logo_geo
eng_logo
ქრისტინე კარანაია: პირველკლასელების სირთულეები და მათი დაძლევის გზები
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:17

 

 

შემოდგომის დადგომა განსაკუთრებით ამაღელვებელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვისაა. მშობლები იაზრებენ, რომ მათი შვილები უკვე გაიზარდნენ, ცხოვრების ახალი ეტაპი ეწყებათ და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ბავშვისთვის კი თამაშის ეტაპიდან ახალ, პასუხისმგებლობით სავსე ეტაპზე გადასვლა არც ისე კომფორტული პროცესია, რადგან მას თან ახლავს ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. სკოლის დაწყებამდე ბავშვების უმეტესობა დადიოდა ბაღში, სადაც თამაშობდა, ერთობოდა, დროს სასიამოვნოდ ატარებდა. პირველკლასელს კი აქვს ახალი ყოველდღიური რუტინა, პასუხისმგებლობა, რაც ხშირად იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას. ბავშვი ვერ იგებს, რატომ უნდა იჯდეს მთელი გაკვეთილი წყნარად, რატომ არ უნდა ითამაშოს. ბაღის შემდეგ სკოლის წესები მოსაწყენი და რთულად შესასრულებელი ჩანს, რადგან ბავშვს უჭირს ემოციებისა და სურვილების კონტროლი. ახლა მისგან თამაშის ნაცვლად მოითხოვენ დისციპლინას, კარგად სწავლას. სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია და მნიშვნელოვნად არის განპირობებული, როგორ ოჯახურ გარემოში იზრდება იგი. ოჯახში უნდა სუფევდეს ისეთი ატმოსფერო, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რაც შეიძლება კომფორტულად ინტეგრირდეს სასკოლო ცხოვრებასთან და წარმატებით ადაპტირდეს ახალ გარემოში. თუ პირველკლასელს მშობლები სათანადოდ არ უჭერენ მხარს და მის პრობლემებს სერიოზულად, გაგებით და მოთმინებით არ ეკიდებიან, მაშინ სკოლაში პირველი სირთულეების ნეგატივი შეიძლება ჩამოყალიბდეს სწავლის მუდმივ ზიზღში. ამიტომ აუცილებელია, ბავშვი წინასწარ მოვამზადოთ სასკოლო ცხოვრებისთვის, რომ ეს პროცესი გავხადოთ მისთვის მიმზიდველი, საინტერესო, სასურველი, რაც მომავალში წარმატებულ შედეგებამდე მიიყვანს, ამისთვის კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ შესაბამის რეკომენდაციებს.

 

  • ესაუბრეთ ბავშვს სკოლაზე, მოუყევით, რა მოხდება სკოლაში, როგორი იქნება გაკვეთილები, შეუქმენით მასწავლებლის ავტორიტეტი.

 

  • თუ გაქვთ შესაძლებლობა, ბავშვს წინასწარ დაათვალიერებინეთ სკოლა, კლასი, გააცანით მასწავლებელს, რადგან, როცა იცნობს გარემოს და იცის სად მიდის, მღელვარებაც ნაკლებია.

 

  • ჩართეთ ბავშვები წინასასკოლო სამზადისში. მიეცით საშუალება, თავად აირჩიონ ჩანთა, ერთად შეარჩიოთ რვეულები თუ სხვა საჭირო ნივთები. ეს პროცესი მათთვის სასიამოვნო იქნება, რაც დაეხმარება სტრესის შემცირებაში.

 

  • მოაწყვეთ მისი სამეცადინო კუთხე, რომ ბავშვმა იცოდეს, სად არის მისი სამუშაო ადგილი და ნოხზე თამაშის ნაცვლად გადაინაცვლოს მაგიდასთან. კარგი იქნება, თუ დაკავდებით როლური თამაშებით და გაითამაშებთ გაკვეთილის სცენარს. თან როლებს შეცვლით, ხან ბავშვი იქნება მასწავლებელი, ხან – მშობელი.

 

  • ძალიან არ გადატვირთოთ ბავშვის განრიგი. ხშირად ბავშვებს პირველსავე სასწავლო წელს ტვირთავენ სხვადასხვა წრეებით, დამატებით ატარებენ მასწავლებლებთან, აუცილებელია ბავშვებს დაუტოვოთ თავისუფალი დრო თამაშისთვის.

 

  • დეტალურად გამოჰკითხეთ ბავშვს მათი ემოციების შესახებ, რას ფიქრობს სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაზე ღელავს, რა აინტერესებს, რადგან ემოციების გაზიარება და კითხვებზე პასუხის გაცემა შეამცირებს მათ შფოთვას და თქვენც საშუალებას მოგცემთ, გამოასწოროთ ის დეტალები, რომლებიც ბავშვისთვის ნერვიულობის საფუძველია და ბავშვს ექნება მეტი ემოციური რესურსი, რომ ჩაერთოს წარმატებულ სასწავლო პროცესში.

 

 

 

ავტორი; ქრისტინე კარანაია

 

 

წყარო;http://psychologist.ge/pirvelklaselebis-sirtuleebi/

 

 

right_banner
არქივი
right_banner