logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: შეწყალების აქტის მორჩილად მიღებით, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან
- +

30 მაისი. 2020. 11:14

 

 

არ ყოფილხართ თქვენ ციხეში ჯდომის ღირსი და იბორიალეთ ახლა „სვაბოდაზე“. შეწყალების აქტი, როგორც ძაღლისთვის მიგდებული გახრული ძვალი.

 

 

ორი ქართველი „ვაჟკაცის“ ქართული პოლიტიკის მრავალჯერ ჩასვენებული და ისევ ამოსვენებული ორი „ვარსკვლავის“  “გიგილოს” და „ოქროს“ შეწყალების ამბავმა ჟურნალისტი თამარ ტალიკაძე გამახსენა, რომელიც, თუ არ ვცდები, უკვე თერთმეტი წელია ციხეში ზის, მაგრამ კატეგორიულ უარს აცხადებს შეწყალებაზე - მე უდანაშაულო ვარ და შესაწყალებელი არაფერი მჭირს. ერთადერთი თხოვნა მაქვს: დაიწყონ ხელახლა „ნაცების“ მიერ შეთითხნილი ჩემი საქმის გამოძიებაო.

 

 

შიგნით, ციხეში, ციხის ადმინისტრაცია ეხვეწება: რამდენი ხანი უნდა იჯდე აქ, დაწერე განცხადება შეწყალებაზე და გაგიშვებენო. გარედან ნაცნობ-მეგობრები ეხვეწებიან იგივეს, მაგრამ ქალბატონ თამარს არაფრის გაგონება არ უნდა -  სანამ ჩემ სიმართლეს არ დავამტკიცებ, შეწყალებაზე სიტყვა არავინ ჩამომიგდოსო.

 

 

ერთი კაფანდარა ქალია თამარი, რომ დაიჭირეს 50 კილო თუ იქნებოდა, ახლა მთლად გახდა და დაილია, მაგრამ სულით მაინც არ დაეცა, არ გატყდა, არ დანებდა და შეწყალების თხოვნა იუკადრისა, რადგან მიაჩნია, რომ მართალია.

 

 

ეს ორი „ვაჟკაცი“ კი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა როგორც კი შეწყალების აქტი გამოსცა, ეგრევე ციხის ჭიშკარს ეცა, რომ როგორმე ჩქარა გამოსულიყვნენ „სვაბოდაზე“.

 

 

ორივე მათგანმა მადლიერებით მიიღო პრეზიდენტის მიერ გადმოგდებული წყალობა და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ იმის შესახებ, რომ უდანაშაულონი არიან და შესაწყალებელი არაფერი სჭირთ.

 

 

შეწყალების აქტის მორჩილად მიღებით, მათ, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან და სასამართლოს მიერ მათი მისამართით გამოტანილი განაჩენი სწორი და კანონიერი იყო, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს არაფერი არ მომხდარა.

 

 

არადა, როგორ არ მომხდარა - ამ ორმა არსებამ და მათმა მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, როგორი უთავმოყვარეონი არიან, როგორი უსირცხვილოები, როგორი უტიფრები და როგორი არარაობები…

 

 

ერთი თამარ ტალიკაძე გადასწონის მთელ თქვენს პოლიტიკურ ჯოგს, თქვე მართლა სამარცხვინოებო.

 

 

ოღონდ გამოუშვით, ოღონდ შეიწყალეთ და კი, ბატონო, ნუ დაარქმევთ პოლიტპატიმრებს, როგორც ჩვეულებრივი პატიმრები ისე გამოუშვითო - ესეც კი თქვეს, ესეც კი იკადრეს.

 

 

ღირსების გრძნობა მთლად ასე რამ დაგიკარგათ, თქვე მართლა მათხოვრებო?

 

 

ზოგიერთებმა ეს შეწყალების აქტი `ქართული ოცნების~ ხელისუფლების სისუსტედ და უპრინციპობად მონათლეს.

 

 

ჯერ ერთი „ქართულ ოცნებას“ არ შეუწყალებია ეს ავაზაკები, პრეზიდენტმა შეიწყალა, რითაც ბოლომდე გააშიშვლა და ბოლომდე ამხილა მათი უბადრუკობა, მათი ამორალური და უზნეო ბუნება.

 

 

ორის გათავისუფლება არ კმარა, გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოთო, ყაყანებენ გულმოცემული „ნაცები“ და „ევრონაცები“.

 

 

გიორგი რურუაც პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და თუ ასეა, უნდა გათავისუფლდეს, აბა, რა?!…

 

 

ერთი თორაძეების დედაბუდიანად ამოწყვეტილი ოჯახის ცოცხლად გადარჩენილ წევრებს ჰკითხეთ, ვინ არის და როგორი პოლიტპატიმარიც არის გიორგი, იგივე ჟორიკა რურუა, თუმცა გათავისუფლებით, სჯობია, ისიც გავათავისუფლოთ და ამით ბოლო მოტივიც გამოვაცალოთ ხელიდან ამ მოძალადე ფსევდოოპოზიციას.

 

 

ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი - ამ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, პოლიტექნოლოგიებისა და პიარტექნოლოგიების ანაბანა რომ იცოდეს, პოლიტიკური თამაშების ინჩიბინჩი რომ ესმოდეს, ამ სამი პატიმრის გათავისუფლებას კი არ მოითხოვდნენ ასე თავგამოდებით, ამ სამ პატიმარს არჩევნების ბოლომდე „შეინარჩუნებდნენ“ ციხეში, როგორც მათთვის პოლიტიკურად უაღრესად მომგებიან თემას.

 

 

თამარ ტალიკაძემ 11 წელი თუ გაძლო ციხეში, ესენი ხუთ თვეს ვერ გაძლებდნენ? მით უმეტეს, თუ გიგი უგულავას დავუჯერებთ, ციხეში შესანიშნავი პირობები ჰქონდათ, რისთვისაც უგულავამ და სხვებმაც ციხის ადმინისტრაციას გულთბილი მადლობა გადაუხადეს.

 

 

ბარემ აქვე ისიც ვიკითხოთ: თქვენ როგორ ექცეოდით, ნაცებო, თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს საპატიმროებში? ისეთივე კომფორტში, მზრუნველობასა და ხაზგასმულ პატივისცემაში გყავდათ, როგორც თქვენ ჰყავდით „ქართულ ოცნებას“, თუ პირიქით, „დუბინკებით“ აუპატიურებდით, აწამებდით, ამცირებდით, კლავდით?

 

 

მახსოვს, ოქრუაშვილმა ერთი ღამე ვერ გაუძლო თავისიანების ციხეში ჯდომას და მეორე დღესვე მიტკალივით გადათეთრებული, წაშლილი და გაუბედურებული მონანიებით წარსდგა „თანამებრძოლების“ წინაშე და პატიება ითხოვა.

 

 

ოქრუაშვილმა იცოდა, სინამდვილეში, რა დონის ჯალათები და არამზადები იყვნენ მისიანები და ისიც იცოდა, რასაც უზამდნენ, თუ გაჯიუტდებოდა და მათ მხილებას გააგრძელებდა.

 

 

„ვაჟკაცმა“ ირაკლიმ, როგორც ვთქვით, ერთი ღამე ვერ გაძლო თავისიანების ციხეში, „ქართული ოცნების“ ციხეში კი მთელი ნახევარი წელი მორჭმით იჯდა და ბიძინა ივანიშვილის სალანძღავ წერილებს ჯღაბნიდა.

 

 

გაგიმართლათ თქვენ, ნაცებო, თორემ, სადაც სამართალია, თქვენ თქვენნაირებს უნდა გაესამართლებინეთ, თქვენნაირების ციხეში უნდა ჩაესვით და ზუსტად იმ მეთოდებით უნდა გაგსწორებოდნენ, როგორც თქვენ უსწორდებოდით სხვებს.

 

 

იქნებ მაშინ მაინც მიხვედრილიყავით, რა საშინელებებს ჩადიოდით და როგორ გაქციათ ძალაუფლებამ ურჩხულებად.

 

 

თქვენ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოთ რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე ევროპარლამენტარი, მოგქრთამოთ ცალკეული პერსონები, როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ, მოისყიდოთ ესა თუ ის გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ათასნაირი სიცრუე და სისულელე ალაპარაკოთ, მაგრამ ეს მაინც ვერ გიშველით, რადგან არსებობს მთავარი მოწმე, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელმაც საკუთარ ზურგზე იწვნია „ნაცმოძრაობის“ მმართველობის წარმოუდგენელი სისასტიკე და სადიზმი.

 

 

ვინც „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს დღემდე მფარველობს, ვინც ოქრუაშვილებს, უგულავებს და მათნაირ და მათზე უარეს დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად, პოლიტდევნილებად მოიხსენიებს, ვინც სააკაშვილს და მის ბანდას უკრაინაში თუ სხვა ქვეყნებში ასაქმებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი, პირველ რიგში, საქართველოს და ქართველ ხალხს აყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას, აბუჩად იგდებენ და თვალში ნაცარს აყრიან მილიონობით ადამიანს, რომლებსაც საკუთარი თვალებით აქვთ ნანახი „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმის მთელი სისასტიკე.

 

 

კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: რაც უფრო დიდი იქნება ფსიქოლოგიური ზეწოლა ქართველ ხალხზე, მით უფრო მკვეთრი და ხისტი იქნება ქართველი ხალხის პასუხი და მით უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ ნაცები, ევრონაცები თუ მათ შეხიზნული პოლიტიკური ვიგინდარები და ფარისევლები არჩევნებზე…

 

 

რაც შეეხება შეწყალების აქტით გათავისუფლებულებს, არ ყოფილხართ, თქვენ, პოლიტიკოსები, არ ყოფილხართ, თქვენ, ციხეში ჯდომის ღირსი და იბორიალეთ ახლა „სვაბოდაზე“, რომელიც ისე მოგიგდეს, როგორც მშიერ ძაღლს მიუგდებენ ხოლმე გახრულ ძვალს…

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner