logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ვინ იყო ქართველი მილიონერი ჩილეში
- +

1 მაისი. 2020. 10:49

 

 

1947-1974 წლებში შორეულ ჩილეში მოღვაწეობდა ქართველი მილიონერი, საზოგადო მოღვაწე, ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის საბადოების მაგნატი ავთანდილ მერაბაშვილი.

 

საიდან მოხვდა ქართველი სამხრეთ ამერიკაში? ავთანდილ მერაბაშვილი 1902 წელს დაიბადა. ის თბილისში, დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს, ცნობილი აჯანყების შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა მამა და ნათესავები დაუხვრიტეს, მერაბაშვილი ემიგრაციაში გაიქცა, ჯერ გერმანიაში და იქიდან - საფრანგეთში. იმ პერიოდში ქართული ემიგრაცია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობდა და ყველას აცნობდა ინფორმაციებს  საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიებისა და 1924 წლის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შესახებ. საბჭოთა მთავრობამ აგენტები გააგზავნა საფრანგეთში და არწმუნებდა ემიგრანტებს, - სამშობლოში დაბრუნდით, ხელს არ გახლებთ და ყველანაირ დახმარებას აღმოგიჩენთო. აგენტებმა ემიგრანტთა ნაწილის მოსყიდვა მაინც მოახერხეს, მათ შორის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გრიგოლ ვეშაპელი. ის საკუთარი გაზეთის „ახალი საქართველოს“ ფურცლებიდან არწმუნებდა ემიგრანტებს, საქართველოში დაბრუნებისაკენ. ვეშაპელის მომხრეებმა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიების შედგენაც კი დაიწყეს. ღალატის შესახებ მალე შეიტყვეს „თეთრი გიორგის“ წევრებმა, მათ შორის, გიორგი მერაბაშვილმა, რომელმაც ვეშაპელი ყველას თვალწინ იარაღიდან გასროლით მოკლა. ამის შედეგად, ის ფრანგული სასამართლოს წინაშე წარსდგა. იტალიელმა ადვოკატმა მირო ჯიაფერმა, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პიერ რენოდელმა და ედუარდ მარკემ ყველაფერი გააკეთეს, რომ მერაბაშვილს სიკვდილით დასჯა ასცდენოდა.

 

გადამწვეტი აღმოჩნდა რუსი ემიგრანტის, პოეტის და „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი კონსტანტინე ბალმონტის სიტყვა: შოთა რუსთაველის პოემაც მითარგმნია, საქართველოშიც ვყოფილვარ და ქართველების ხასიათიც ვიცი... მერწმუნეთ, ქართველებისთვის ყველაზე მძიმე დანაშაული ქვეყნის, რწმენის და მეგობრის ღალატიაო.

 

საფრანგეთის სასამართლომ მერაბაშვილი გაათავისუფლა და ქვეყნიდან გააძევა.

 

ქართველი ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, მდიდარ ქალზე იქორწინა. ის ბერლინის ბირჟაზე ვაჭრობდა ფასიანი ქაღალდებით, საკმაო ქონება დააგროვა და როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  საბჭოთა მთავრობამ ნაცისტებთან კავშირში ბრალი დასდო და ბელგიის მხარეს მისი გადაცემა მოსთხოვა, მერაბაშვილი არგენტინაში გაიქცა, შემდეგ ბოლივიაც მოიარა და საბოლოოდ დასახლდა ჩილეში, სადაც სპილენძისა და გვარჯილის საბადოებიც იყიდა, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მიწებიც შეიძინა, რესტორნების ქსელიც მოაწყო და საკურორტო ქალაქიც გააშენა სანტიაგოსთან.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი ქალაქის ქუჩებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას სახელები დაარქვა, ხოლო ცენტრალურ გამზირს - შოთა რუსთაველის სახელი უწოდა. საინტერესოა, რომ 1968 წელს სურდა, ეს ქალაქი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეჩუქებინა, თუმცა, ვერ მოახერხა და ამაში დამნაშავე კომუნისტები იყვნენ.

 

ავთანდილ მერაბაშვილს ქართველებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ჯერ კიდევ 1954 წელს, ჩილეში თავისი შვილისთვის მასწავლებლად მიიწვია ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, რომელსაც დიდი დახმარება გაუწია - დაუფინანსა ოთხი წიგნის გამოცემა და ოპერაციაც კი.

 

1966 წელს კი ცნობილ მთარგმნელ გუსტავო დე ლა ტორეს იმავე ნოზაძის დახმარებით, „ვეფხისტყაოსანი“ ათარგმნინა. გარდა ამისა, ჩილელ მწერალთა ასოციაციის საიუბილეო საღამოსთვის, ერთ-ერთ მხატვარს შოთა რუსთაველის პორტრეტი დაახატვინა.

 

ავთანდილ მერაბაშვილი გულუხვად უმასპინძლდებოდა სტუმრად ჩასულ ქართველების დელეგაციებს, რომელთა შორის ვახტანგ ჭაბუკიანის დასი და სუხიშვილების ანსამბლიც იყვნენ.

 

1974 წელს, მან გაურკვეველ ვითარებაში მოიკლა თავი, თუმცა, ამბობენ, რომ ეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოიმოქმედეს. მერაბაშვილის მიერ დატოვებული სიმდიდრის ბედი უცნობია...

right_banner
არქივი
right_banner