logo_geo
eng_logo
სარაკეტო-ბირთვული ფარისა და სამხედრო–ტექნიკური საოცრების - „ტოპოლის“ ავტორი ალექსანდრე ნადირაძე
- +

3 მაისი. 2020. 11:50

 

 

გასულ საუკუნეში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს შორის, მოგეხსენებათ, ნამდვილი „რბოლა“ მიმდინარეობდა ბირთვული შეიარაღების მხრივ. დღეის მდგომარეობით, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ს უფრო დიდი ბირთვული შეიარაღება აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, რომ სამხედრო-სარაკეტო კომპლექსი „ტოპოლი“  ნამდვილი საოცრებაა და მას ანალოგი არ გააჩნია. „ტოპოლი“ (და არა მხოლოდ ეს კომპლექსი, თუმცა, ამაზე მოგვიანებით) კი ქართველმა შექმნა - გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნადირაძემ.

 

ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს, გორში დაიბადა. ბავშვობიდანვე კონსტრუქტორობისადმი ჰქონდა მიდრეკილება. 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში „ოსოავიაქიმიის“ ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც თავიდანვე გამოაჩინა ნიჭი საფრენოსნო აპარატების დარგში. 1936 წლამდე სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, შემდეგ კი - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა 1940 წელს. ამ დროისათვის, ის უკვე მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ - ჯგუფის ხელმძღვანელად. მის მიერ საჰაერო ბალიშის პრინციპზე შემუშავებული აფრენისა და დაშვების მოწყობილობა გამოიყენეს „УТ-2Н“ტიპის თვითმფრინავებზე.

 

1941 წელს ნადირაძე დანიშნეს  მოსკოვის გორბუნოვის სახელობის 22–ე ქარხნის მთავარი კონსტრუქტორად. ომის წლებში, მან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის ხუთი სახეობა გამოიგონა. 1945 წელს მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული იარაღის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად გადაიყვანეს. 1948 წელს კი, - ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვებისა და არამართვადი ზენიტური რაკეტების შემუშავების განყოფილების უფროსად.

 

ალექსანდრე ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მან შემიმუშავა საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების პრინციპები. მასვე ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა „МР-1“-ის გამოგონება.

 

ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი რადიომართვადი ბომბ „УБ-2Ф“–ით აღჭურვილი საავიაციო კომპლექსი „ЧАИКА“ 1955 წელს  მიიღეს შეიარაღებაში.  

                               

შემდეგ მან გაიმარჯვა კონკურსში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნის საუკეთესო პროექტის შექმნაზე.

 

1958 წელს ნადირაძე დაინიშნა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად.

 

1965 წელს ორგანიზაციას სახელწოდება შეუცვალეს და მას მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტი ეწოდა. ქართველი გამომგონებელი ამ ინსტიტუტის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში.

 

1966 წელს მისი ხელმძღვანელობით, შეიქმნა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა მოძრავი საგრუნტო კომპლექსისათვის („Темп“-20). 1971 წელს, ნადირაძემ კომპლექს „Пионер“-ზე დაიწყო მუშაობა. 1976 წელს სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში მიიღეს. ეს „სარაკეტო-ბირთვული ფარი“ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიამაყე იყო.

 

ვაშინგტონის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმში „Пионер“-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი დღემდე მთავარ ექსპონატად ინახება.

 

ნადირაძე იყო სამხედრო–ტექნიკური საოცრება „Тополь“-ის ავტორი.

 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ნადირაძის შექმნილ რაკეტებს, საკონტროლო გამოცდების ჩაბარების, სასწავლო-საბრძოლო გაშვების 30-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, არ ჰქონია არც ერთი წარუმატებელი ცდა (დღევანდელი რუსული სამხედრო ტექნიკისაგან განსხვავებით). გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მყარ საწვავზე მართვადი რაკეტები შემდეგი სისტემებისათვის: „ვოსხოდი“, „სოიუზი“, „კოსმოსი“, „სოიუზ-აპოლონი“, „პროგრესი“.

 

გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ნადირაძის ჯილდოების სია საკმაოდ ვრცელია. მხოლოდ წოდებებს და ხარისხს ჩამოგითვლით: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), დამსახურებული გამომგონებელი (1973), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981).     

              

1984 წელს, ის „თბილისობაზე“ ჩამოვიდა და „საპატიო თბილისელად“ აირჩიეს. სულ სამჯერ ყოფილა საქართველოში: დედისა და მამის დაკრძალვაზე, ბოლო ვიზიტის დროს კუკიაზე მშობლების საფლავი მოინახულა. შემდეგ გორში წაყვანა ითხოვა და ფეხდაფეხ მოიარა საყვარელი ადგილები. გზადაგზა ბავშვობისდროინდელ თავგადასავლებს იგონებდა, თითქოს ეთხოვებოდა მონატრებულ სამშობლოს.

 

ალექსანდრე ნადირაძე  1987 წლის 3 სექტემბერს, უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად კოსმონავტიკის ფედერაციისა და მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელობის მედალი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner