logo_geo
eng_logo
თვე, როდესაც 200 ათასზე მეტი ადამიანი მოსკოვის ქუჩებში ტანკებს წინ აღუდგა
- +

3 სექტემბერი. 2020. 14:47

 

 

29 წელი გავიდა იმ დღეებიდან, როცა  მოსკოვის ქუჩებში ტანკები გამოჩნდნენ, თუმცა, მთავარი საბჭოთა ტელევიზიის ეთერში დაუსრულებელი „გედების ტბა“ ტრიალებდა.  1991 წლის აგვისტოს დღეებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი პირებისგან შემდგარმა ГКЧП-მ  სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, აგარაკზე მყოფი სსრკ-ის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი სრულ იზოლაციაში დატოვა, გადაადგილება შეუზღუდა, მოსკოვში კი არმია შეიყვანა. ГКЧП-ს წევრებმა  ფაროსში ჩაკეტილ გორბაჩოვს კავშირგაბმულობის ყველა არხი დაუბლოკეს და „ბირთვული ჩემოდანიც“ კი ჩამოართვეს. შეთქმულთა სათავეში ძირითადად ძალოვნები იყვნენ, მათ შორის იმჟამინდელი „კაგებეს“ უფროსი კრუჩკოვი. ამბოხებულების გაცხადებული მიზანი საბჭოთა კავშირის წარსული დიდების აღდგენა იყო, თუმცა, ეს მიზანი იმდენად ამაო და აზრს მოკლებული აღმოჩნდა, რომ პუტჩიდან სამ დღეში ГКЧП-მ არსებობა შეწყვიტა.

 

 

ეკონომიკური კრიზისის და გორბაჩოვის მიმართ დაგროვებული ანტიპათიის მიუხედავად, არაკონსტიტუციური ამბოხი ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბჭოთა ნომენკლატურას ვერც ტანკებმა, ვერც ხალხის დაშინებამ ან მოვლენების გადასაფარად ტელევიზიით „გედების ტბის“ ჩვენებამ ვერ უშველა.  თეთრი სახლის დასაცავად 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, რომელთაც სათავეში რუსეთის ფედერაციის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაუდგა.

 

 

 

 

არსებობს მრავალი ვერსია და შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო განწირული დამარცხებისთვის აგვისტოს პუტჩი, რა მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ რუსეთისთვის არამედ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იმ ფაქტს, რომ კომუნიზმი, როგორც სახელმწიფოს მთავარი იდეოლოგია დამარცხდა.

 

 

თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ, ბევრი ადამიანი, მათ შორის საბჭოთა კავშირ გამოვლილ რესპუბლიკებში ფიქრობს, რომ სსრკ-ს დანგრევა დიდი კატასტროფა იყო, დღეს კრემლიც ფაქტიურად სწორებას  სტალინისეულ რეპრესიებსა და ტერორზე აკეთებს. იმ „რკინის ფარდის“ ჩრდილი, რომელიც საბჭოთა ხალხს დანარჩენ სამყაროსთან ათწლეულების განმავლობაში ყოფდა, სულ უფრო და უფრო უახლოვდება  რუსეთს. ოპოზიციური განწყობების გაჩენის მიუხედავად, ფედერაცია  ახალი „დიადი ბელადის“ წინაშე  მუხლებზე ისევ დადგა. 2036 წლამდე ქვეყნის სათავეში ყოფნის სურვილი, ნებისმიერი უარყოფითი აზრის აუტანლობა, ტოტალური ცენზურა და მედია კონტროლი, ოპოზიციონერების დაჭერები, მოწამლვა და სპეცსამსახურების აღზევება ხომ სწორედ იმ ისტორიის გამეორებაა, რომელსაც ბოლშევიკები ქმნიდნენ. დამოუკიდებელი რესპუბლიკებისთვის ტერიტორიების წართმევა, ათასი მოგონილი საბაბით სუვერენულ სახელმწიფოების ანექსია განა სხვა რამეა თუ არა წითელი ტერორისტების ჩვეული სტილი.

 

 

დღეს,  საბჭოთა ძალადობრივი მემკვიდრეობის და თავსმოხვეული არჩევანის უარყოფა ბელარუსში მიმდინარეობს.  საბჭოთა კავშირის დაშლიდან 29 წლის შემდეგ, კრემლი კვლავ ცდილობს „მოძმე“ რესპუბლიკებში თავისი კონტროლი შეინარჩუნოს, თუმცა საკუთარ მოქალაქეებს მკბენარებით სავსე საავადმყოფოებში ამყოფებს. დღეს, კრემლი ისევე წამლავს ოპოზიციონერებს, როგორც ოდესღაც ლენინს სჩვეოდა. დღეს, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მსოფლიო კოვიდ-19 ის იმ „სასწაულმოქმედი“ ვაქცინით  გააოცოს, რომლის მიღების შემდეგ 38 გამოსაცდელ პაციენტს 144 უკუჩვენება გამოუვლინდა.

 

ნელიკო გურგენიძე

 

 

right_banner
არქივი
right_banner