logo_geo
eng_logo
მსოფლიო კარდიოქირურგიის პიონერი - იუსტინე ჯანელიძე
- +

4 მაისი. 2020. 17:14

 

 

1913 წელს მსოფლიოში პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა მუშა გულზე, დაზიანებული აორტის აღდგენის მიზნით. მანამდე, ყველა ასეთი ცდა ფატალურად მთავრდებოდა. პირველი წარმატებული ოპერაცია ქართველმა ქირურგმა  იუსტინე ჯანელიძემ ჩაატარა მისივე გამოგონებული სპეციალური აპარატით და გულში ტყვიამოხვედრილი, აორტაგაგლეჯილი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. სწორედ ამის შემდეგ აღიარეს იუსტინე ჯანელიძე მსოფლიო კარდიოქირურგიის პიონერად. იუსტინე ჯანელიძის სახელი მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოებშია შეტანილი.

 

იუსტინე იულიანეს ძე ჯანელიძე 1883 წლის 2 აგვისტოს, სამტრედიაში დაიბადა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1900 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, საიდანაც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1905 წელს გარიცხეს.

 

მიუხედავად ამისა, სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და 1909 წელს, შვეიცარიაშივე, ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია. 1910 წელს იუსტინე რუსეთში დაბრუნდა და მოსკოვის უნივერსიტეტმა „წარჩინებული მკურნალის“ წოდება მიანიჭა. 1911-1914 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე. ღია გულზე ატარებდა ოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციების 27 პროცენტი წარმატებული იყო და ეს მაჩვენებელი იმდროინდელ მსოფლიოში უნიკალური გახლდათ - სხვა ქვეყნებში წარმატების მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატებოდა.

 

იუსტინემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1913 წლის 27 ოქტომბერს, სანკტ–პეტერბურგში წარმატებით გაკერა აორტის აღმავალი რკალის ჭრილობა. სწორედ ამ ოპერაციამ აქცია ქართველი მსოფლიოში ნომერ პირველ ქირურგად, მანამდე, ასეთი ოპერაცია წარმატებით არავის დაუსრულებია.

 

1914 წელს ის გაიწვიეს არმიაში. მუშაობდა სამხედრო–საველე სანიტარული მატარებლის უფროს ექიმად. დემობილიზაციის შემდეგ, პეტროგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) სამედიცინო ინსტიტუტში დაამტკიცეს პროფესორად და ჩააბარეს საერთო ქირურგიის კათედრა. 1927 წელს კონკურსის წესით აირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ. ამ თანამდებობაზე 1943 წლამდე მოღვაწეობდა..

 

იუსტინე ჯანელიძეს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ზოგადი და აღდგენითი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და გულის ქირურგიის საკითხებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კლინიკური ქირურგიის განვითარებაში. მსოფლიო ექიმებს, გულის ჭრილობების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება გაუზიარა წიგნით „გულის ჭრილობები და მათი ქირურგიული მკურნალობა“, რომელიც 1927 წელს გამოიცა. გარდა ამისა, მან პრაქტიკაში შემოიტანა მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, ამპუტაციისას ბარძაყის საყრდენი ტაკვის შექმნის ოპერაცია (რომელსაც ჯანელიძის ამპუტაციად მოიხსენიებდნენ), მხარის ამოვარდნილობის, იდაყვის ძვლის თავის ჩვეული ამოვარდნილობის ჩასწორების ორიგინალური მეთოდი. რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა კანის გადანერგვასა და პლასტიკურ ოპერაციებსაც.

 

1932 წელს იუსტინე ჯანელიძის თაოსნობით ჩამოყალიბდა ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი)  სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს. ამავე პერიოდში იგი აირჩიეს ქალაქ ლენინგრადის გადაუდებელი ქირურგიის საბჭოს თავმჯდომარედ. 1939 წელს კი დაინიშნა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ ქირურგად.

 

დიდი სამამულო ომის დაწყების პირველივე თვეებიდან იუსტინე ჯანელიძე მთელ ძალასა და ენერგიას ახმარდა დაჭრილებისთვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას. სამხედრო-საზღვაო ნაწილებში ქმნიდა სამკურნალო–საევაკუაციო უზრუნველყოფის დანაყოფებს. ეხმარებოდა სხვა ქირურგებსაც. 1943 წელს სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მიღებული ჰქონდა უამრავი ჯილდო და წოდება.

 

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქირურგები დღესაც წარმატებით იყენებენ იუსტინე ჯანელიძის მიერ დანერგილ მეთოდებს.

 

ლეგენდარული ქართველი ქირურგი 1950 წლის 14 იანვარს, ლენინგრადში გარდაიცვალა.  ამბობენ, რომ შვიდ კილომეტრზე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ სასაფლაომდე ფეხით  მიაცილა. დაკრძალეს დიდი ქიმიკოსის დიმიტრი მენდელეევის გვერდით.

 

და ბოლოს, იუსტინე ჯანელიძეს ერთი ასეთი ამბავი უკავშირდება: 30-იან წლებში, ლენინგრადში ჩეკისტებმა გულში დაჭრეს ბანდის მეთაური. აუცილებელი იყო მისი გადარჩენა, რათა ბანდის სხვა წევრები დაესახელებინა. ქართველმა პროფესორმა ჩეკისტებს უთხრა, რომ ეს კაცი მისთვის იყო პაციენტი და არა - ბანდიტი და იმ პირობით გადაარჩენდა, თუ პაციენტს არ შეაწუხებდა ბადრაგი და გამომძიებელი. ჩეკისტები გაოცდნენ, მაგრამ მაინც დაჰყაბულდნენ. ერთი თვის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაიპარა და ისევ დაჭრეს, ისევ ჯანელიძემ უმკურნალა და ურჩია, თავი დაენებებინა ყაჩაღობისთვის... 1942 წელს კი, ლენინგრადის შემოგარენში, ტყეში იპოვეს ბანდიტის გვამი, რომლის ჯიბეში აღმოჩენილ ბარათში ეწერა: „ჩემს გულს ვუძღვნი პროფესორ ჯანელიძეს“. ბანდიტის გული და მისი წერილი დღესაც ინახება სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მუზეუმში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner