logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მადლობა ქართულ პოლიციას!
- +

29 იანვარი. 2020. 15:00

 

 

 

 

ორქუდიანი ლენინი და ორველოსიპედიანი მოგზაური!

 

გაგანია კომუნისტების დროა და ერთ-ერთი ქალაქი (ისე, როგორც ყველა საბჭოთა ქალაქი) საშვიდნოემბრო პარადისთვის ემზადებოდა, ჰოდა, ვიღაც ანტისაბჭოთა მოქალაქემ ლენინის ძეგლს თავი მოაძრო, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, სათვალთვალო კამერები მაშინ არ იყო და მობილური ტელეფონი და ასე უცებ ვინ რას გაიგებდა, მაგრამ მეორე დილას უთავო ლენინის ძეგლის წინ ხომ არ ჩაივლიდა კოლონები? ამიტომ იმ ღამეს ლენინს სადღაციდან მოტანილი თავი დაადგეს, მთელი „კაგებე“ ფეხზე იდგა, ყველა აკონტროლებდა, ვინ გაამახვილებდა ყურადღებას ლენინის ძეგლისკენ და ჰოპ, ასეთიც გასკვანჩეს და დაუწყეს დამუშავება, გინდა თუ არა, ასე დაჟინებით რატომ აკვირდებოდი ძია ლენინის ძეგლსაო. - რატომ და, ლენინს ერთი ქუდი ხელში ეჭირა და მეორე თავზე ეხურა და გამიკვირდაო, ჰოდა, ეს ახლა იმაზე გამახსენდა, სინგაპურიდან წამოსულ მოგზაურს მაინცდამაინც თბილისში „ველასიპეტი“ რომ მოჰპარეს, ხომ ვამბობდი, მაგან არ იცის, სად მოხვდა, აა, ნახეთ, მოვლენები როგორ განვითარდება-თქო და ასე აგიხდეთ ყოლიფერი კაი, გუშინ ერთი ველოსიპედი აჩუქეს ხელგაშლილმა ბოჰემა ქართველებმა, დღეს მისიც უპოვეს და აგერ მეც მყავდა ერთი ველო გამზადებული, ბალკონზე მიყუდებული, აბა, მაგის ველოსიპედის გამო თავს ხომ არ მევიჭრიდით, მარა მე ის მაინტერესებს, ამ ორი ველიკით როგორ უნდა გააგრძელოს მოგზაურობა იმ ამერიკოვესპუჩიმ? (ისე, ქურდობები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, მარა ნეტა ვინ ვის რას უბრუნებს, ააა?). რა საინტერესოა, თვითონ რას დაწერს აქაურობაზე, ერთი დავკარგე და ორი მომიყვანესო?!

 

თქვენ გენაცვალეთ, ჩემო საყვარელო ხალხო, კეთილებო და ქურდბაცაცებოც, ველისიპედიზა რამ გადაგრიათ? მთავარია, არ მევიჯაყეთ!

 

მადლობა ქართულ პოლიციას!

right_banner
არქივი
right_banner