logo_geo
eng_logo
ნუცა შავლაძე: რენესანსი ჟამიანობის დროს
- +

26 აპრილი. 2020. 21:26

 

 

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა მსოფლიო პაუზამ პირდაპირპროპორციულად განაპირობა მსოფლიო ეკონომიკური პაუზა, რამაც მოკლე დროში წარმოქმნა პრობლემები: აქციების ფასის დაცემა, ნავთობის ფასების ცვლილება, უმუშევრობის დონის ზრდა, ბიზნეს-სექტორის შეჩერება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელთანაც კაცობრიობას წლების განმავლობაში მოუწევს გამკლავება. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი სფეროები, რომელიც COVID 19-ის დროს შესაძლოა არ დაექვემდებაროს სტაგნაციას, არამედ პირიქით, უფრო მეტად განვითარდეს და აღორძინდეს.

 

მსოფლიო ოდითგანვე ცნობილია პანდემიებით, გრიპებითა და ვირუსებით. ზოგმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან გარდაცვლილთა რიცხვმა შემაშფოთებელ რაოდენობას მიაღწია. XIV საუკუნე ცნობილია, როგორც შავი ჭირის ეპოქა, რომელიც მოედო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და გრენლანდიას. თავდაპირველად გავრცელდა ჩინეთსა და ინდოეთში, ხოლო შემდეგ მონღოლეთის გავლით ევროპაში, კერძოდ იტალიაში. არსებული მოსაზრების თანახმად, შავი ჭირის გავრცელების საწყისი წყარო იყო ღამურის რწყილი. შავი ჭირის პანდემიას რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა, პრაქტიკულად, გასტანა სამი საუკუნის განმავლობაში (XIV-XVII სს.) და მთლიანობაში იმსხვერპლა 200 მილიონამდე ადამიანი.

 

ასევე ყურადსაღებ პანდემიად ითვლება ასწლეულის წინ, 1918 წელს გავრცელებული ესპანური გრიპი, იგივე „ისპანკა“, რომელმაც 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, როგორც თანამედროვე მედიცინისთვის დღეს ცნობილია, ესპანური გრიპის ვირუსი არ ხასიათდებოდა ეპიზოდურობით და 1920 წლისთვის სრულად იქნა აღკვეთილი.

 

მსოფლიოს კიდევ მრავალი პანდემია ახსოვს, სხვადასხვა მახასიათებლებითა და ისტორიით, თუმცა, შეგნებულად გამოვყავი აღნიშნული ორი, რათა ნათლად წარმომეჩინა ამ ეპოქების ღირებულებითი დატვირთვა. ღირებულებითი და ფასეულობითი დატვირთვა შექმნეს იმ ადამინებმა, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძოდა პანდემიას, როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად. მორალური გაძლიერებისთვის კულტურა და ხელოვნების დარგი მოწინავე აღმოჩნდა, რისი დასტურიც არის რენესანსის - აღორძინების ეპოქა, რომელიც 300 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ფონად გასდევდა შავი ჭირის უმძიმესი პანდემია. სწორედ ამ დროებასთან არის დაკავშირებული ისეთი მსოფლიო ტიტანებს სახელები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, სანდრო ბოტიჩელი, ტიციანი, ტინტორეტო, კარავაჯო, ჯოვანი ბელინი, რაფაელი, რემბრანდტი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების დამსახურებით ჟამიანობის დროს ხელოვნება კი არ გაჩერდა, არამედ აყვავდა და ეს განაპირობეს ინდივიდებმა.

 

განსაკუთრებით საგულისხმოა ლიტერატურა და წარმოუდგენელი მიღწევები მწერლობაში, გენიად წოდებული ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის შემოქმედებითი მოღვაწეობა უმეტესად დაკავშირებულია შავი ჭირის უმძიმეს პერიოდთან.

 

 

ცნობილია, რომ „მეფე ლირი“ შექსპირმა კარანტინში ყოფნის დროს 1605-1606 წელს დაწერა, რასაც ადასტურებს მეფე ლირის ამაღელვებელი გამონათქვამი „შურისძიება! ჭირი! სიკვდილი! დაბნეულობა!“ („Vengeance! Plague! Death! Confusion!“). ამავე პერიოდს უკავშირდება „მაკბეტი“, „ვენერა და ადონისი“, „ლუკრეციას გაუპატიურება“.

 

ჯოვანი ბოკაჩოს სახელი ცალკე გამოყოფის ღირსია, რადგან იზოლაციაში ყოფნისას, მან დაწერა მისი ცნობილი ნოველა „დეკამერონი“ („The Decameron“). ნოველა დაყოფილია დღეებად „დღე 1“, „დღე 2“ და ა.შ., რაც მიიჩნევა კარანტინის დღეების ათვლად.

 

იზოლაციაში ყოფნისას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შანსი გეძლევა, ანუ გეძლევა დრო ფიქრისთვის, რომელიც მარსელ პრუსტის თანახმად, არ უნდა გადადო. სწორედ ამ დროს, ფიქრის შედეგად, ბოკაჩომ მოიმარჯვა კალამი და ფურცელზე გადმოიტანა ნაშრომი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო კლასიკის ნიმუშად იქცევა.

 

ცალკე აღსანიშნია მეცნიერება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ისააკ ნიუტონმა, სწორედ იზოლაციაში ყოფნის დროს, შეიმუშავა გრავიტაციის თეორია. 1665 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას, ლონდონში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემიური დიდი ტალღა.

 

 

მოსახლეობა ცდილობდა დაეტოვებინა დედაქალაქი და საცხოვრებელად რეგიონებში გადასულიყო, ისააკ ნიუტონიც ვულსტორპ მანორში გადაბარგდა. სწორედ აქ დაიბადა გრავიტაციის თეორიის იდეა.

 

მითის თანახმად, ნიუტონს უყვარდა საკუთარ ბაღში, ვაშლის ხის ქვეშ წოლა და მთვარეზე დაკვირვება. ერთ-ერთ დღეს ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი მას თავზე დაეცა და სწორედ აქედან წარმოიქმნა გრავიტაციის თეორია. აღნიშნული მითად მოიხსენიება, რადგან ნიუტონს გრავიტაციის თეორიის შესამუშავებლად ჩატარებული ქონდა არაერთი კვლევა და ემპირიული დაკვირვება. თუმცა გრავიტაციის თეორია სრულად უკავშირდება ამ ეპოქას და მის შთამომავლად მიიჩნევა.

 

ხოლო 1918 წლის ეპიდემიის შემოქმედებითი ტალღიდან, შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ედვარდ მუნკის „ავტოპორტრეტი“, რომელმაც შეიძლება ითქვას ისეთივე პოპულარობა მოუტანა მას, როგორც მისმა ცნობილმა ნაშრომმა „კივილი“.

 

 

მუნკი თავად იყო ინფიცირებული, თუმცა, ამ დაავადების შემდეგ, მან 25 წლის განმავლობაში არაერთი ნაშრომით გაანებივრა მსოფლიო, ხოლო მისი პორტრეტი დარჩა „ისპანკას“ სახსოვრად.

 

ჟამიანობის დროს რენესანსი დადგა არა მხოლოდ მხატვრობასა და ლიტერატურაში, არამედ არქიტექტურაშიც. სწორედ ამ დროს მოხდა ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის ნამწვავებიდან აღდგენა და სრული რეკონსტრუქცია, რომელიც მთლიანად ბაროკოს სტილში გადაწყდა.

 

 

ჭირიანობის მეორე მძლავრმა ტალღამ ლონდონში 1665 წელს იფეთქა, რომელიც ცნობილია დიდი ჭირიანობის (Great Plague) სახელით. სამწუხაროდ, დიდი ჭირიანობა და ლონდონის დიდი ხანძარი დროში დაემთხვა ერთმანეთს, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგი მოუტანა დედაქალაქს, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. ლონდონის დიდმა ხანძარმა იმსხვერპლა ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობათაგანი, წმინდა პავლეს ტაძარი. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და პრაქტიკულად ტაძრის თავიდან აშენება მეფე ჩარლზმა ცნობილ ინგლისელ არქიტექტორს, კრისტოფერ ვრენს დაავალა, რომელიც ერთგულად შეუდგა საქმის კეთებას და ინგლისური ბაროკოს სტილის დაცვით აღადგინა ინგლისის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა.

 

როგორც ვხედავთ, ჟამიანობებმა მსოფლიოს გარკვეული სიკეთეც მოუტანა როგორც კულტურის, ასევე მეცნიერების დარგში და შესაბამისად, განათლებაში.

 

21-ე საუკუნეს ეპიდემიურ გამოწვევად COVID-19 მოევლინა, რამაც გააჩერა მსოფლიო ეკონომიკა, თუმცა, დაპაუზებული მსოფლიო ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში.

 

იზოლაციით წარმოქმნილი სიჩუმე და პაუზა სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ეს არის დრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ეს არის ფიქრის დრო, რომელიც უკეთეს საწყისებს შობს თოთოეულ ჩვენგანში. ამ პაუზას აქვს დადებითი და სასიკეთო მხარეები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული აღორძინებასთან, რასაც ნათლად მოწმობს რენესანსი ჟამიანობის დროს. როგორც ვხედავთ, არსებობს დარგები და სფეროები, რომლისთვისაც კორონავირუსით გამოწვეული პაუზა შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს - კაცობრიობას შეუძლია ეს დრო თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. რადგან ქართველები განსაკუთრებით ნიჭიერი ხალხი ვართ, რადგან ჩვენ რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონის შვილები ვართ, მე მჯერა თქვენი, მე მჯერა თქვენი ნიჭიერების და ახალი ქართული შედევრების.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner