logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: 1910 წლის 16 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა საოცარი ადამიანი და უდიდესი მსახიობი, გიორგი (ჟორა) შავგულიძე...
- +

20 ნოემბერი. 2019. 12:34

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღეს ბევრჯერ გაიხსენებენ გულთან ახლოს დაბუდებული ქართველი პოეტის, მიხეილ ქვლივიძის სიტყვებს - „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“... რომელიც მან დაწერა კონკრეტულ პიროვნებაზე, მაგრამ ეს სიტყვები გახდა განზოგადოებული, რადგანაც ნებისმიერი დიდი შემოქმედის კონკრეტულობას გააჩნია შესანიშნავი თვისება - ცოტა ხანში ზოგადი ხდება...

 

ბევრი ლამაზი კაცი დააკლდა თბილისს... მათ გარეშე ქალაქმა დაკარგა ხიბლი და პეწი...

 

მათ შორის, ამ ლექსის ავტორიც...

 

სწორედ ამ დღეს კი, 1910 წლის 16 ნოემბერს, ქუთაისში დაიბადა საოცარი ადამიანი და უდიდესი მსახიობი, გიორგი (ჟორა) შავგულიძე...

 

მისი ცხოვრება იყო როგორც ერთი მშვენიერი გაელვება...

შემთხვევით, მდინარეში ყვინთვის დროს, შეამჩნია დიდმა კოტე მარჯანიშვილმა... ეტყობა, ბებიაჩემი. ალექსანდრა როგორც იტყოდა - „კანჭებში ეტყობაო“, ისე...

 

თბილისში რომ გადავიდა სამუშაოდ, გიორგი თან წაიყვანა და ჰყვებიან, რომ ისე უყვარდა, რომ ყოველთვის ძალიან მკაცრიც კი, ჟორას დაგვიანებასაც კი პატიებდა...

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოვესწარი ბატონი გიორგის სცენაზე გამოსვლას... მისი გარდაცვალების შემდეგ, 2 წელიწადში დავიბადე მხოლოდ... ვისაც უნახავს, ყვებოდნენ, რომ შეუდარებელი იყო, რომ იმდენად დიდი ნიჭი ჰქონდა გარდასახვის, რომ ზოგჯერ სცენაზე მხოლოდ პროგრამით ცნობდნენ, რომელიც თეატრში რიგდებოდა, კულისების სუნი ასდიოდა და რომელშიც როლები, შემსრულებლები და მოკლე შინაარსი იყო ჩაწერილი...

 

ჩემი და უმცროსი თაობები გიორგი შავგულიძეს იცნობენ მხოლოდ ფილმებიდან... მან 17 ფილმში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთში - „დავით გურამიშვილში“ შეასრულა მთავარი როლი... თუმცა, ასე ითვლება, თორემ მისი ყველა როლი იყო მთავარი...

 

სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი ბატონი გიორგის თბილისის ქუჩებში სიარულს... ჰყვებიან, რომ როდესაც გამოჩნდებოდა, ქუჩები იცვლებოდა... იყო ახოვანი, მაღალი, ღიმილიანი, მოსიყვარულე...

 

საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა...

 

მახსოვს ერთი ისტორია, ჯემალიკო მომიყვა (თუ რამე დეტალები შემეშალა. მაპატიეთ)... თურმე, ომის დროს, მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა რაღაცა სპექტაკლი, რომელშიც შავგულიძე თამაშობდა თეთრგვარდიელს, ხოლო ვასო გოძიაშვილი - წითელარმიელს, რომელსაც გიორგის პერსონაჟი კლავდა პირველივე აქტის დასაწყისში... არადა ბატონ ვასოს მატარებელზე ეჩქარებოდა... იმავე დღეს გამოდიოდა სადღაც რაიონში და უთხოვია ჟორასთვის - კულისებთან ახლოს მომკალი და კულისებში გადავვარდებიო და წავალ ჩემს საქმეებზეო...

 

ჟორა დათანხმებია... დაიწყო სპექტაკლი და „ესროლა“ გოძიაშვილს შუა სცენაზე... რა უნდა ექნა ბატონ ვასოს, დაეცა...

 

შემდეგ, მოქმედებამ სხვაგან გადაინაცვლა და ბატონმა ვასომ დაიწყო, მძიმედ დაჭრილივით კულისებისკენ მოძრაობა... შავგულიძემ ეს შეამჩნია და ამას მოყვა შემდეგი იმპროვიზაცია - „კიდევ ცოცხალია ეს ძაღლი?“- წამოიყვირა ჟორამ და „წითელარმიელ“ გოძიაშვილს რამდენიმე ტყვია დაახალა... ამის შემდეგ ბატონი ვასო აღარ განძრეულა.

 

 

ჩემი ამბავი ხომ იცით, კაცში განსაკუთრებით მიყვარს ის, როდესაც კაცს განსაკუთრებით უყვარს ქალი... ეს ნიჭი ბევრ კაცს, სამწუხაროდ არ გააჩნია... კარგ კაცებსაც კი...

 

ბატონ გიორგის ერთხელ და სამუდამოდ შეუყვარდა შესანიშნავად მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი, ლიზა ვაჩნაძე... გიორგი მორიდებული კაცი იყო და დიდხანს მალავდა თავის გრძნობას...

 

ამ დროს, თეატრის სცენაზე გადიოდა სპექტაკლი „ყვარყვარე“, რომელშიც შეყვარებული ერასტისა და გულთამზეს როლს თამაშობდნენ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე...

 

ერთ-ერთ სცენაში, რომელშიც ყვარყვარეს თამაშობდა უშანგი ჩხეიძე, მას გულთამზე უნდა დაესვა მუხლებზე და მიალერსებოდა... თურმე გიორგი საშინლად განიცდიდა ამ სცენას. ის უნდა დალოდებოდა ყვარყვარეს რეპლიკას, მერე გავარდნილიყო და აქეთ-იქით მიეყარა გულთამზე და ყვარყვარე...

 

ჟორა არასდროს არ უცდიდა რეპლიკას და ისე უცებ გამოვარდებოდა ხოლმე სცენაზე, რომ უსაყვედურეს კიდევაც...

 

ჰყვებიან, რომ როცა უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზის სურათი იპოვა, რეპლიკასაც უცებ იძახდა და არც გულთამზეს აღარ „ეალერსებოდა“...

 

კიდევ ერთი ისტორია მიყვარს ძალიან...

 

ერთ-ერთ სპექტაკლში ქალების როლებს ასრულებდნენ ლიზა ვაჩნაძე და კოტე მარჯანიშვილის მეუღლე, ელენე ვაჩნაძე... ორივეს ერთნაირი კაბები ეცვათ და გიორგის შეეშალა... უკნიდან მიეპარა ლიზას ნაცვლად ელენეს და მოეხვია... საღამოს კოტემ ის დაიბარა... ჟორა დარცხვენილი იდგა მის წინაშე... კოტემ კი გაიღიმა და უთხრა - „რა იყო, ბიჭო, ვინც კი ვაჩნაძეა, ყველა შენი გგონიაო?.. ცოტაც მაცალე, მოსკოვში ვარ წასასვლელი, იქიდან რომ დავბრუნდები, დიდ ქორწილს გადაგიხდითო“..

 

სამწუხაროდ, არ დასცალდა... კოტე მარჯანიშვილი მოსკოვიდან აღარ დაბრუნებულა...

 

გიორგიმ და ლიზამ კი ხელი მოაწერეს...

 

მათ ძალიან უჭირდათ, ცხოვრობდნენ პატარა ნესტიან ოთახში... გადაიტანეს შვილის გარდაცვალება, მაგრამ შეინარჩუნეს საოცარი სიყვარული...

 

კაცი რომ მეუღლეს ასეთ სიტყვებს ჩაუწერს დღიურში - „როცა მოვკვდები და ამქვეყნად აღარ ვიქნები, იცოდე, რომ უეჭველად ფრინველად ვიქცევი. მე და პატარა ბეღურა ერთად მოგიკაკუნებთ, შენ სარკმელი გააღე და ხშირად მოგინახულებთ“...

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს...

 

ბატონი გიორგი უყვარდა ყველას...

 

მე ჩემი საკუთარი თეორია მაქვს, სავარაუდოდ, საკამათო ... ვფიქრობ, რომ როცა ვიღაცას ვიღაცის შურს, - ორივეს ბრალია...

 

არსებობს ხალხი, რომლის მიმართ შურის განცდა შეუძლებელია...

 

ბატონი გიორგი სწორედ ასეთი იყო...

 

ის გარდაიცვალა 49 წლის ასაკში... ტრაგიკულად...

 

რამდენი რამე ვერ მოასწრო და რამდენი რამე მოასწრო...

 

ძალიან დააკლდა ქალაქს, მაგრამ... დარჩა ჩვენს გულებში, როგორც მზის სხივი...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ბეღურებიან დღეს!

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner