logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: "ბუტიაობა", როგორც ფინიში პოლიტიკაში!
- +

30 აგვისტო. 2020. 00:34

 

"ბუტიაობა", როგორც ფინიში პოლიტიკაში!

 

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა წყენაშერეულად გასცა "საიდუმლო": ლუკაშენკომ არ უპასუხა მერკელისა და მაკრონის ზარებს, ანუ, გააგზავნა ისინი... მის ჟარგონულ სტილში რომ ვთქვათ, სამ რუსულ "ასოზე". და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა... ადრეული სატელეფონო ზარების იგნორირების ფაქტები დაადასტურა თავად ქალბატონმა მერკელმა.

 

მდააა! "მწარედ" მაქვს დაცდილი ასეთი რანგის პოლიტიკოსების და ურთულესი ვითარების დროს სატელეფონო ზარების იგნორირება. ანუ, "გაბუტვა" (თუ მეტი არა), რასაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა "რეჟიმის" დროს, არაერთგზის შევსწრებივარ.

 

ლუკაშენკოს მხრიდან ევროპელი ლიდერების სატელეფონო ზარებისგან " ბავშვური დამალვა" ვერ არის რიგიანი ქცევა, მით უმეტეს, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის მხრიდან და, უწინარესად, პირადად მისთვის. ამ საქციელს, პირდაპირ მიესადაგება ძველი, "გამოქექილი" ფრანგი დიპლომატის მორის ტალეირანის სრულიად სხვა შემთხვევის გამო ნათქვამი: ეს "დანაშაულზე" მეტია, ეს არის... შ ე ც დ ო მ ა!

 

დარწმუნებით ვივარაუდებ: მეტისმეტად ძვირად დაუჯდება ეს შეგნებული შეცდომა 26-წლიანი პრეზიდენტობის სტაჟის მქონე "ბუტიას".

 

ისტორია მსგავს ფაქტებს "იმახსოვრებს".

 

შედეგსაც!!!

 

ღირს ახლა ერთი ფაქტის გახსენება, როცა, სამწუხაროდ, "კოლმეურნეობის თავმჯდომარემ" კი არა, მსგავსი "შეცდომა" თავიდან ვერ აიცილა, უფრო სწორად, არ (!!!!) აიცილა ისეთმა გამოცდილმა "პოლიტიკურმა დინოზავრმა", როგორიც ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. ვიმეორებ: კი ვერ აიცილა, არამედ ა რ (!!!) აიცილა.

 

2003 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პიკისას, საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონზე 3-ჯერ დაურეკა ჯეიმს ბეიკერმა.

 

ს ა მ ჯ ე რ !!!

 

რა თქმა უნდა, აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამჯერად არც საკუთარი ინიციატივით ეხმიანებოდა "მეგობარ ედუარდს" და არც მისი ოჯახის მოსაკითხად, როგორც ამას ადრე აკეთებდა. იმ გაგანია არეულობის დროს, შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი და პერმანენტული მიტინგები, აშშ საელჩოში ოპოზიციის ლიდერთა ვიზიტების შედეგად მათი დაუფარავი აგრესია ხელისუფლებისადმი, არადიპლომატური ლექსიკა და გაამაყებულ-გათავხედებული ქცევა, რამაც ბეიკერის ადრეული საგანგებო ვიზიტის შემდგომ პიკს მოაღწია, "შევისთვის" ავის მომასწავებელი გახლდათ. მით უმეტეს, ამ ვიზიტის ფარგლებში აშშ ემისართან მისი კონფინდენციალური საუბრებისას, ამერიკელთა სურვილი შეცვლილიყო "ვითარება", საიდუმლოდ არ რჩებოდა. ბეიკერის სატელეფონო ზარის არაერთგზის დაჟინებული გამეორება, იმის მინიშნება გახლდათ, რომ რეალური ვითარება რადიკალურ გადაწყვეტილებებს ითხოვდა.

 

ამერიკელებს არ აწყობდათ მოვლენების "უხეში" ფინალი და უხერხული ვითარების "რბილად" განმუხტვისთვის მსტოვრად შეარჩიეს "მეგობარი ჯეიმსი".

