logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: 31 ოქტომბერი გრანდიოზული „უბორკის“ დღედ უნდა გამოცხადდეს!
- +

30 აგვისტო. 2020. 20:29

 

 

– ჩვენ დასავლური ორიენტაციის პარტია ვართ! – აცხადებს პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინათ ქვეყანას შუა საუკუნეების ინკვიზიციური მეთოდებით მართავდა და რომელმაც ციხეები პატიმრებით გაავსო, ქუჩები კი – უდანაშაულო ადამიანების ცხედრებით.

 

– ჩვენ დემოკრატიას და დასავლურ ღირებულებებს ვემსახურებით – აცხადებს ამავე პარტიის განაყოფი, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა, პასპორტი გადაიკეთა და ახლა ამ ყალბი პასპორტით ცდილობს ჩვენს მოტყუებას.

 

თუ ეს ორი პარტია (სინამდვილეში ერთი, მაგრამ ორად გაყოფილი), მართლაც დასავლური ორიენტაციის და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ ორგანიზაციებად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ ცუდი ყოფილა დასავლეთი და კიდევ უფრო ცუდი დემოკრატია – ასეთ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს მოქალაქე, რომელმაც საკუთარ ზურგზე იწვნია ამ „პროდასავლელი დემოკრატების“ მმართველობის მთელი საშინელება.

 

ეს საბედისწერო დასკვნა ამ მოქალაქეს კიდევ უფრო უმყარდება, როცა ხედავს, რომ ამ ფსევდოდემოკრატებს და ფსევდომედასავლეებს დღემდე უჭერენ მხარს გარკვეული ძალები ხან ამერიკის კონგრესიდან, ხან – ევროკავშირიდან, ხან – სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ამ მხარდაჭერას კი გულმხურვალე მოწოდებებსაც მოაყოლებენ ხოლმე: ჩაატარეთ სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, თორემ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგებაო.

 

საქართველო და მისი ხელისუფლება ოქტომბერში აუცილებლად ჩაატარებს სამართლიან, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ, თუ ქართველი ხალხი „ნაცებს“ და „ევრონაცებს“ იმდენ ხმას არ მისცემს, რომ ისინი კვლავ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, ამ შემთხვევაში არჩევნები სამართლიანად არ ჩაითვლება?

 

ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმის ავტორები და შემოქმედები „ნაცები“ და „ევრონაცები“ თუ „გაიმარჯვებენ“, ეს იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, მაგრამ, თუ დამარცხდებიან, ეს იქნება უსამართლობა?

 

განა არ გვეუბნებიან შეფარვით და შენიღბულად, როცა ხან ამერიკის კონგრესიდან, ხან ევროპარლამენტიდან ცალკეული ჯგუფები მკაცრ წერილებს გვიგზავნიან და გვემუქრებიან ? ასე და ასე თუ არ მოიქცევით, მკაცრ ზომებს მივიღებთო?!

 

არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად კი არ უნდა ჩატარდეს, არამედ უნდა გაყალბდეს და თან იმნაირად, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა გაჩნდეს?

 

ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, დიდიან-პატარიანად, ყველა ერთად და ყველა ცალ-ცალკე, ისეთი დარწმუნებით და დაბეჯითებით ამტკიცებენ, „ქართული ოცნება“ იმ რაოდენობის ხმებს ვერ მოაგროვებს არჩევნებში, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება და, აქედან გამომდინარე, გარდაუვალია კოალიციური მთავრობის შექმნაო, ჩნდება გონივრული ეჭვი: – ეს სცენარი უკვე ხომ არ არსებობს სადღაც და ოპოზიციას ხომ არ არწმუნებენ, რომ მისი განხორციელება აუცილებლად მოხდება?

 

ამიტომ ხომ არ ლაპარაკობენ „ნაცები“, „ევრონაცები“, აგრეთვე სხვა ყარყაყურტა პარტიები ასე დაბეჯითებით, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვლება?

 

ამიტომ ხომ არა აქვთ დიდი ცილობა და გაწევ-გამოწევა ამ საბრალოებს, თუ როგორ განაწილდება სამთავრობო პორტფელები არჩევნების შემდეგ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ა.შ.

 

ამ დღეებში ბელარუსში საგულისხმო და საყურადღებო ამბები ხდება – ქუჩებში გამოჩნდნენ მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მოითხოვენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდეს ვინმე ტიხანოვსკაია, რომელმაც ლუკაშენკოს 80 პროცენტის საპირწონედ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო.

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანა, სადაც ადამიანებს, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ცხოვრების ყველაზე ნორმალური პირობები ჰქონდათ, დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

 

ბელარუსული სცენარის ქართულ ვარიანტს ხომ არ ამუშავებენ ვიღაც-ვიღაცები საქართველოსთვისაც?

 

„ქართულ ოცნებას“ სრულიად დამსახურებულად დღეს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს.

 

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველოშიც არ მოხდება იგივე, რაც დღეს ბელარუსში ხდება და გარკვეულმა ძალებმა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არჩევნების შედეგების გაუქმება ან გამარჯვებულად დამარცხებული ოპოზიციის გამოცხადება მოითხოვონ.

 

დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბევრს და მრისხანედ ილაპარაკებენ იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო ყოველივე ამის მთავარ ორგანიზატორად და იდეოლოგად მოგვევლინება მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, საქართველოს მტერი, პოლიტიკური ურჩხული, ძალაუფლების ფლობის მანიაკალური ინსტინქტებით გონდაბინდული არსება, რომლისთვისაც ოქტომბრის არჩევნები არის პოლიტიკური რეანიმაციის, პოლიტიკური რეაბილიტაციის ბოლო შანსი.

 

ახლა „ნაცმოძრაობისა“ და მისი განშტოებების გადასაწყვეტია, პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვებიან სააკაშვილს და მასთან ერთად გაიხვეტებიან პოლიტიკური ასპარეზიდან თუ იმ ადგილს დასჯერდებიან, რასაც მათ ქართველი ამომრჩეველი მიუჩენს. ისე კი, „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროდასავლური, დემოკრატიული ძალაა და მოქმედებდა, როგორც კრიმინალურ-ფაშისტური ბანდა, პირდაპირ უბიძგებდა დასავლეთით და დემოკრატიით განხიბლულ მოქალაქეებს რუსული ორბიტისკენ, რომ იქ ეძებნა ხსნა და საშველი ამ მოძალადე ხელისუფლებისგან თავის დასაცავად.

 

რატომ გახდა ასე ძნელი მისახვედრი ეს ყოველივე დასავლეთისთვის და რატომ ინარჩუნებს დღემდე სენტიმენტალურ განწყობებს „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მიმართ, რომლის მკერდსაც დღემდე ამშვენებს დასავლეთის მიერ მიტყუპებული ბირკა – „დემოკრატიის შუქურა“.

 

თუ „ნაცმოძრაობა“ პროდასავლური ორიენტაციის პარტიად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ ეს დასავლეთი ის დასავლეთი არ არის, რომლისკენაც საქართველო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მიისწრაფოდა, როგორც მშობლიური სახლისკენ. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დამთავრდეს. თუ გვინდა, რომ საქართველო არ დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს „ნაცმოძრაობა“ – 21-ე საუკუნის საქართველოს სირცხვილი.

 

P.S. ეს წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როცა დავით ბაქრაძემ, მეტსახელად „ჩანგალამ“, ამაყად და მტკიცედ განაცხადა: შეთანხმებულნი ვართ, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არ იქნებიანო. კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან, სამაგიეროდ, იქნებიან ბოკერია, უგულავა, ოქრუაშვილი, ბარამიძე, ბურჯანაძე, სხვები და სხვები და, რა თქმა უნდა, თვითონ დავით ბაქრაძე. კი მაგრამ, იმ სამს რომ იწუნებენ, დანარჩენები რით სჯობნიან ან რით განსხვავდებიან იმ სამისგან? ასე რომ, არ გამოგივათ თქვენ ეგ ფანდი, ერთი კლასტერიდან ხართ ყველანი, ბოროტების კლასტერიდან და ერთად ემსახურებოდით რეჟიმს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“, ანუ ქართული ფაშიზმი ჰქვია. კოალიციური მთავრობა გინდათ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ფაქტობრივად, არ არსებობს? კოალიციური მთავრობა კი არა, სამი თვე ვერ გაძელით ერთად, სამი თვე ვერ შეინარჩუნეთ ერთობა და ერთმანეთს დაერიეთ. გიყურებთ, გისმენთ, გაკვირდებით და გაოცებას ვარ: – ამდენი ყეყეჩი, ამდენი თავდაჯერებული ბრიყვი, ამდენი უკუდო ამპარტავანი, ამდენი ფარისეველი და თვალთმაქცი ერთად როგორ შეიყარა იმ თავლაში, რომელსაც ქართული პოლიტიკა ჰქვია. გამოსაწმენდია ეს თავლა, გამოსაგველია, თორემ ისეთი სიმყრალის სუნი გამოდის იქიდან, უკვე სუნთქვა ჭირს...

 

31 ოქტომბერი გრანდიოზული „უბორკის“ დღედ უნდა გამოცხადდეს!

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner