logo_geo
eng_logo
სანამ ლუკაშენკო პუტინს ჰოკეის ეთამაშება, პოლონეთი, უკრაინა და ლიეტუვა ცდილობენ, არ გახდნენ „ეფექტური შანტაჟის ობიექტები“
- +

9 სექტემბერი. 2020. 19:03

 

 

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. გავლენიანი ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ბელარუსების ნების აღსრულებას და მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებული ვითარების დეესკალაცია, მშვიდობიან დინებაში გადაყვანა. ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. საპროტესტო აქციების მონაწილეები არა ერთხელ სასტიკად დაარბიეს, მიმდინარეობს მასობრივი დაკავებები ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ამ ფონზე, ლუკაშენკო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინს სოჭში შეხვდა. შეხვედრა „tête-à-tête“ მიმდინარეობდა. როგორც კრემლი იუწყება, პრეზიდენტებმა ყველა საჭირბოროტო საკითხი განიხილეს და მათ შორის ღრმა ისტორიული წიაღსვლებიც კი გაუკეთებიათ. ასევე,  მათი საყვარელი ჰოკეი ითამაშეს. პუტინ-ლუკაშენკოს გუნდი, ბელარუსელი და რუსი სპეცსამსახურების თანამშრომლების წინააღმდეგ თამაშობდა.   

ამ დროს, როცა პუტინი, ლუკაშენკო და მათი სპეცსამსახურები ჰოკეით ერთობიან, არაერთ ქვეყანაში ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვები იმართება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 30-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვის შეკვრა იყო.  აქციაში ლიეტუველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე და მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. „30 წლის წინ ლიეტუველებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი თავის ლატვიელ და ესტონელ ძმებთან ერთად. ბალტიის გზით, ჩვენ გიგზავნით თავისუფლების მესიჯს. დღეს ბელარუსი ხალხი მსოფლიოს აჩვენებს თავის ნებას: მათ სურთ, იყვნენ თავისუფლები“, - დაწერა ნაუსედამ „ტვიტერზე“.

 

 

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებთან ერთად, პოლონეთმაც დაიკავა ერთმნიშვნელოვნად ხისტი პოზიცია და სახელმწიფო დონეზე აიყვანა ბელარუსელი ხალხის მხარდაჭერა, რუსული გავლენების ჰეგემონიის შეწყვეტისკენ სწრაფვა.

 

ახლახან, პოლონელებისთვის დიდი სიმბოლური შინაარსის მქონე ქალაქ ლიუბლინში, სადაც 500 წლის წინ  სახელმწიფო კონფედერაცია „რეჩ პოსპოლიტა“ შეიქმნა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ახალი ინტეგრაციული პროექტი ჩაეშვა. სწორედ ამ ისტორიულ და სიმბოლურ ქალაქში სამი ქვეყნის - პოლონეთის, უკრაინის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს „ლუბლინის სამკუთხედის“ შექმნის შესახებ. ევროპული გეოპოლიტიკის კონტექსტში ამ გაერთიანებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმიტომაც, რომ თუკი გაერთიანებას ბელარუსიც დაემატება, დიდი შანსი არსებობს, სამკუთხედი რომბად გადაიქცეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატისთვის საწყისი გახდა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, „პოლონეთი, უკრაინა და ლიეტუვა ესწრაფვიან იმისკენ, რომ არ გახდნენ „ეფექტური შანტაჟის ობიექტები“ - რაც გულისხმობს იმასაც, რომ უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის მშენებლობას“. ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა სამი დედაქალაქის ხმას უფრო მკაფიოდ გაიგონებენ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ ევროკავშირის და ნატოს მოედნებზეც. აღსანიშნავია, რომ ამ სამი სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, „ლუბლინის სამკუთხედის“ პლატფორმა ითვალისწინებს ამ სამი ქვეყნის ურთიერთქმედებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების უკეთ რეალიზებისთვის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოც გაწევრიანებულია), სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლას და მათ შორის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც. იაცეკ ჩაპუტავოჩმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ახალი „სამკუთხედის“ შექმნის მიზანი არა მხოლოდ ერთობლივი მუშაობაა ევროკავშირის შიგნით, არამედ „იმ წესების გადახედვა, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას არეგულირებს“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ კი შემდეგი რამ თქვა: „ევროპის ამ ნაწილში არ არის არაფერი უფრო ბუნებრივი, ვიდრე სამი ერის: პოლონელების, ლიეტუველების და უკრაინელების კავშირი“.

 

დღეს, როცა სულ უფრო მკაფიო ხდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანების გაძლიერება რუსული იმპერიალისტური გავლენების, აგრესიის და მომავალ ზრახვების წინააღმდეგ, კიდევ ერთი სიმბოლური პარალელის გამოკვეთა აბსოლუტურად გამართლებული გამოდის: 1514 წლის 8 სექტემბერს,  დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიაზე, ორშაში, ისტორიული ბრძოლა გაიმართა. ლიტვის დიდი სამთავროს და პოლონეთის სამეფოს გაერთიანებულმა არმიამ მოსკოვიტების ურიცხვი ჯარი დაამარცხა. 1514 წლის ორშას ბრძოლა ევროპის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს - ეს იყო გაერთიანებული სამთავროების პირველი დიდი გამარჯვება აღმოსავლელ მეზობელთან. შემდგომში, რუსული მხარის შოკი გამოიწვია არა მხოლოდ მათი არმიის ორი კორპუსის განმანადგურებელმა მარცხმა, არამედ იმანაც, რომ ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა მათი არმიის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ყმებიანად. ისტორიის კვლევის და წაკითხვის დღევანდელი რუსული პროპაგანდისტული მცდელობების მიუხედავად, ბელარუსელი ისტორიკოსები ერთხმად თვლიან, რომ ამ ისტორიული ბრძოლის შემდეგ, მოსკოვმა დროებით შეწყვიტა თავისი ჯარების გაგზავნა გაერთიანებული „რეჩ პოსპოლიტას“ ტერიტორიაზე, ბელარუსი დამოუკიდებელი გახდა, ხალხმა ამოისუნთქა  და სწორედ მე-16 საუკუნე გახდა ბელარუსის კულტურის აღორძინების და ოქროს ხანა.

 

 

 

დღეს, 4 საუკუნის შემდეგ, მოსკოვიტების წინააღმდეგ კვლავ იკვრება გაერთიანება -პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური. კვლავ რუსული იმპერიალისტური და დამპყრობლური მანიის წინააღმდეგ ერები  ერთიანდებიან და მათ  უდიდესი შანსი აქვთ, მორიგ გამარჯვებას მიაღწიონ.

 

ქეთი ხიდაშელი

 

 

right_banner
არქივი
right_banner