 

შევარდნაძისთვის, რომელსაც ასეთ "პოლიტთამაშებში" ბეიკერზე არანაკლები (თუ მეტი არა) გამოცდილება ჰქონდა (ამაზე ქვემოთ), ცხადი გახდა ამ შემთხვევაშიც - საგანგებო სატელეფონო ზარის მიზანიც: ემცნოთ პრეზიდენტისთვის "თეთრი სახლის" პოზიცია, მიეცათ მისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები (რაც შემდგომ განხორციელდა კიდეც) და იურიდიულად გაეფორმებინათ "ძვირფასი მეგობრისა და მრავალწლიანი საქმიანი პარტნიორისადმი" მათი კეთილგანწყობისთვის "წერტილის დასმა".

 

შევარდნაძემ "ფეხებზე დაიკიდა" ეს მრავალჯერადი სატელეფონო ზარი, საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივაც და ამით აშკარად გამოხატა თავისი უკმაყოფილება არამცთუ "თეთრი სახლის" ღალატისადმი (რაც მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო), არამედ ხაზი გადაუსვა მისი და ბეიკერის ლეგენდად ქცეულ ახლო ურთიერთობასაც და ამ ნაბიჯით, უკანდასახევი გზაც მოიჭრა. სამაგიეროდ შეინარჩუნა ადამიანური და პოლიტიკური ღ ი რ ს ე ბ ა.

 

ამ დრამატული პროცესისას ამერიკელების ქცევის დეტალები და შედეგები, ბელორუსიის "ბატკამ", ეტყობა, არ იცის. არც რუსეთისა... სამაგიეროდ ჩვენ გვახსოვს, მაგალითად: უნგრეთის პრემიერის იმრე ნადის ბედი... ავღანელი ნაჯიბულას კარიერისა და სიცოცხლის სახრჩობელაზე დასასრული... პოლონელი გენერლის, ექსპრეზიდენტის იარუზელსკის უკიდეგანო ლანძღვა-გინება... აღმოსავლეთ გერმანიის ხელმძღვანელის ერიხ ხონეკერის იძულებითი დევნილობა სამხრეთ ამერიკაში და არაერთი სხვა ლიდერის ცხოვრების ფინალი. სხვათაშორის, ზოგიერთი მათგანის გაწირვისა ფინალური დრამის უშუალო მონაწილე, როგორც ზემოთ მივანიშნე, გორბაჩოვთან ერთად თავად შევარდნაძეც გახლდათ და სიცოცხლის ბოლოს იგი, ამ მხრივ მის მიერ გადადგმულ ზოგიერთ (თუნდაც, იძულებით) ნაბიჯს, სინანულით იხსენებდა, რამეთუ მას და გორბაჩოვს პარტნიორების "ღალატი" ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ.

 

ლუკაშენკოს, ალბათ, არც ის კადრები უნახავს, შევარდნაძის დაკრძალვისას გულწრფელად როგორ ატირდა ჯეიმს ბეიკერი. რა თქმა უნდა, არც ის ეცოდინება, რასაც პირველად გავაჟღერებ "საქართველოს რესპუბლიკის" მკითხველთათვის: მოგვიანებით ვაშინგტონში ჩასული თედო ჯაფარიძე (ამერიკაში ჩვენი ყოფილ ელჩი და შევარდნაძისეული უშიშროების საბჭოს მდივანი) მან თავისთან საგანგებოდ მიიწვია და საუბრისას გულდაწყვეტით ჰკითხა: შევი ჩემზე, ალბათ, ნაწყენი წავიდაო ამ ქვეყნიდან. და როცა ჯაფარიძისგან დამადასტურებელი პასუხი მიიღო, თქვა: რა მექნა "თეთრ სახლში" მიმიწვიეს და უშუალოდ პრეზიდენტმა მომცა დავალება შევხმიანებოდი ედუარდს და... ამ დავალებას თავიდან ვერა და ვერ ავიცილებდიო...

 

ვგონებ, ამ ისტორიაზეა ზედგამოჭრილი თითქმის ორი საუკუნის წინათ წარმოთქმული მრავლისმეტყველი ფრაზა, რაც არაერთგზის გამიხსენებია და ახლაც გავიმეორებ: ყველა დიქტატორი (თუნდაც, ახლობელი-მოკავშირე "ძაღლისშვილი"), ავტორიტარი მმართველი, რომელიმე (თუნდაც, ჩვენნაირი) ქვეყნის ოდნავ დამოუკიდებლად "მოფართხალე" მეთაურიც, რაგინდ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე და დამსახურებულიც არ უნდა იყოს, ვალდებულია(!!!) განთავისუფლდეს პირადი მეგობრობის ყოვლისშემძლეობის ილუზიიდან და შეეგუოს იმ მაქსიმას (ერთერთი ვერსიით, მგონი, ინგლისის ყოფილ პრემიერს დიზრაელს მიაწერენ), რომ რაღაც მომენტში, როცა სჭირდებათ, "ვეშაპ" სახელმწიფოებს "ახსენდებათ", რომ მათ "არ ყავთ მეგობრები, აქვთ მხოლოდ მუდმივი ინტერესები". (უკაცრავად ციტატის პერეფრაზირებაზე).

 

ეს კლასიკაა. უკვდავი!

 

და ამ ფონზე, ჩემთვის მაინც გაუგებარია (და ეს მანაც ვერ ამიხსნა), თუ რატომ იყო დარწმუნებული ედუარდ შევარდნაძე, რომ ამერიკელები მას არ "გაყიდდნენ". სხვათაშორის, ჩემი მეგობარი ასლან აბაშიძეც ურყევად იყო დარწმუნებული, რომ რუსები მას "უერთგულებდნენ". ეს მით უფრო გასაკვირია, რომ მათ შესანიშნავად იცოდნენ, თუ რამდენად მდიდარია უახლესი ისტორია მფარველთა "ღალატის" მსგავსი ფაქტებით. და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა შეფერილობის იქნება გადაყენება-გადატრიალება-მოხსნა-განთავისუფლება და როგორ შეფუთავს მას მთავარი "დირიჟორი".

 

ასე რომ ბედოვლათებისთვის მოგონილი ლეგენდა- ზღაპრები 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" საყოველთაო-სახალხო ხასიათზე, ისევე, როგორც 90-ანი წლების რუსულად შეფერილ ანტიზვიადისტურ სახალხო "აჯანყებაზე, რბილად რომ ვთქვათ, "დაზუსტებას" მოითხოვს. ისევე, როგორც... გათვალისწინებას(!!!), რამეთუ ა.წ. 31 ოქტომბრის შემდეგ ცხელი "ნოემბერი" გარდუვალი იქნება....

 

ჰოდა, ვგონებ, რაღაც მსგავსი ისტორია მეორდება ახლა ბელორუსიაშიც. ოღონდ, თუ ძალიან არ შევტოპე, გავბედავ სახიფათო ვარაუდს: საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეთანხმდებიან ერთის მხრივ - კოლექტიური ტრამპი (ანუ, დასავლეთელი "ვეშაპები" - მერკელი, მაკრონი და მათთან მიტმასნებული ამბიციური და ცინიკოსი ბალტიისპირელები...) და, მეორე მხრივ, ჩვენი მოჩერჩეტო "პუბლიცისტკის" მიერ მის "პირად(!!!) მტრად" აღიარებული - "მეტეხელი ბიჭი" ვალოდია პუტინი: საბოლოოდ, ვის გაამწესებენ ისინი მინსკში ჩასასვლელად, "იგორ ივანოვის" როლზე და მიცემენ თუ არა რაიმე გარანტიებს ბატონ ლუკაშენკოს...

 

ერთადერთი რამ კი დარწმუნებით და უტყუარად ვიცი: ლუკაშენკო ვერ მიიღებს სამადლობელ წერილს აშშ პრეზიდენტისგან, რომელმაც გადადგომის შემდეგ გულის ამაჩუყებელი "გრძნობებით" სავსე მადლობა გადაუხადა შევარდნაძეს სწორი ნაბიჯისთვის (ამერიკული გაგებით). და თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ეს ამერიკელთა შეფასებები "ვარდების რევოლუციის" გამარჯვებულთა ტრიოს გასაგონად უფრო იყო ნათქვამი და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე გადამდგარ-გადაყენებული პრეზიდენტისთვის ხელშეუხებლობის "ფირმანად" უნდა აღქმულიყო. ასეც მოხდა...

 

მსგავს ბელორუსიულ "ცირკსაც" მალე ვნახავთო, ტაშით დასტურს მაძლევს ჩემი განუყრელი მეგობარი კ უ კ უ რ ი!

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner