logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ქართული ოქრო
- +

30 აპრილი. 2020. 18:07

 

 

საქართველოში ოქროს მოპოვება რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხდებოდა, ამას ისტორიული დოკუმენტები ადასტურებენ. მაგალითისათვის, ავიღოთ თუნდაც „არგონავტები“, რომლებიც  „ოქროს საწმისისთვის“ ძველ კოლხეთს ეწვივნენ (ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ არგონავტებს გაგებული ჰქონდათ, რომ კოლხეთი ოქროთი მდიდარი იყო და ეს იყო მათი სტუმრობის მიზანიც). ისტორიკოსების გადმოცემით, ოქროს მოსაპოვებლად გამოიყენებოდა ცხვრის ტყავი, რომელსაც ამაგრებდნენ ხის ნაჭერზე და დებდნენ მდინარეში. ის ოქროს ძალიან პატარა კენჭებს იკრავდა. ცოტა ხნის შემდეგ ცხვრის ტყავს იღებდნენ მდინარიდან და აშრობდნენ.

 

საქართველო რომ „ოქროს ქვეყანა“ იყო, ამის შესახებ მოგზაური სტრაბონიც (ძვ. წ. აღ 64/63- ახ.წ.აღ. 23/24) წერდა, რომ სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვს ოქრო, რომელსაც იქ მცხოვრებნი დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვიანი ტყავებით აგროვებდნენ.

 

დადგენილია, რომ სოფელ ხაიშიდან ენგურის მარცხენა ნაპირის აყოლებით 120 კილომეტრის მანძილზე, მთებში არის ყველაზე მაღალი - 987 სინჯის ოქროს მარაგი, მარჯვენა ნაპირზე  - 950-960 სინჯის.

 

სვანებმა ამ ოქროს სავაჭროდ გამოყენება დაახლოებით ძვ.წ. VII საუკუნიდან დაიწყეს, - როცა შავი ზღვის სანაპიროებზე ბერძნული კოლონიები ჩნდებოდა, მთის მოსახლეობა ბერძნებთან ვაჭრობას აწარმოებდა ოქროთი (და არა მხოლოდ ოქროთი - რკინით, მარმარილოთი, სელით).

 

უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთსა და სხვა ქვეყნების მოსახლეობას  შორის ეკონომიკური ურთიერთობები იმდენად განვითარებული იყო, რომ ძვ.წელთაღრიცხვის III საუკუნეში სწორედ სვანური ოქროთი მოიჭრა ალექსანდრე მაკედონელისა და მისი სარდლის, ლისამაქეს 6-გრამიანი მონეტები. საქართველოში 400-მდე ასეთი მონეტაა აღმოჩენილი, მათგან 390 - სვანეთში, საქარავნე გზების ტერიტორიებზეა ნაპოვნი. ამ ფულს იმ პერიოდში იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ დაახლოებით 4 საუკუნე იყო მიმოქცევაში.

 

რაც შეეხება სხვა საბადოებს. საყდრისის ადრეული ბრინჯაოს ოქროს საბადოს შემთხვევით მიაგნეს კომპანია „მადნეულის“ გეოლოგებმა, რომლებიც ოქროს მადნის საძიებო სამუშაოებს ატარებდნენ საყდრისის ტერიტორიაზე. მათ  არქეოლოგებს შეატყობინეს საინტერესო და უჩვეულო მაღაროების აღმოჩენის შესახებ. 2004 წელს საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ნათელი გახდა, რომ სერიოზულ აღმოჩენასთან ჰქონდათ საქმე. ძიებაში მალე გერმანელი მეცნიერებიც ჩაერთვნენ. 2007 წლიდან 2013 წლამდე კვლევებს ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათ დაამტკიცეს, რომ ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა, რომელიც ფუნქციონირებდა ძვ.წ. 3350 წლიდან ძვ.წ. 2500 წლებში. ამჟამად, ოქროს მოპოვებაში რამდენიმე კომპანიაა ჩართული.

 

ბოლნისის გარდა, ოქროს საკმაო მარაგია სვანეთში, სოფელ იელთან, სადაც ჩინური კომპანია აპირებდა სამუშაოები დაწყებას, მაგრამ ამის საშუალება სვანებმა არ მისცეს. ასევე მნიშვნელოვანი მარაგებია რაჭაშიც, აჭარაშიც. ამ მომენტისათვის, ოქროს მოპოვება საქართველოს 8 რეგიონში ხდება.

 

2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ოქროს დაცული მარაგის ოდენობა 60 ტონას აღემატება.

 

უნდა ითქვას, რომ ქართული ოქროს ხარისხი, ექსპერტთა აზრით, ძალიან მაღალია. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner