სკოლის მსწავლეები, სტუდენტობა, მთელი ახალგაზრდობა ესტუმრება ვანს, მისი სახელობის მუხეუმს, ვანის არქეოლოგიურ გათხრებს და... აღივსება კანონიერი სიამაყის გრძნობით იმის გამო, თუ ეს რა სიმდიდრე გვქონია და რა უშრომიათ, რა ოფლი დაუღვრიათ ჩვენს არქეოლოგებს, ვანის მოსახლეობას, მეცნიერებათა აკადემიას. სწორედ მაშინ მთელი სიგრძე - სიგანით წარმოჩინდება რა დონის მეცნიერი და ბუმბერაზი მოქალაქე გახლდათ ოთარ ლორთქიფანიძე და რაოდენ სიბრძნე გამოიჩინა, როცა სხვა მოწაფეებთან ერთად თავისი საქმის გამგრძელებლად გამოზარდა საკუთარი ვაჟიშვილი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც უღირსეულესად აგრძელებს დიდი და სახელოვანი მამის გზას...

 

მე კი სღა დამრჩენია ვიამაყო იმთ, რომ ვიყავი, ვარ და მუდამ ვიქნები ამ მამა-შვილის უერთგულესი მეგობარი.

 

ზეციურ საქართველოში გაუმარჯოს დიდ ქართველ არქოლოგს, დიდ პატრიოტსა და მოქალაქეს აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს!

 

 

right_banner
არქივი
right_banner