logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცმოძარობა“ კრიმინალურ-ფაშისტური, დანაშაულებრივი სახის ორგანიზაციაა
- +

30 აგვისტო. 2020. 21:27

 

 

კოალიციური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება

 

 31 ოქტომბერს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უნდა დავამარცხოთ და კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათ! – აი, ეს „წმინდათაწმინდა“ მიზანი აქვთ დასახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

 

ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, შემდეგ კი კოალიციური მთავრობა – აი, ეს არის ზუსტად, დროის მოკლე მონაკვეთში, საქართველოს გარდაუვალი დამარცხების წინაპირობა.

 

ძალაუფლების ხელი ჩაგდების ავადმყოფური სურვილის, სიხარბის, ამპარტავნული ბუნების, ზედმეტი პატივმოყვარეობის გამო ვერ გრძნობთ და ვერ ხვდებით, რომ ზუსტად ის დაგანგრევთ და გაგანადგურებთ, რაც დღეს ხსნად და გადარჩენად მიგაჩნიათ.

 

გამოგიტყდებით, თქვენი ბედი ნაკლებად მაღელვებს, თუმცა თქვენმა უგუნურებამ, არა მარტო თქვენ, არამედ თქვენთან ერთად ქართველ ხალხსაც შეიძლება უმძიმესი განსაცდელი დაატეხოს თავს.

 

რა კოალიციური მთავრობა, რისი კოალიციური მთავრობა? როგორ შეიძლება კოალიციურ მთავრობაზე საუბარი იყოს იმ ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს პოლიტიკური პარტიები თავისი მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიით, მსოფლმხედველობით, კონცეფციით.

 

მართალია, ოფიციალურად, 200-მდე დასახელების პარტიაა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს სხვადასხვა პარტიები კი არა, სხვადასხვა სახელებია, რომლებსაც არასოდეს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

ამ წვრილ-წვრილ ფსევდოპარტიებსაც რომ თავი დავანებოთ, რა იდეოლოგიური განსხვავებაა, ვთქვათ და, „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს, „ახალ საქართველოს“, „გირჩს“ შორის?

 

მოგეხსენებათ, ყველა ეს პარტია ერთი პარტიის „ნაცმოძრაობის“ განაყოფია, მისი განშტოებებია და თავის დროზე ყველა, ვინც ახლა განზე გამდგარა და სხვა სახელი დაურქმევია, დიდი თავდადებით და ერთგულებით აშენებდა „ნაცმოძრაობის“ მახინჯ სასტიკ, ანტიჰუმანურ და ანტიადამიანურ სისტემას.

 

ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი დიდი ხანია შეთანხმებულია, რომ „ნაცმოძარობა“ ეს არის კრიმინალურ-ფაშისტური, დანაშაულებრივი სახის ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, უკლებლივ ყველა, ვინც ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ქმნიდა, დანაშაულებრივ ორგანიზაციას ქმნიდა, დანაშაულის მონაწილეა, დამნაშავეა და ამ ორგანიზაციიდან გამოსვლა და სხვა „კლიჩკის“ დარქმევა პასუხისმგებლობისგან ვერ გაგათავისუფლებს, როგორც ეს სახელგადაკეთებულ „ნაცებს“ ჰგონიათ.

 

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და კოალიციური მთავრობის შექმნის არავითარი აუცილებლობა არ იარსებებს, მაგრამ ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე არ მოხდა და საჭირო გახდა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

 

ვინ შეიძლება მოხვდეს ამ კოალიციაში?

 

დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფი პარტიები, ანუ იგივე „ნაცმოძრაობა“, ოღონდ სხვადასხვა კლასტერებად დაყოფილი ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც კოალიცია კი ერქმევა, მაგრამ, სინამდვილეში ერთი საერთო პატრონი და ინსტრუქტორი ეყოლება.

 

კოალიციური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება.

 

აი, ამასაა რეკლამას და აგიტაციას რომ უწევენ „ნაცების“ ტელევიზიები და პიარსამსახურები, აგრეთვე, ამ ნაცისტურ „კოალიციას“ ტკიპასავით მიტმასნილი სხვადასხვა წვრილ-წვრილი პარტიუკები, რომლებიც ნებაყოფლობით პირდაპირ ხახაში უვარდებიან ხარბ და დაუნდობელ მონსტრს, რომელიც პირველსავე ხელსაყრელ მომენტში ლიფსიტებივით გადაყლაპავს ამ პოლიტიკურ ღორჯოებს.

 

– ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან“ და პირობას ვდებთ, რომ მასთან კოალიციას არ შევქმნით – ირწმუნებიან „კოალიციონისტები“ და იმას ვერ ხვდებიან, როგორ ამჟღავნებენ თავიანთ შავბნელ ზრახვებს, თავიანთ დესტრუქციულ ზნესა და ხასიათს, თავიანთ რევანშისტულ, შურისმაძიებლურ ბუნებას.

 

კოალიციური მმართველობა მასში შემავალი პარტიებისგან დიდ პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისის უნარს, პარტნიორული ურთიერთობების გამოცდილებას და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს.

 

რომელს აქვს კოალიციაში შესვლის პრეტენდენტთაგან ეს თვისებები?

 

ამ პარტიებიდან რომელს შეუძლია უკანა პლანზე გადასწიოს საკუთარი ინტერესები და ამბიციები?

 

ესენი რომ კოალიციურ რეჟიმში, შეთანხმებულად და შეხმატკბილებულად, ერთად შეუდგებიან ბედნიერი ქვეყნის აღმშენებლობას, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც თავის დროზე კომუნიზმის მშენებლობის იდეა იყო.

 

კოალიციური მთავრობის იდეა ფარსია, სატყუარაა, ხოლო ამ იდეის ავტორებმა შესანიშნავად იციან, რით დამთავრდება ეს დემაგოგია.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს და დემოკრატიული მსოფლიოს ჭკუაში მოტყუებას, როცა ირწმუნება, რომ თანახმაა ნებისმიერის გვერდით დაჯდეს და ნებისმიერის გვერდით დაჯდეს და ნებისმიერთან ითანამშრომლოს, ვისაც ხალხი აირჩევს.

 

შეიძლება თავიდან, ამ ე.წ. კოალიციაში რამდენიმე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელიც შეიყვანონ, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში იმ კოალიციაში ნაციონალების გარდა არავინ დარჩება – ყველას გაფერთხავენ.

 

ასე რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა, თუმცა ეს მცდელობა შეიძლება კატასტროფული შედეგებით დამთავრდეს თვით „ნაცმოძრაობისთვის“ და ისიც ისე „შეჭამონ“ სხვა მგლებმა, როგორც მგელი ტოტია შეჭამეს „კოლეგებმა“.

 

* * *

 

ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ნუ დააბრალებენ, რომ ქართული პოლიტიკა ვერ გაიზარდა, ვერ განვითარდა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი ბერწ, უნაყოფო წარმონაქმნად იქცა, რომელსაც არ შეუძლია შვას ახალი იდეები, ახალი სახეები, ახალი პოლიტიკური ფიგურები.

 

თუ ვინმეს ბრალია ეს, პირველ ყოვლისა, ბრალია თავად ოპოზიციისა, რომელიც ვერ მიხვდა, რომ მისი მთავარი კონკურენტი, მისი განვითარების დამამუხრუჭებელი და შემზღუდველი „ქართული ოცნება“ კი არა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელმაც მთელი ოპოზიციური სივრცე თვითონ დაიკავა და მათ არსებობის და მოქმედების არეალი წაართვა.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას, შეძლებისდაგვარად, შეეზღუდა „ნაცმოძრაობა“ და საბოლოოდ საერთოდ გაეყვანა პოლიტიკური ასპარეზიდან, რომ საარსებო და სამოქმედო სივრცე დაებრუნებინა, ეს ოპოზიციური პარტიები, ფაქტობრივად; „ნაცმოძრაობის“ დანამატებად იქცნენ, რაც იმით დააგვირგვინეს, რომ ბოლოს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებად იქცნენ, რომლის ცენტრში „ნაცმოძრაობა“ იდგა და, ცხადია, ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდა და ტრიალებდა.

 

* * *

 

ოპოზიციის დაცემა და მონური ქედდადრეკა იქამდეც კი მივიდა, ისინი, ვინც სააკაშვილს ცოტა ხნის წინათ პოლიტიკურ პირუტყვად, ზნედაცემულ პარანოიკად და ქვეყნის დამანგრეველ და დამაქცეველ მავნებლად მიიჩნევდნენ, ფეხებთან გაუკოტრიალდნენ მას და მორჩილება გამოუცხადეს.

 

ნაწილი ოპოზიციისა კიევშიც კი ეახლა მიშა-ყაენს და ძმობა და ერთგულება შეჰფიცეს.

 

სრული კაპიტულაცია, სრული მორალური კრახი, ფსკერი, რომლის ქვემოთ ვერ დაეშვები...

 

ეს იყო კატასტროფული, საბედისწერო შეცდომა, გამოწვეული პოლიტიკური უწიგნურობით, სიხარბით, უკაცრავად გამოთქმაზე და, პოლიტიკური გონებაშეზღუდულობით და წინდაუხედაობით.

 

პოზიცია დღეს ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ უკვე გვიანია – ხელიდან არის გაშვებული ძვირფასი რვა წელი, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ კიდევ ბევრი რამ შემატა და კიდევ უფრო გააძლიერა, დანარჩენ ოპოზიციას კი ბევრი რამ დააკლო და კიდევ უფრო დააძაბუნა და დააჩაჩანაკა.

 

ოპოზიცია თუთიყუშივით ბრმად და გაუცნობიერებლად იმეორებს „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოგდებულ მოწოდებას: ყველანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ! ერთად დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი!

 

ოპოზიციონერებო, თუ მართლა გონებაშეზღუდულები არ ხართ, იმდენს როგორც ვერ ხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არ არის თქვენი მტერი, თქვენი მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ნება-ნება გაუპატიურებდათ, მერე, რვა წლის განმავლობაში, ტუალეტის ქაღალდის ფუნქციას გასრულებინებდათ, ახლა კი საზარბაზნე ხორცად გიყენებთ და თქვენს გვამებზე გადავლით ისევ ხელისუფლებაში აპირებს მობრუნებას.

 

სანამ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ასპარეზზე ბოგინობს, სანამ „ნაცმოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშა უკავია, ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს განვითარება და წინსვლა არ უწერია.

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

right_banner
არქივი
right_banner