logo_geo
eng_logo
სასიკვდილოდ დაჭრილ პოლიციელს პირველადი დახმარება რაულ თებიძემ და მიხეილ დილიმაშვილმა აღმოუჩინეს
- +

20 დეკემბერი. 2019. 01:07

 

პატრულ-ინსპექტორი ოთარ თავართქილაძე, რომელიც ბათუმში, გუშინ, ყელის არეში დაჭრეს, სიკვდილს შემთხვევით გამვლელმა, რაულ თებიძემ და აჭარის პოლიციის უფროსმა, მიხეილ დილიმაშვილმა გადაარჩინეს. 


ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად გუშინ, 18 დეკემბერს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც, ქვეითად მოძრავმა მოქალაქემ ეკოპაჟი გააჩერა. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ პირი დახმარებას ითხოვდა, თუმცა, 35 წლის მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ პოლიციელ ოთარ თავართქილაძეს, მოულოდნელად დანით, კისრის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. დამნაშავენ გაქცევა სცადა, მაგრამ დაშავებული პოლიციელის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე მას დაედევნა და დააკავა. მამაკაცმა დანით მეორე პოლიციელი, ფეხის არეში დაჭრა. 

 

ადგილზე გამვლელები შეიკრიბნენ და მათი უმრავლესობა აუღელვებლად ადევნებდა თვალს, როგორ ჰყავდა დაკავებული დამნაშავე ერთ პოლიციელს და მეორე, როგორ იცლებოდა სისხლისგან.  მხოლოდ შემთხვევითი გამვლელი რაულ თებიძე დაუფიქრებლად გადახტა ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე და დაჭრილი პოლიციელის დახმარებას შეეცადა.   

 

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს.  ის გაოგნებულია დანაშაულის შემსწრე საზოგადოების ურეაქციობით. 

 

რა მნიშვნელობა აქვს პატრული იყო თუ ვინმე სხვა? ხალხი იდგა და უბრალოდ უყურებდნენ, თითქოს კონცერტი ყოფილიყო. არავინ ცდილობდა ხელის შეშველებას. მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეჩერებინა სისხლდენა. ჩავსვათ მანქანაში და წავიყვანოთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, - დავიყვირე. სხვა შემთხვევაში აზრი აღარ ჰქონდა, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა დაიღუპებოდა ეს ბიჭი“, - ამბობს რაულ თებიძე.

 

რამდენიმე წუთში, ადგილზე აჭარის პოლიციის უფროსი მიხეილ დილიმაშვილი აღმოჩნდა და დაჭრილი  საავადმყოფოში ავტომობილით  გადაიყვანეს.

 

უკან ჩავსვით დაჭრილი და რაც შეიძლება ვუჭერდი არტერიაზე, რომ სისხლი შემეჩერებინა. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა - ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ, მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა. მე ხელოსანი ვარ, სამუშაოდან მოვდიოდი, იმ დროს მოხდა ეს ამბავი. ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში. ვხედავ, რომ ერთი პატრული გაქცეულს გაეკიდა და დააკავა, ეს ბიჭი კი ჩაიკეცა და შველას ითხოვდა. ხალხის მოქმედებამ გამაოგნა - იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იცლებოდა ადამიანი სისხლისგან. ეს არანაირ ადამიანობაში არ წერია, არ ვიცი რა დაგვემართა ამ ქართველებს, აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. მე რაც შემეძლო გავაკეთე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე“, - ამბობს რაულ თებიძე.

 

იგი ოპერაციის დასრულებამდე საავადმყოფოში იცდიდა. როცა ექიმებისგან შეიტყო, რომ ოთარ თავართქილაძემ, ოპერაცია გადაიტანა და გადარჩებაო, სახლში წავიდა. აჭარის პოლიციის უფროსმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მხოლოდ მაშინღა ჰკითხა გვარი და სახელი.



გამოსვლისას აჭარის პოლიციის უფროსმა მადლობა გადამიხადა პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახელი და გვარი მკითხა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ნორმალური ადამიანი, თუ გული აქვს, ასე უნდა იქცეოდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. მერე უფრო იმოქმედა ამ ყველაფერმა ადამიანურად“, - ამბობს რაულ თებიძე.

 

მომხდარის შესახებ „პრაიმტაიმს“  ოთარ თავართქილაძის მეწყვილე, პატრულ-ინსპექტორი ავთანდილ მჟავანაძესაც ესაუბრა. იმ დღეს ავტომობილს სწორედ ავთანდილი მართავდა.

 

ხელი დაგვიქნია მოქალაქემ. გავაჩერე მანქანა - ვიფიქრეთ, რაიმე დახმარება სჭირდებათქო. ჩემი მეწყვილე როგორც კი გადავიდა, ამ პიროვნებამ ეგრევე დანა დაარტყა კისერში ორჯერ. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან. ადგილზე მოვხერხე დაკავება, რა დროსაც მეც ფეხში დამარტყა დანა. ვყვიროდი დახმარებას, ჩემი მეწყვილე გონებას კარგავდა - დავუყვირე, რაციასთან მიდი და დახმარება მოითხოვეთქო. ფორთხვით მივიდა და მოასწრო შეტყობინება, თან უკვე ითიშებოდა. პირველად ვნახეთ ეს პიროვნება, მანამდე არასდროს გვქონია რაიმე შეხება მასთან. რატომ გააკეთა ეს, რატომ გვიმეტებდა სასიკვდილოდ, არ ვიცი. გამოძიება ყველაფერს გაარაკვევს“, - აცხადებს ავთანდილ მჟავანაძე. 

 

ბათუმში მომხდარ ინციდენტს შსს-ს  კიბერსპეციალისტი ირაკლი ზედგინიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იგი გამოჯანმრთელებას უსურვებს გმირ ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილის, ავთანდილ მჟავანაძისა და რიგითი მოქალაქის, რაულ თებიძის გმირობაზე საუბრობს.



ოთარი არის გმირი, რომელიც იცავს და აღმერთებს პოლიციის მუნდირს, რაზეც ამ ტექსტში ვისაუბრებ. ოთარს დღეს თავს დაესხნენ, ოთარი სამწუხაროდ სიცოცხლესთან ბრძოლა მოუწია, მას ჩვეულებისამებრ ერთ-ერთი სამუშაო დღე ჰქონდა, მის მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად, რა დროსაც მას, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნის(ე.პლოშადის) მიდებარედ მოქალაქემ ხელის აწევის საშუალებით სთხოვა გაჩერება, ავთომ და ოთარმა იფიქრეს რომ მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა, დაუყონებლივ გააჩერეს ავტომობილი, გაჩერებისთანავე, მოქალაქემ სწრაფი ტემპით მიირბინა ეკიპაჟის ავმტომობილთან და როდესაც ოთარმა დაიწყო გადმოსვლა, მოქალაქემ მაშინვე მჭრელი დანით მიაყენა ჭრილობა ყელის არეში. ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით 2-3 წამის ვადაში, რის შემდეგაც მოქალაქემ გაქცევა სცადა, მაგრამ ავთომ, ყოველგვარი დაბნევის გარეშე იმოქმედა და დაეწია დამნაშავეს.  მიუხედავად მისი დანით შეიარაღებულობის, არც კი უფიქრია ის რომ მისთვისაც არ მიეყენებინა დაზიანება და სასწაულმოქმედი ილეთით დამნაშავე ადგილზე გაანეიტრალა, ყოველგვარი გადამეტების ან იარაღის გამოყენების გარეშე , რასაც ნამდვილი პროფესიონალი თუ შეძლებდა.  ეს თუ არა, რა არის გმირობა?...

ოთარმა კი უკანასკნელი ძალები მოიკრობა რომ არ დაეკარგა გონება და მეწყვილე არ მიეტოვებინა , მივიდა რაციასთან და თავზარდამცემი ხმით გადმოსცა რომ დაჭრილი იყო და დახმარება ჭირდებოდა. და დაჭრილი ოთარი გაიმართა ავთოს დასახმარებლად, წარმოგიდგენიათ? ყელში დაჭრილი კიდევ სცდილობდა დახმარებას, თუნდაც მალევე წაიქცა, რადგან ძალიან მძიმედ ქონდა მიყენებული ჭრილობა. მეც ერთ-ერთი პირველი მივედი შემთხვევის ადგილას და დავინახე ეს საშინელი სურათი, იქ მისული სხვა ეკიპაჟები , ცდილობდენ არტერია გადაეკეტათ. ყველაფერი სისხლში იყო მოსვრილი, ირგვლივ რომ გავიხედე, დავინახე მოქალაქეების ბრბო, რომელიც უყურებდა ამ სურათს, მაგრამ არ ცდილობდა არანაირ და ელემენტარულ დახმარებას, თუნდაც სასწრაფოში დარეკვით.

 

ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ არ დალოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას, რადგან უცნობი იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა ბრიგადას მოსლისთვის. ოთარის სიცოცხლის წამები დათვლილი იყო, საჭესთან მიხეილ დილიმაშვილი დაჯდა, ასევე ავტომობილში ოთარს ჩაუჯდა ირაკლი იფშირაძე და ის გმირი მოქალაქე, რომლის ვინაობა სამწუხაროდ ცნობილი არ არის, მადლობა მინდა მოვახსენო იმ ერთადერთ მოქალაქეს, რომელიც არ მოეშვა დაჭრილ ოთარს, არტერიას საკუთარი ხელებით უჭერდა და საავადმყოფოშიც კი გაყვა“, - წერს ირაკლი ზედგინიძე.

 

მისივე ინფორმაციით, მიხეილ დილიმაშვილმა წარმოუდგენლად უსწრაფეს დროში მიიყვანა ოთარი საავაღმყოფოში. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

 

ეს დღე იყო ემოციური, ძალიან საშინელი და ამავე დროს ბედნიერი, რადგან დავინახე თუ რამხელა ურთიერთობაა თითოეულ პოლიციელში, მეწყვილეთა შორის უსიტყვო ურთიერთგაგება, სამსახურის იმიჯის დაცვა და ერთმანეთის სიყვარული. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე იმ მოქალაქეს, რომელმაც სხვებივით არ დაზოგა თავი და ჩაცმული სუფთა ტანსაცმელი რომლის სისხლში ამოსვრაც მოუწია. ოთარს კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, რათა, მალე შეძლოს კვლავ გააგრძელოს საზოგადოების სამსახურში ყოფნა. ის რომ არა, იმ ადგილას შესაძლებელია მოქალაქე შედარებით სუსტი აღმოჩენილიყო და გაცილებით რთული შედეგი დამდგარიყო ... მადლობას მოვახსენებ თითოეულ პოლიციელს, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ოთარის გადარჩებაში ... ასევე მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ექმის, ვინც ოთარის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძოდდა ყველა იმ ადამიანს, ვის გამოც დღეს ოთარი ცოცხალია, ყველნარი გმირები ხართ!“, - წერს ირაკლი ზედგინიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში, საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულის ძმის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა.

 

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner