logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ვინ მონაწილეობდა აღა-მაჰმად-ხანის მკვლელობაში ქართველ სადიხასთან ერთად?
- +

21 აპრილი. 2020. 18:09

 

 

ცნობილია, რომ ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს ილაშქრა საქართველოში. 11 სექტემბერს, კრწანისის ველზე, გადამწყვეტ ბრძოლაში მცირერიცხოვანი ქართველები დამარცხდნენ. დამპყრობელმა თბილისი დაარბია, თუმცა, ქალაქი მალევე დატოვა. მეორედ, 1797 წელს აპირებდა ლაშქრობას საქართველოში, მაგრამ მის გეგმას განხორციელება არ ეწერა - აზერბაიჯანში, კერძოდ, შუშაში დაბანაკებული მისივე მსახურებმა მოკლეს.

 

საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე (1853-1931) მის მიერვე გამოცემულ წიგნში „აღა-მაჰმად-ხანის თავის მკვეთელი მცხეთელი ანდრია (სადიხა)“ მოგვითხრობს ირანელი დამპყრობლის სიკვდილზე და წერს, რომ ეს გააკეთა ანდრია მცხეთელმა. მოთხრობის მიხედვით , როცა 1795 წელს აღა-მაჰმად ხანმა თბილისი დაარბია, ბევრი ქართველი წაასხა ტყვედ, რომელთა შორის იყო „ერთი მეტად თვალტანადი ყმაწვილი ქართველი ბიჭი, მცხეთელი, გლეხის შვილი, ანდრია, რომელიც თვალადობით და ტანადობით შესანიშნავ შესახედავობის ყოფილა“.

 

ანდრია, რომელსაც ტყვეობაში სადიხა შეარქვეს, განათლებული და ბრძოლაში დახელოვნებული ყოფილა, ამიტომ აღა მაჰმად ხანს მუდამ გვერდით ჰყავდა.

 

1796 წელს აღა-მაჰმად-ხანს ამბავი მიუტანეს, რომ  ერეკლე მეორეს რუსეთთან გაერთიანება საბოლოოდ გადაეწყვიტა. მან ქართლ-კახეთის მეფესთან მსტოვარი აფრინა და გააფრთხილა, რომ რუსეთთან შეერთება გადაეფიქრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ საქართველოს ააოხრებდა. ერეკლე მეორემ უარი შეუთვალა და აღა-მაჰმად-ხანმაც გადაწყვიტა, კვლავ ელაშქრა საქართველოში. 1797 წლის ზაფხულში ჯერ ბაქომდე მივიდა თავისი ლაშქრით, შემდეგ განჯის გავლით შუშაში და შირვანის ხანსაც მოუწოდა, შეერთებოდა თავისი ლაშქრით. საქართველოში შემოსვლის წინ შუშასთან კარავი დასცეს. აღა-მაჰმად-ხანს სადიხაც და სხვა მოსამსახურე ქართველებიც ახლდნენ.

 

მეორე დღეს აღა-მაჰმად-ხანმა სადიხას უბრძანა, - სალოცავი ხალიჩა გაშალე და წყალი მომართვიო. სადიხას წყალი დაექცა ხალიჩაზე და ლოცვაში გართულ მაჰმად-ხანს ფეხები დაუსველდა. ლოცვის შემდეგ გაბრაზებულმა სადიხასა და მისი ერთი ლეკი ამხანაგისათვის (ლევან სანიკიძე თავის წიგნში - „უქარქაშო ხმლები“ ლეკის ბიჭს საფარად იხსენიებს) თავების მოკვეთა ბრძანა. შირვანის ხანს შეებრალა ქართველი და სთხოვა მაჰმად-ხანს, ეპატიებინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო ურჯულო მმართველთან. ბრძანება მეორე დღეს უნდა შეესრულებინათ. 

 

სადიხამ და მისმა ამხანაგმა ლეკის ბიჭმა (რომელსაც აღა-მაჰმად-ხანი ფულის მოპარვას აბრალებდა მანამდე)  მოილაპარაკეს - როცა ჯარი დაიძინებდა, ირანის შაჰი  მოეკლათ. ლაპარაკს შირვანის ხანმა ყური მოჰკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს, - მასაც და კიდევ რამდენივე ხანსაც (განჯის ხანის გარდა) სასტიკად ეჯავრებოდათ თავიანთი მთავარსარდალი.

 

როცა დაღამდა და ყველა ძილს მიეცა, სადიხა და მისი ამხანაგი შეიპარნენ აღა-მაჰმად-ხანის კარავში და ხმლის ერთი დაკვრით თავი მოკვეთეს...  კარვიდან გამოსულები შირვანის ხანმა მიიხმო, სხვა ტანისამოსი ჩააცვა, ფულიც მისცა და უთხრა, გაიქეცით თქვენი ქვეყნისკენო. აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი ბანაკში დილით შეიტყვეს და ლაშქარიც დაიშალა, ხანებმა, - ჩვენ ერეკლესთან საომარი არაფერი გვაქვსო და თავიანთი კუთხეებისკენ წავიდნენ, სპარსეთის ჯარი კი აღა-მაჰმად-ხანის ლეშით უკან გაბრუნდა.

 

„მცხეთელმა ანდრიამ საქართველოში ჩამოაღწია. მის ქებას ხალხში საზღვარი არა ჰქონდა. იგი მალე წარსდგა მეფე ერეკლეს წინაშე და ყოველისფერი დაწვრილებით მოახსენა. ანდრიას თავზე ხელი გადაუსო, აქო მისი ყმაწვილკაცობა და მერე შუბლზე აკოცა. ანდრია სადილად მეფესთან დარჩა, სასახლის ქალთა და კაცთა აუარებელი საჩუქრები მისცეს“.

 

ბოლოს ერეკლეს უკითხავს, რას ისურვებო, და აღმოჩნდა, რომ  ანდრიას ბერად აღკვეცა ჰქონია გულში ჩადებული. ეს ამბავი კათალიკოსს ანტონს II-ს მოახსენეს. ანდრია ბერად შემოსეს და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მისცეს ბინა. ანდრია ქართულ წიგნების კითხვაში ატარებდა დროს, 1800 წლამდე იცოცხლა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი (რა თქმა უნდა, შემოკლებით)  ზაქარია ჭიჭინაძის წიგნშია მოთხრობილი.

 

არსებობს კიდევ ერთი ამბავი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის მკვლელობას ეხება. ეს ნახსენებია გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოცემულ ირაკლი უგულავას წიგნში „ერეკლეს შვილები“ (სხვათა შორის, მცხეთელებიც ამ ვერსიას უფრო ემხრობიან).

 

ამბის მიხედვით,  ერეკლე მეფეს ერთი მცხეთელი მეჯინიბე ჰყოლია - ბერდია კოზმანაშვილი, რომელიც სიბერემდე ერთგულად ემსახურებოდა.

 

როცა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი თბილისს მიადგა და მეფე ჯარს აგროვებდა, ბერდიას თავისი ტყუპი შვილიშვილები სახელად - დედისა და მამისა - დაუბარებია.  ერთი ხმალი ჰქონია და გული არცერთი მათგანისთვის რომ არ დაეწყვიტა, კომბლების ამარა გაუშვია, წადით ერეკლე მეფესთან, უთხარით, ბერდია პაპამ გამოგვაგზავნა და იარაღს მოგცემთო. თბილისისკენ წამოსული ტყუპები 300 არაგველებს დაემგზავრნენ. ღამით, როცა მეციხოვნეებმა არაგველები ქალაქში შეუშვეს, თან გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ 302 კაცი იყო. არაგველებმაც აუხსნეს, ორი მცხეთელი დაგვემატა გზაშიო. მეციხოვნეებმაც დაიწყეს ძებნა, მაგრამ ძმები უკვე თბილისის ქუჩებში გარბოდნენ.

 

ერეკლე მეფესთან, ცხადია, არ მიუშვეს, ანდა სად ეცალა მეფეს მათთვის. კრწანისის გადამწყვეტი ბრძოლის დროს ისინიც გავარდნენ ველზე და კომბლებით ისე უტეხავდნენ თავებს სპარსელებს, რომ ყურადღებაც მიიპყრეს. ბოლოს ერთი ტყუპისცალი შეიპყრეს, მეორემ გაქცევა მოახერხა. როცა სპარსელები თბილისში შემოვიდნენ და დარბევა დაიწყეს, ტყვეები ერთ ადგილას შეყარეს. ერთ-ერთ ხანს მოსწონებია ერთი ძმა კოზმანაშვილი და რაკი ამ უკანასკნელმა პაპასავით ცხენების მოვლა იცოდა, მეჯინიბედაც აუყვანია.

 

აღა-მაჰმად-ხანმა კარგად იცოდა, რომ თბილისიდან გახიზნული ერეკლე მეფე ჯარს აგროვებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ხანი  გაეგზავნა ზავის დასადებად (საინტერესოა, არა? - გამარჯვებული დამარცხებულს ზავს სთავაზობდა) . დესპანი სწორედ ის ხანი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი ძმა კოზმანაშვილი ჰყავდა მეჯინიბედ... როცა ხანი დაიბარა აღა-მაჰმადმა, მისცა დავალება და დაუმატა, რომ უკან ქალბალი-ხანის მეთაურობით, 4000-კაციან რაზმს გააყოლებდა ერეკლეს შესაპყრობად. ეს შეიტყო კოზმანაშვილმა. რაც შეეხება მეორე თავისუფალ ძმას, ის თავს თბილისის ქუჩებს აფარებდა, თუმცა, ხანის შორიახლო ტრიალებდა და მეჯინიბედ ქცეულ ტყუპისცალს სტვენით ეხმიანებოდა. თურმე ტყუპებს სხვადასხვა ჩიტების სტვენა სცოდნიათ და ამის საშუალებით ერთმანეთს აგებინებდნენ სათქმელს. როცა დესპანის-როლ-აკიდებული ხანი ერეკლესკენ დაიძრა, მეჯინიბეც გაიყოლა და მათ ამალას თავისუფალი ტყუპისცალიც გაჰყვა, რომლის არსებობა ხანმა არ იცოდა... გზაში რომ შეისვენეს, ტყუპებმა დედისამ და მამისამ ადგილები გაცვალეს, ორივეს ერთნაირად ემოსა და ხანმა ვერაფერი გაიგო. მათ გზა გააგრძელე, ხოლო ერთი ტყუპისცალი მოკლე გზით, ბილიკებით გაიქცა, რათა ერეკლე მეფისთვის აღა-მაჰმად-ხანის განზრახვა შეეტყობინებინა. გზაში მთიულებმა შეიპყრეს და მიჰგვარეს მეფეს. ერეკლეს მოუსმინა და მოემზადა ხანთან შესახვედრად. ხანი რომ მივიდა, ცოტა ხანში ამბავი მიუტანეს მეფეს, თუშ-ფშავ-ხევსურთა 300-კაციანმა რაზმმა და 200 შამშადილოელმა  დესპანის კვალზე მომავალი ქალბალი-ხანის ლაშქარი ლამის მთლიანად ამოჟლიტესო. დესპანსაც ხასიათი წაუხდა.

 

მეფის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დესპანის მეჯინიბეს შეხედა, - ტყუპების გარჩევა შეუძლებელი იყო. ერეკლემ ცალკე გაესაუბრა ძმებ კოზმანაშვილებს და უთხრა: გაჰყევით ხანს, ისე, რომ  ერთ-ერთი თქვენგანის არსებობა ვერ გაიგოსო  და საგანგებო დავალება მისცა:

 

სპარსეთში მოძებნით სადიხას, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის ბანაკშიაო.

- თუ ვინმეს შეეკითხებით, საიდან ხარო და გიპასუხათ - მზის ქვეყნიდანო, მერე ჰკითხეთ - „ვენახს ასხია?“, იმან უნდა გიპასუხოთ: „სადღაა, მტერმა აჩეხა“... ეგ იქნება სადიხა და უთხარით: „დღე შურისგებისა დადგა“. ამის შემდეგ მიხვდება სადიხა, რა უნდა გააკეთოს, - ასე გაისტუმრა ძმები ხანთან ერთად.

4000 კაცის გაჟლეტის ამბავი რომ მიუტანეს, მაჰმად-ხანი გაცოფდა, ცალკე ისიც შეიტყო, რომ თავის სამშობლოში შაჰის კარზე არეულობა იყო და აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი დატოვა, იმ იმედით, რომ კიდევ ილაშქრებდა. ასე აღმოჩნდნენ ძმები კოზმანაშვილები ხანის სამსახურში. ხანმა მხოლოდ ერთის არსებობა იცოდა და მეორე შორიახლო იმალებოდა...

 

როცა 1797 წლის ზაფხულში, შუშაში, ლაშქრობის წინ დაბანაკებულ აღა-მაჰმად-ხანს სხვა ხანებიც შეუერთდნენ, ძმებმა სადიხას ძებნა დაიწყეს და როცა მოიხელთებდნენ, ყველას ეკითხებოდნენ: საიდან ხარო, არავინ პასუხობდა, მზის ქვეყნიდანო. იმედი თითქმის დაკარგეს. ერთი მათგანი ვითომდა, სამათხოვროდ, დაჯდა იქ, სადაც ხალხი მოძრაობდა...  ერთი ადამიანი მიუახლოვდა და სპარსულად გაესაუბრა.

 

- როდის იყო, გიაურები მათხოვრობდნენ, არ გრცხვენია, ბიჭო? აჰა, შენ ფული და მეორედ აქ აღარ დაგინახო...

- მადლობა, ბატონო, თქვენი ვინაობა მაინც მითხარით.

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

- ის მაინც მითხარით, საიდან ხართ?

- შორიდან.

- მაინც?

- მზის ქვეყნიდან.

-- ყურძენს ასხია? - (მოსაუბრე შეკრთა და კოზმანაშვილს დააკვირდა).

- სადღაა, მტერმა აჩეხა..

- სადიხა...

- ჩუმად, ბიჭო, - მივარდა სადიხა და ქართულად ჰკითხა - ვინ დაგაბარა ეგ სიტყვა?

- მეფემ.

- კიდევ რა გითხრა?

- დღე შურისგებისა დადგაო.

- იცი, რას ნიშნავს ეგ?

- არა.

- მაჰმად-ხანი უნდა მოვკლა“.

 

იმავე საღამოს ხანმა, რომელსაც ერთი ძმა მოჯამაგირედ ედგა, მეორის არსებობის ამბავი შეიტყო, მაგრამ მოჯამაგირემ მოასწრო მისი მოკვლა. ის დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს. ძმის სიკვდილით გამწარებული ცოცხლად დარჩენილი კოზმანაშვილი, ღამით, აღა-მაჰმად-ხანის კარავში  და შაჰს თავი მოჰკვეთა, სადიხაც შესულა იმავ დროს და უსაყვედურია, ეს მე უნდა გამეკეთებინაო. მეორე დღეს სწორედ ცოცხლად დარჩენილი ტყუპისცალი კოზმანაშვილი და სადიხა გამოაქცია შირვანის ხანმა ბანაკიდან საქართველოსკენ. ვერ გეტყვით, რამდენად ზუსტია, ეს ვერსია, იქნებ ლეგენდაა, ამის შესახებ ერთმა მცხეთელმა ბერიკაცმაც მიამბო  და ზემოხსენებულ წიგნში მხატვრულად არის გადმოცემული.

 

ფაქტია, რომ ორივე ვერსიაში ერთი პიროვნებაა საერთო - სადიხა, იგივე ანდრია მცხეთელი. ჭიჭინაძისეულ მოთხრობაში სადიხასთან ერთად სპარსეთის შაჰს „ერთი ლეკის ბიჭი ჰკლავს“, მეორე ვერსიაში - კოზმანაშვილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner