logo_geo
eng_logo
„GERA“-მ საქართველოს რეგიონებში წარმომადგენლობითი შეხვედრები გამართა
- +

11 თებერვალი. 2020. 12:08

 

 

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა - საავტორო უფლებამფლობელთა  ასოციაცია „GERA“, რომელიც თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დაიცავს  ხელოვანთა საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. დღეისათვის 300-ზე მეტმა ავტორ-შემსრულებელმა უკვე გააკეთა არჩევანი „GERA“-ზე და ასოციაციას საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ანდო.

 

„GERA“-ს მთავარი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, მთელს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა უფრო ეფექტურად, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით  განხორციელდეს, და ამით კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების მატერიალური უზრუნველყოფა გაუმჯობესდეს.

 

„GERA“-ს გენერალურმა დირექტორმა თამარ გვარიშვილმა, მთავარმა პროდიუსერმა ჯემალ სეფიაშვილმა, იურისტმა რუსუდან ბუნტურმა და პროდიუსერმა ოლეგ ტიმოშენკომ რეგიონებში ხელოვანებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან  გამართეს შეხვედრები.

 

შეკრებილ საზოგადოებას „GERA“-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. მუსიკოსები ახლოს გაეცნენ იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რასაც ფლობს „GERA“, მათ შორის ფლეიერს „ROZUM“, რომელშიც იტვირთება „GERA“-ში გაწევრიანებული ავტორ-შემსრულებლების მუსიკალური კატალოგები. ეს ფლეირი ზრუნავს  აგრეთვე ბიზნესის  ლეგალურ ფონურ  აუდიო და ვიდეო მუსიკალურ გაფორმებაზე და გამოიყენება ყველა ტიპის დაწესებულებაში, სადაც კი ჟღერს მუსიკა.

 

როგორ განისაზღვრება ცალკეული დაწესებულებების გადასახადი და როგორ ნაწილდება ავტორ-შემსრულებლებზე? როგორ ხდება ROZUM-ის  ხარვეზის შესწორება - დისტანციურად თუ ოსტატის ადგილზე ჩასვლით? ვისი ხარჯით? „ROZUM“-ს რამდენ დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება? რეგიონებში „GERA“-ს ან „ROZUM“-ის წარმომადგენლობების გახსნა თუ იგეგმება? რა კანონიერი ქმედება მოჰყვება ფაქტს, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი უარს ამბობს ხელშეკრულების გაფორმებაზე? როგორ აღირიცხება ცოცხალი შესრულება? როგორ განისაზღვრება თითოეული ნაწარმოების შესრულების ანაზღაურება როგორც ქართულ, ისე უცხოურ მუსიკასთან მიმართებაში? - ამ და სხვა შეკითხვებზე დარბაზს  გაეცა ამომწურავი პასუხი.

 

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს საავტორო უფლებების დაცვის სისტემა საქართველოში.  უფრო მეტიც -  ის საერთოდ  არსებობს თუ არა.

 

აღნიშნული პროექტი კულტურისა და ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლების პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო რწმუნებულების მხარდაჭერით იმართება, რის გამოც „GERA“ გაწეული დახმარებისთვის  მადლობას უხდის რწმუნებულებსა და მათ გუნდს - კახეთის რწმუნებულს - ირაკლი ქადაგიშვილს,  ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს, შიდა ქართლის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს, მცხეთა-თიანეთის რწმუნებულს შალვა კერესელიძეს, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს  ბესიკ ამირანაშვილს, გურიის რწმუნებულს  ზურაბ ნასარიას,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულს  ალექსანდრე მოწერელიას.

 

შეხვედრები უკვე შედგა ოზურგეთში, გურჯაანში, თელავში, მარნეულში, გარდაბანში, ახალციხეში, დუშეთში, ზუგდიდში, გორში. ყველა ქალაქში გაიმართა აგრეთვე კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, ჯემალ სეფიაშვილმა კი თავისი ჰიტები შეასრულა...

 

მსგავსი ფორმატის შეხვედრებით „GERA“ ახლო მომავალში გეგმავს სრულად მოიცვას საქართველო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner