logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: პოეტს წამლის ფული არ ჰქონდა...
- +

7 ივლისი. 2020. 11:18

 

 

მაინცდამაინც იმ დღეს იწვიმა გადაუღებლად.

 

ქოლგა წამოვიფარე, ბოტები ამოვიცვი და გზას დავადექი. მიზეზი მქონდა ასეთ თავსხმაში გამოსასვლელად - ხალხისთვის საყვარელ გენიოს პოეტს სჭირდებოდა ასე.

 

- თვალთ მაკლიაო, - შემომჩივლა.

- სამაგისო ასაკი ჯერ არა გაქვს-მეთქი.

- ჩემს დაავადებას სჩვევიაო ასე.

ყოველ დღე ორი აბი წამალი უნდა ესვა, რომ დაავადებას მეტად აღარ შეეტოპა ორგანიზმში.

პოეტს კი წამლის ფული არ ჰქონდა.

 

იმ ღამეს მეგობარს ასი ლარი ვესესხე და გადავწყვიტე, თვითონ მეყიდა.

ყბაჩამოვარდნილი კარგა ხანს ვიდექი აფთიაქში, როცა გავიგე, რომ მთელი თვის სამყოფი, მხოლოდ და მხოლოდ ცხრა ლარი ღირდა.

 

ნერვები მომეჭიმა, ასე მეგონა, წამიც და დამაწყდებოდა.

 

ამ კაცს ნებისმიერი ქვეყანა ხელისგულზე ატარებდა და მეტიც, იმდენი ექნებოდა, რომ თვითონ დახარჯავდა ქველმოქმედებაში ათჯერ ას ლარს.

 

დავურეკე, შენი სახლი არ ვიცი და სადმე შემხვდი-მეთქი.

ვერ გამოვალო, -  მითხრა, - წვიმს და წვიმის ფეხსაცმელი არა მაქვსო.

 

მოვკვდი.

საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა, გუბეებში დავიწყე ბოტებით ხტუნაობა და ერთიანად დავსველდი.

ფეხებში ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა წყალს.

 

ქოლგაც დავკეცე და ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები ისე მოვმუშტე, სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.

 

ამიხსნა, მაგრამ სახლს ვერ მივაგენი.

მაინც მოუწია გამოსვლა გაჩერებამდე.

 

გადაუღებლად წვიმდა.

ოთახის ჩუსტებში წაეყო ფეხები და მოაფლარტუნებდა.

სარდაფი ჰქონდა ნაქირავები.

იატაკის მაგივრად დატკეპნილი მიწა იყო.

 

მტკიოდა.

ადამიანი რომ ვიყავი, ის მაგიჟებდა.

 

მეც და ესეც რომ ვცხოვრობდით - ისიც და ორივეს ცხოვრებას რომ ცხოვრება ერქვა - ჭკუიდან გადავყავდი ამას.

 

წამალი დავუტოვე და წამოვედი.

 

ხვალ, ზეგ, მაზეგ, კიდევ იმის მერე - როცა წავა, მოკლედ.

მომადგებიან მისი თაყვანისმცემლები და მეტყვიან - რას გაიხსენებდით მისი ცხოვრებიდან?!

 

ამას გავიხსენებ, აი, ამას, როგორ წვიმდა ქალაქში მთელი დღე გადაუღებლად და როგორ დამხვდა დიდი პოეტი ქუჩაში ოთახის ჩუსტებით, იმიტომ, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა....

 

 

right_banner
არქივი
right_banner