logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: სად იძლევიან ცნობას, რომ აქლემი არ ხარ?
- +

11 თებერვალი. 2020. 12:14

 

 

მოხდა ისე, რომ ნიკუტა გვარამიას და ლევან ხაბეიშვილს ერთმანეთის მიყოლებით „ჩაუსინიაკეს“ თვალები ვიღაც მუშტმადლიანებმა.

 

მომხდარში ორივე სხვას ადანაშაულებს - ხაბეიშვილი კახა კალაძეს, გვარამია - გია ვოლსკის.

 

არადა, ან ერთს, ან მეორეს კაცობა და ვაჟკაცობა რომ ჰქონდეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რაც მოუვიდათ, თუმცა არის კიდევ ერთი მთავარი „დამნაშავე“ - გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ლამის არის, წმიდათაწმიდა, ხელშეუხებელ ღირებულებად გამოცხადდეს.

 

სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება მართლაც უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ ყველაფერს, მათ შორის ამ უძვირფასეს მონაპოვარსაც, თავისი ნორმა და საზღვარი სჭირდება, თორემ ის, რაც დიდი სიკეთეა, შეიძლება ბოროტი ძალების ხელში დიდ ბოროტებად იქცეს.

 

სამწუხაროდ, კაცობრიობა მხოლოდ კეთილშობილი, მაღალზნეობრივი ადამიანებისგან არ შედგება. დასაბამიდან დღემდე სამყაროში კეთილსა და ბოროტს შორის დაუნდობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომია და ამ ომში სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება ისეთ დამანგრეველ იარაღად იქცეს, რომ სიკეთისგან ბევრი არაფერი დარჩეს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ, სადაც იშვა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, ხომ არ საჭიროებს გარკვეულ კორექტივებს ამ დეკლარაციის ზოგიერთი პუნქტი?

 

არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვაგანაც უკვე სერიოზული დებატები იმართება იმის შესახებ, სიკეთე უფრო მეტი მოაქვს სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოებისთვის თუ ზიანი?

 

სად უნდა გაივლოს წითელი ხაზები, რომ გამოხატვის თავისუფლება იმ მონსტრად არ იქცეს, რომელიც ადამიანებს სულიერად და ფიზიკურად ანადგურებს.

 

ყველას გვახსოვს ის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც საფრანგეთში მოხდა და რომელსაც „შარლ ებდოს“ რამდენიმე თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

 

ღმერთმა დაიფაროს საქართველო მსგავსი ტრაგედიისაგან, თუმცა ჩვენს შუბლისძარღვგაწყვეტილ და სინდის-ნამუსისგან დაცლილ პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს და მათ მიერ დაქირავებულ „შპანას“ რომ ვუყურებ და მათი ულაგამო ენის ჭარტალს რომ ვუსმენ, არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები.

 

ჯერჯერობით რამდენიმე „ფანარით“, რამდენიმე პანღურით, რამდენიმე სილაქით და რამდენიმე გაბზარული ნეკნით გადავრჩით, მაგრამ არ არის გამორიცხული, ვიღაცას მოთმინების ფიალა აევსოს და, გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგს ამოფარებულ პროვოკატორს და ავანტიურისტს უფრო მკაცრი პასუხი გასცეს, ვიდრე გასილაქება და უპის ჩაფანარებაა.

 

არა მარტო ტყვია, სიტყვაც კლავს…

 

როგორც ჩანს, ეს გამორჩათ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დებულებათა ავტორებს.

 

თუმცა, იქნებ არც გამორჩათ?

 

თუ ვინმემ აქლემი გიწოდათ და თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, მუშტების ქნევა კი არ უნდა დაიწყოთ, სასამართლოს უნდა მიმართოთ, თუმცა, იქ ერთ უცნაურ ამბავს აღმოაჩენთ: ვინც აქლემი გიწოდათ, იმან კი არა, თქვენ უნდა წარადგინოთ ცნობა, რომ აქლემი არ ხართ.

 

სად იძლევიან ასეთ ცნობას, მოსამართლე, ცხადია, ვერ გეტყვით და არც არის ვალდებული, გითხრათ: ის, უბრალოდ, გამოხატვის თავისუფლების წმიდათაწმიდა კანონს იცავს, თუმცა, ვინ დაიცავს აქლემობაში დადანაშაულებულ მოქალაქეს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner