logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გრუშეს რეპლიკა გამახსენდა - „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?!“
- +

22 იანვარი. 2020. 15:37

 

„ისევ ჩაიფსი, მიხეილ!“

***************************

 

ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობამ ჩაილურის წყალი დალია. სამარცხვინოდ. აი, რას ნიშნავს უმრავლესობის(!!!) ნება.

 

ამ ფონზე უსიამო ფიქრები წამოტივტივდა:

 

წარმოიდგინეთ, ახლა, ოთხმა ქართველმა დეპუტატმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ-ქალბატონს წერილი რომ მისწეროს და უსაყვედუროს, რას მიჰქარავთ, რა იმპიჩმენტი აგიტყდათო და ა.შ.

 

ანდა, სენატის სპიკერის სავარძელში მჯდომს: მიდით, კუდით ქვა ასროლინეთ მაგ კორუმპირებულ დემოკრატებსო და ა.შ.

 

მერე, აშშ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს: ეეეე, რაებს მიჰქარავენ ეს პუტინისტი კონგრესმენებიო და ა.შ...

 

რა სისულელეს წერო, - მაწყვეტინებს და მქაჩავს სახელოზე ჩემი კ უ კ უ რ ი, - ვინ ჰკითხავთ ქართველ დეპუტატებს „ბალი ორი შაურიაო“...

 

აბა, ისინი რომ სწერენ ხან კერძო, ხან კი კოლექტიურ წერილებს ჩვენებს და ტუქსავენ პატარა ბავშვებივითო? რატომ, რა უფლებით გელაპარაკებიან ასეთ ტონალობაში?

 

- ეგ აშშ არისო, - მიხსნის ყოვლისმცოდნე ჩემი კუკური, - ეგენი ფულს კი ხარჯავენ ჩვენზე, თავიანთი ინტერესის გამო, მაგრამ მაინც მაგათი დახმარებით გვიდგას სულიო, ამიტომაც „წარგვმართავენ“, გვაკონტროლებენ, გვაიმედებენ, დემოკრატიას „გვიმყარებენ“. ამიტომ... მაგათ ყველაფრის უფლება აქვთო, თუ „ხოში“ მოუვლით, ყურსაც აგვიწევენ და თითსაც დაგვიქნევენ, ჩვენც და მაგათი მხარდაჭერით „არჩეულ-დანიშნულ“ პრეზიდენტს ნებისმიერი „დამოუკიდებელი“ ქვეყნისასო...

 

ახლა არ დამიწყო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი და შეკითხვები, აგრძელებს კუკური:

 

თუ გინდა, რომ ჭკუა არავინ „გასწავლოს“ და ყურიც არ აგიწიოს, მაშინ არ უნდა იწუწუნო, მათხოვრულად ხელი გაშვერილი არ უნდა გქონდეს, არ უნდა ეხვეწო არავის დამიცავი ჩემი ხარბი და მსუნაგი მეზობლისგანო...

 

ხომ გახსოვს, ბავშვს რომ ჰკითხეს, რატომ ღრიალებო და... გამდის და იმიტომაცო....

 

მართალია კუკური! ამიტომაც, როცა ლოყაზე „მოგვითათუნებენ“ და მაინც გასუსულები ვართ, ან, ჩვენი საგარეოს მინისტრივით ისეთ სისულელეს წავიბურტყუნებთ, რომ ნორმალურ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება, რომ, მგონი, მართლა გასულები ვართ „მომსახურების ზონიდან“. და ეს ხდება მაშინაც, როცა „შეგვახურებს“ არა ის სტრუქტურა, რომელიც გვკურატორობს და რომელიც მართლა ღრმად არის ჩახედული ჩვენს საქმეებში, მართლა გვიფრთხილდება, მართლა...

 

მაგრამ, ზოგჯერ „თითის ქნევაში“ დასავლეთიდან ნამეტნავად აქტიურობენ ისინი, ვისაც არ ამოძრავებს ნამდვილად სახელმწიფო ინტერესები. ეს ბოლო პერიოდი ცოტა მეტი მოუვიდათ. რატომღაც რჩება შთაბეჭდილება ორკესტრირებულობისა. აბა, რატომ უნდა „გაუსკდეს ჩვენდამი სიყვარულის ბუშტი“ მაინცდამაინც ახლა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს? რა, აქამდე არ იცოდა, რომ ამ ქვეყანას, მათი „სიძის“ სამშობლოს, პრობლემები რომ აქვს პუტინის რუსეთთან?

 

მაინც რატომ გვიბედავენ, რატომ გვაკადრებენ ამდენს, ის ტიპები, ვინც არ წარმოადგენს აშშ იქნება თუ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას?

 

არ დაფიქრებულხართ ამ თემაზე, ჩემო ჭკუის კოლოფებო - მინისტრო ზალკალიანო, ელჩო ბაქრაძე და სხვებო და სხვებო? რატომ დუმხართ, ხელებდაკაპიწებულები, დღედაღამ რატომ არ გაქვთ გასწორებული და კორექტულად, დიპლომატიის სტანდარტების შესაბამისად, არ უხსნით ამ „არამკითხე მოამბეებს“, დასავლურ საზოგადოებას, რა არის და სად არის თეთრი და სად - შავი?!

 

იმიტომ, რომ იციან, მათი მხრიდან თითის ნებისმიერ დაქნევაზე თქვენ... ჩაისვრით, დაიჭერთ სირაქლემას პოზიციას... დიახ, იმიტომაც გველაპარაკებიან ანჩხლი დედინაცვალივით.

 

ერთი მაგალითიც კი (მრავალთაგან) საკმარისია ამ ვითარების წარმოსადგენად:

 

ექს-კონგრესმენი რასელი და მისი თითის ქნევა და მუქარები გახსოვთ? თუ გახსოვთ, რატომ არ წითლდებით იმის გამო, რომ... გადაყლაპეთ, არ შეიმჩნიეთ? აი, მე მისი ყრანტალიც მახსოვს, ჩემი პასუხი და... თქვენი ჩასვრაც!

 

ახლა მისმა ადგილმონაცვლემ ამოიღო ხმა, „ფრონტერას“ - აფერისტების ბანდის ოფიციალურმა ლობისტმა... გავიდა რამდენიმე დღე და... გრუშეს რეპლიკა გამახსენდა ცნობილი სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“: „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?!“

 

დავაკონკრეტო მაგალითებით, ფაქტებით თუ ისედაც ყველაფერი გასაგებია?!

 

ერთი სიტყვით, გირჩევთ, თქვენც და ჩვენმა დეპუტატებმაც აიღოთ მაგალითი აშშ-ის სენატისგან, მისი რესპუბლიკური ფრთისგან და როცა აქაური ოპოზიცია ხმაურს ატეხს საპარლამენტო უმრავლესობის გაჯიქებაზე, ეეეე, სწორედ მაშინ უჩვენეთ ეს კადრები აშშ-ის სენატის დარბაზიდან...

 

შენ კი, ჩემო კუკური, ახლა დასცხე ტაში და შესძახე: ბრავო, სენატის უმრავლესობა! ბრავო, დონალდ ტრამპ!

 

 

https://ru.euronews.com/2020/01/22/

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner