logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: „პოლიტიკური ეპიდემიის“ გავრცელების უმთავრესი მიზეზი არის დაუნდობლობა!
- +

17 ივნისი. 2020. 16:16

 

 

EPIDEMIA - ამ ბერძნული ტერმინით მოიხსენიება საყოველთაო გადამდები დაავადებები, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას. თუ ეპიდემია გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს და კონტინენტებს მოედო, იგი უკვე პანდემიაა.

 

სხვადასხვა სახელით ცნობილი დაავადებები ინფექციის გადამტანი ვირუსების ან უმარტივესი ორგანიზმების საშუალებით ადამიანს ცხოველებიდან, მწერებიდან ან სხვა ადამიანიდან გადაეცემა, ელვის სისწრაფით ვრცელდება და მილიონობით სიცოცხლეს იწირავს.

 

კაცობრიობის ისტორიაში პირველი კარგად ცნობილი ასეთი დაავადება მე-14 საუკუნის შუახანებში, სავარაუდოდ, გობის უდაბნოში გაჩნდა, მთელ მაშინდელ მსოფლიოს მოედო, 1346-1373 წლებში სამჯერ იფეთქა და მაშინდელი კაცობრიობის თითქმის მესამედი - 100 მილიონამდე ადამიანი - გაანადგურა. განსაკუთრებით დაზარალდა ევროპა, მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. ეს დაავადება ისტორიაში ცნობილია „შავი ჭირის“ სახელით.

 

მეორე გრანდიოზული პანდემია კაცობრიობას ზუსტად ასი წლის წინათ (1918-1920 წ.წ.) „ესპანური გრიპის“ („ისპანკა“) სახელით მოევლინა, 500 მილიონამდე ადამიანი დააავადა (მაშინდელი კაცობრიობის 30 პროცენტი!) და 50 მილიონზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია სხვა არანაკლებ მრისხანე და დაუნდობელი ეპიდემიები: ყვავილი, ქოლერა (ხორველა), მალარია, დიფტერია, წითელა, ებოლა, ნაირნაირი გრიპები და ბოლოს COVID-19, რომელიც, შესაძლოა, კაცობრიობისთვის ფასეულობათა ტოტალური გადაფასების საფუძვლად იქცეს.

 

საყოველთაო გადამდები დაავადებების არსი მართლაც დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჯერად, მოდი, ვისაუბროთ სხვა არანაკლებ საშიშ ინფექციაზე პირობითი სახელწოდებით „პოლიტიკური ეპიდემია“.

***

622 წელს მანამდე იატაკქვეშეთში მოღვაწე ახალი რელიგიური ერთობა წინასწარმეტყველ მუჰამედის წინამძღოლობით მექადან მედინაში შევიდა (ოფიციალურად დაკანონდა) და ისტორიისთვის დაუჯერებლად მოკლე დროში მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის თავისი დროშის ქვეშ გაერთიანება მოახერხა. პირველივე „მართლმორწმუნე ხალიფების“ მმართველობის დასაწყისიდან (632 წ.) დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში არაბთა სახალიფო ატლანტის ოკეანიდან კაშგარის მთებამდე (ჩინეთის კედლამდე) გადაიჭიმა.

ისლამმა სამუდამოდ შეცვალა ადამიანთა შეხედულებები სახელმწიფოებრიობაზე; სხვა თვალით წარმოაჩინა ისტორიის განვითარების კანონზომიერებები; საფუძველი დაუდო ახალი, ისლამური ცივილიზაციის მშენებლობას.

 

***

მე-11 საუკუნის მიწურულს (1090 წლიდან) ბიზანტიის კეისარ ალექსი კომნენოსისა და რომის პაპის, ურბან მეორის ინიციატივით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა მრისხანე ანტიისლამური ეპიდემია კოდური სახელწოდებით „ჯვაროსნული ლაშქრობები“. იგი თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა, ორ კონტინენტზე რვაჯერ გადაიგრიალა და ევროპას არანაკლებ ტრაგიკული შედეგები მოუტანა, ვიდრე ავადსახსენებელმა შავი ჭირის ეპიდემიამ 1346-1373 წლებში.

 

საკაცობრიო მნიშვნელობის „პოლიტიკური ეპიდემიის“ კლასიკური მაგალითებია გერმანული ნაციზმი, რასაც, საყოველთაო ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ, დაახლოებით 70 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; საბჭოთა სტალინიზმი და ჩინური მაოიზმი; კუბაში ფიდელ კასტრო რუსისა და ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის უსასტიკესი რეჟიმები...

 

„პოლიტიკური ეპიდემიის“ ნიშნები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის და 90-იანების დასაწყისის საქართველოშიც გამოჩნდა - პოლიტიკური მაღალფარდოვნება; ბრძოლა რეალიზმის წინააღმდეგ; პოლიტიკური ოპონენტების შეუწყნარებლობა; „მტრებისა“ და „მოღალატეების“ აღმოჩენა; ეთნიკური უმცირესობებისადმი ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებები („ოსი საქართველოს დაუძინებელი მტერია“, „აფხაზი ერი არ არსებობს“, „თქვენ საქართველოში სტუმრად მოსულხართ“, „ახლა არ არის დემოკრატიულ ცვლილებების დრო“...); დილეტანტური საუბრები „ქართველი ერის გამორჩეულობაზე;“ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება; „კარვების ქალაქი“ რუსთაველის პროსპექტზე; უმაღლესი ხელისუფლის თვითნებური და გაუგებარი საკადრო პოლიტიკა; ბელადის ფოტოების ფრიალი, მისდამი მიძღვნილი სიმღერები და მქუხარე შეძახილები.

 

საბოლოოდ, ყველაფერი ეს და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები „ქართული ეროვნული ხელისუფლების“ ძალადობრივი დამხობისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დღემდე საიდუმლოებით მოცული ტრაგიკული აღსასრულის საფუძვლად იქცა.

 

ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაკოტრებული საქართველოს ხელისუფლების სათავეში მივიდა მართვის საბჭოთა გამოცდილებით დამძიმებული, დამოუკიდებელი ქვეყნის მართვის გამოცდილების არმქონე პრაგმატიკოსი, ედუარდ შევარდნაძე.

მართალია, მას ახალი „პოლიტიკური ეპიდემიის“ (კოდური სახელწოდებით „მამათი“) გავრცელებას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მისი ჩანასახის არსებობას, ალბათ, ვერ უარვყოფთ: ფართო ანტიზვიადური პროპაგანდა; თვითნებური საკადრო პოლიტიკა; ქვეყნის ერთმმართველობაზე მორგებული ადმინისტრაციული მოწყობის შენარჩუნება; არსებული და პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების იგნორირება; იმ პოლიტიკური ჯგუფის სრული განადგურება, ვისი ინიციატივითაც ხელისუფლების სათავეში დაბრუნდა; რუსთაველის პროსპექტზე მუხლზე დაცემული საზოგადოების ღაღადი - „ნუ წახვალ, ნუ!..“

 

***

მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში განვითარებული მოვლენებიც გავიხსენოთ. მანამდე კი, თუნდაც ზერელედ, თვალი გადავავლოთ მსოფლიო ისტორიისთვის დღემდე ვნებათაღელვის საგნად შემორჩენილ კიდევ ერთ „პოლიტიკურ ეპიდემიას“ – საფრანგეთის „დიდი რევოლუცია“ და მისი მთავარი შემოქმედი გავიხსენოთ.

 

ამ კაცის სახელია მაქსიმილიან ფრანსუა მარი იზიდორ დე რობესპიერი.

 

დაიბადა 1758 წლის 6 მაისს, საფრანგეთის პროვინციულ ქალაქ არასში, ღარიბი ადვოკატის ოჯახში. 6 წლისას დედა გარდაეცვალა. მამა ბედის საძიებლად უცხოეთში გაემგზავრა და შვილები (მაქსიმილიანი და მისი უმცროსი ძმა, ოგიუსტენი) ნათესავებს მიაბარა. მომავალი დიდი რევოლუციონერის ბავშვობის გატაცება ბეღურებისა და მტრედების მოშინაურება იყო. იზრდებოდა უკიდურეს სიღარიბეში. წარმომავლობით, რობესპიერების საგვარეულო ე. წ. „მესამე ფენას“ ეკუთვნოდა, თუმცა, მისი მამა-პაპა და პირადად მაქსიმილიანიც თავის გვარს ამაყად უმატებდნენ დიდგვაროვნობაზე მიმანიშნებელ წინსართს - „დე რობესპიერი“.

 

7 წლისა სასწავლებლად არასის კოლეჯში მიაბარეს, სადაც ძალიან მალე გამოავლინა არაჩვეულებრივი ნიჭი და სწავლის დაუოკებელი წყურვილი. სწრაფად დაიმსახურა ყველაზე ნიჭიერი მოსწავლისთვის განკუთვნილი სტიპენდია და სწავლის პარიზში, ჯერ იურიდიულ კოლეჯში და შემდეგ სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გაგრძელების საშუალება მიეცა. 1782 წელს მიიღეს არტუას პროვინციის ადვოკატთა კოლეგიის წევრად არასიდან. გამოირჩეოდა დიდებული ორატორული ნიჭით. მალევე ჩაერთო მშობლიური ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1789 წელს 31 წლის რობესპიერი არტუას პროვინციიდან საფრანგეთის გენერალური შტატების მუშაობაში მისაღებად არჩეულ 12 დეპუტატს და ოდნავ მოგვიანებით, ეროვნული კრების წევრთა შორის მოხვდა. თავისი ნიჭისა და ცოდნის წყალობით, იგი რამდენიმე თვეში უცნობი არასელი ადვოკატიდან სახელგანთქმულ ორატორად და უპირველეს რევოლუციურ მოღვაწედ გადაიქცა. იყო ჟან-ჟაკ რუსოს იდეების მიმდევარი. გამოირჩეოდა უკიდურესი რადიკალიზმით, რითაც ძალიან მალე „მოუსყიდველის“ თიკუნი დაიმსახურა. 1791 წლიდან გახდა „იაკობინელთა კლუბის“ წევრი და მისი უპირობო ლიდერი. აქტიურად გამოდიოდა „რევოლუციის მტრების“ განადგურების მოთხოვნით.

 

1792 წლის 10 აგვისტოს აჯანყების შემდეგ თვითგამოცხადებულმა პარიზის კომუნამ რობესპიერი თავის, ერთი თვის შემდეგ კი - კონვენტის წევრად აირჩია, სადაც მარატთან და დანტონთან ერთად მემარცხენეთა ფრთის („გორაკი“) ხელმძღვანელობა დაევალა. ამავე პერიოდიდან დაიწყო მისი დაუნდობელი ბრძოლა მონარქიის გუშინდელ მომხრეთა და თანამებრძოლ ჟირონდისტებთან. ამავე წლის სამ დეკემბერს გამოვიდა მეფე ლუდოვიკო XVI-სა და დედოფალ მარია-ანტუანეტას გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის წინადადებით. 1793 წლის 15 იანვარს მეფე-დედოფალს სიკვდილი მიესაჯა.

 

რობესპიერის ინიციატივით და დაჟინებული მოთხოვნით კონვენტიდან გააძევეს და გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს ჟირონდისტები და ებერტისტები; გაუსამართლებლად სიკვდილით დასაჯეს უამრავი დიდგვაროვანი, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი, სამხედრო პირი, ბიზნესმენი, „რესპუბლიკური მორალის“ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი; იგი იყო უსასტიკესი „რევოლუციური ტერორის“ მთავარი ინიციატორი, უახლოესი მეგობრებისა და თანამებრძოლების (ებერტი, დანტონი, დემულენი...) გილიოტინაზე გამსტუმრებელი...

 

საგულისხმოა, რომ მაქსიმილიან რობესპიერი იყო კამილ დემულენის მეჯვარე. ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, გილიოტინაზე აეყვანა არამარტო გუშინდელი მეგობარი და თანამებრძოლი, არამედ მისი მეუღლე ლიუსილიც. ალბათ ისიც საინტერესოა, რომ ლიუსილი გილიოტინაზე თავის მოსაკვეთად საქორწინო კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა და ეშაფოტზე ასვლამდე ირონიული მადლობა შეუთვალა მეჯვარეს, რადგან მან, როგორც ჯალათმა, საყვარელ მეუღლესთან სწრაფად შეხვედრის საშუალება მისცა.

 

მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში გილიოტინაზე სიკვდილით დაისაჯა დაახლოებით 35 ათასი ადამიანი. მათ შორისაა 1794 წლის 27 ივლისს აგრეთვე გაუსამართლებლად თავმოკვეთილი თვითონ მაქსიმილიან რობესპიერი და მისი უმცროსი ძმა, კონვენტის წევრი ოგიუსტენი. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ ოგიუსტენს თავი უკვე მიცვალებულს მოკვეთეს - წინა დღით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

 

რობესპიერს ეკუთვნის სიტყვები: „ტერორი სხვა არაფერია სწრაფი, მკაცრი და გარდუვალი სამართლიანობის გარდა. ამიტომაც, იგი სიკეთისა და სათნოების გამოვლინებაა“.

 

რობესპიერს უყვარდა გემოვნებით ჩაცმა-დახურვა და ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას. მისი მექრთამეობის, სიხარბის, ნეპოტიზმის ან სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ ცნობები არ შემონახულა.

 

საფრანგეთის „დიდი რევოლუციის“ ლეგენდარული ლიდერი ისტორიაში შევიდა არა როგორც იაკობინელთა სახელოვანი ბელადი, დიდებული ორატორი და მოღვაწე, არამედ როგორც დაუნდობელი მკვლელი.

 

ბარემ აქვე გავიხსენოთ „საფრანგეთის დიდი რევოლუციის“ კიდევ ერთი სულისჩამდგმელის, მაქსიმილიან რობესპიერის უახლოესი მეგობრისა და მის მიერვე გილიოტინაზე გასტუმრებული ჟორჟ ჟაკ დანტონის სიკვდილის წინ ნათქვამი: „რევოლუცია სატურნს ჰგავს - იგი ჭამს საკუთარ შვილებს“.

 

***

მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი (იმედია, მართლმორწმუნე „მიშისტები“ მათი ბელადის მაქსიმილიან რობესპიერის გვერდით მოხსენიებას მკრეხელობად არ ჩამითვლიან!) დაიბადა 1968 წლის 21 დეკემბერს თბილისში, ღარიბი საბჭოთა ინტელიგენტების, ექიმ ნიკოლოზ სააკაშვილისა და აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგის, გიული ალასანიას ოჯახში. მშობლები ერთმანეთს მალე დაშორდნენ და პატარა მიშა უმამოდ, დედისა და ბებია-ბაბუის მზრუნველობით გაიზარდა.

 

არც სკოლამდე, არც სკოლაში სწავლის პერიოდში მეგობრები არ ჰყოლია.

 

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. თუმცა, თბილისის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება ვერ მოახერხა და ბიძამ, საბჭოთა უშიშროების სამსახურის (КГБ) ჩინოსანმა კიევში წაიყვანა. 1985-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა სასაზღვრო ჯარებში (КГБ-ს სამხედრო დანაყოფი), სადაც სერჟანტის სამხედრო წოდება დაიმსახურა. საქმე ის არის, რომ საბჭოთა ეპოქაში სამხედრო ვალდებულება მოხდილი ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში მიღებისას მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

 

1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; შემდეგი სამი წლის განმავლობაში ერთდროულად და ასევე დიდი წარმატებით სწავლობდა ევროპისა და აშშ-ის რამდენიმე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში; 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის მიწვევით მმართველ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ შეუერთდა; ამავე წლის ნოემბერიდან გახდა „მოქკავშირიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 1998-1999 წლებში - საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე; 2000 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად; 2001 წლის 19 სექტემბერს ხელისუფლებასთან და პირადად შევარდნაძესთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პრინციპული უთანხმოების გამო, გადადგა მინისტრის თანამდებობიდან; ერთი თვის შემდეგ პარლამენტის წევრობის მოსაპოვებლად კენჭი იყარა და გაიმარჯვა ვაკის საარჩევნო ოლქში; მანამდე, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ და კონსერვატიულ პარტიებთან ერთად დევიზით - „საქართველო შევარდნაძის გარეშე“.

 

აქედან იწყება საქართველოში სააკაშვილის „პოლიტიკური ეპიდემიის“ გავრცელება.

 

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ, 22 ნოემბერს, უკვე მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ბლოკის („ნაცმოძრაობა“, „გაერთიანებული დემოკრატები“, „ტრადიციონალისტები“) აღიარებული ლიდერი მომხრეებთან ერთად შეიჭრა რადიკალი ოპოზიციონერების მიერ ალყაშემორტყმულ პარლამენტის შენობაში. ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან მეორე დღესვე გადადგა...

 

2004 წლის 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა ხმების 96 პროცენტზე მეტი მოიპოვა...

 

ამომრჩეველთა უმაგალითო მხარდაჭერით განხორციელებული ეს აშკარა სახელმწიფო გადატრიალება საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ რომანტიკული სახელით შევიდა. ეს არ გახლავთ შემთხვევითი - რევოლუციის სახელით ნებისმიერი დანაშაულის, ნებისმიერი სისასტიკის გამართლება შეიძლება.

 

შთამომავლობა ალბათ ვერასოდეს შეიტყობს, ურთულესი და უსასტიკესი საბჭოთა პოლიტიკური ხვანჯების უნიკალური მცოდნე შევარდნაძე 1995 წელს ახალგაზრდა უცნობი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას, მეშვეობით რატომ დაუკავშირდა ოკეანის გაღმა ამბიციურ დაუნდობელ ბიჭუნას, რატომ სთხოვა სამშობლოში დაბრუნება, მისი მფარველობა იკისრა და ძალაუფლებისაკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკი გაუხსნა.

არ ვამტკიცებ, რომ იმ პერიოდის საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ედუარდ შევარდნაძეს საკრიტიკო არაფერი ჰქონია. უბრალოდ, საუბარი ამჯერად სააკაშვილზე, უფრო ზუსტად, სააკაშვილის „პოლიტიკური ეპიდემიის“ თავისებურებებზეა.

 

სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში მისვლისთანავე დაიწყო რადიკალური ღონისძიებების გატარება აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად: ჩაატარა ახალი ნაწილობრივი საპარლამენტო არჩევნები; უმაღლესი თანამდებობის პირებიდან უშუალო შემსრულებლების ჩათვლით, შეცვალა აღმასრულებელი ხელისუფლების საშტატო შემადგენლობა; დაიწყო კანონების გასასტიკებისა და საკუთარ საჭიროებებზე მორგების პროცესი; გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობა“; კოდური სახელწოდებით „ჩარეცხილები“ დაიწყო ბრძოლა საღი აზრის, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის წინააღმდეგ; საზოგადოების დასაშინებლად დაიწყო მოპროტესტეების საჩვენებელი სასტიკი დარბევები და მკვლელობები; გაასამართლა 300 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე; საპატიმრო ადგილებში შექმნა შუა საუკუნეების ჯალათებისთვისაც კი შემაძრწუნებელი პირობები და დასმენის დახვეწილი სისტემა; დაიწყო ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის შეუქცევადი პროცესი; მთავარ პროკურატურაში შექმნა სპეციალური „ფონდი“, სადაც მოქალაქეებს „თავისი ინიციატივით“ შეჰქონდათ სოლიდური თანხები; „ნაცმოძრაობასთან“ შექმნა ახალგაზრდული ორგანიზაციები; თითქმის მთლიანად მოშალა და გაანადგურა საგანმანათლებლო, მათ შორის - მეცნიერებათა აკადემიის - სისტემა; დაარბია ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საკვანძო თანამდებობებზე დანიშნა საყმაწვილო ასაკის, აბსოლუტურად გამოუცდელი და მონური მენტალიტეტის გოგო-ბიჭები; რვა წლის განმავლობაში შვიდჯერ შეცვალა პრემიერ-მინისტრი; გამოირჩეოდა საბიუჯეტო სახსრების უმიზნო და უაზრო ფანტვით; ჩაება წინასწარ წასაგებად განწირულ ომში რუსეთთან, რის შედეგადაც დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი; კორუფციასთან ბრძოლის საბაბით, შექმნა „ელიტური კორუფციის“ დახვეწილი სისტემა; უკვე 2005 წლიდან დაიწყო საკუთარი თანამებრძოლებისთვის მაკიაველისტური „თავების დაყრევინების“ პროცესი; გაანადგურა ან „ნაცმოძრაობას“ დაუქვემდებარა ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა მედიასაშუალება; იყო აბსოლუტურად უნიჭო ორატორი, უყურადღებო მოსაუბრე, დაუოკებელი ცრუპენტელა-ფანტაზიორი და ასევე დაუოკებელი მოგზაური; 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყო რევანშისტული მოძრაობა, რაც აქტიურად გააგრძელა უცხოეთში გადაბარგებისა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგაც; საქართველოში გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით...

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ადამიანის სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ 1996 წელს გაუქმდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაუსამართლებლად სიკვდილით დაისაჯა 170 ადამიანი. აქ არ ითვლება ციხეში ან ციხიდან გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილები.

 

მაქსიმილიან რობესპიერისა და მიშა სააკაშვილის ქმედებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „პოლიტიკური ეპიდემიის“ გავრცელების უმთავრესი მიზეზი, გნებავთ, ყველაზე საშიში ბაცილა, არის დაუნდობლობა. არა გარეგნობა, არა განათლება და ორატორული ნიჭი, არა მიმტევებლობა და მოყვასისადმი სიყვარული, არამედ სწორედ დაუნდობლობა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო მაგალითად გამოგვეყენებინა ოლივერ კრომველის, ნაპოლეონის, ჰიტლერის, მაო ძე დუნის, სტალინის, ფიდელ კასტროს, კიმ ირ სენის, კიმ ჩენ ინის, ჩეზარე ბორჯიას ან სხვა ნაკლებად ცნობილი ბელადების მაგალითები, მაგრამ, დასკვნა მაინც იგივე იქნებოდა - სისასტიკე და დაუნდობლობა.

 

როგორც ჩანს, სისასტიკე და დაუნდობლობა ადამიანების გონებაზე დამთრგუნველად მოქმედებს და (იმის იმედით, რომ ოდესმე თავადაც დიდებას ეზიარება) ბელადის გაღმერთების, მისი მონური მორჩილებისკენ უბიძგებს. ბელადებიც სარგებლობენ ამ ადამიანური სისუსტით და  საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება-გაძლიერებისთვის მომაკვდინებელი „პოლიტიკური ეპიდემიის“ რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებას ელტვიან.

 

ასეთია სამწუხარო რეალობა.

 

  1. 05. 2020 წელი

 

 

right_banner
არქივი
right_banner