logo_geo
eng_logo
„მიშა, ჰამოდი“, ანუ მორიგი წინასაარჩევნო აფიორა „ბოდიშის“ თანხლებით
- +

22 სექტემბერი. 2020. 13:00

 

 

სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონას ეპიდემიასთან ბევრად ეფექტური ბრძოლით ხელისუფლების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი რომ მეტად მაღალია, ამაზე არავინ დავობს. ნაციონალური მოძრაობა ბოლო თვეების განმავლობაში, ამაოდ ცდილობს ხელისუფლების „გაშავებას“ ამა თუ იმ სფეროში. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა დადგმული სპექტაკლებითა და  ყალბი ინფორმაციებით ვერაფერს მიაღწიეს.

 

და აი, კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე, უფრო სწორად „ფეისბუქის“ „ლაივში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს უკანასკნელი, რაც საქართველოდან წავიდა, ყოველი არჩევნების წინ, სოციალურ ქსელში „ლაივების“ ჩართვით აგულიანებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფანებს - „ვბრუნდები, ვბრუნდებიო“ და ფანებსაც უხაროდათ, - მის გვერდზე დაუზარებლად პოსტავდნენ: „მიჰა, ჰამოდი, ჰამოდიო“.

 

მიშა კი ყოველთვის უცრუებდა იმედებს და ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხება იყო. იცოდა ჩვენმა „მაღალმა“, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიჭერდნენ და „ვირის თანამედროვე, კომფორტულ  აბანოში“ ამოაყოფინებდნენ თავს.

 

2020 წლის არჩევნებისთვის მზადებაც გულმოდგინედ დაიწყო, აწყობდა შეხვედრებს ისეთ ადამიანებთანაც, რომლებიც თავის დროზე მიწასთან ასწორებდნენ მას (გუბაზ სანიკიძე და სხვები). არჩევნებიც მოახლოვდა და მიშა მიხვდა, რომ თავისი დაბრუნების ძველებურად დაანონსება არაფერს მოუტანდა, რადგან „ნაცმოძრაობის“ ფანების დიდ ნაწილსაც უკვე ვეღარ დააჯერებდა, ამიტომ ახალი რამ მოიფიქრა - მობოდიშება 2003-2012 წლებში დაშვებული შეცდომებისთვის.

 

აქამდე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ომახიანად ამტკიცებდა, რომ ჩემს დროს საქართველო ბრწყინავდაო და იმუქრებოდა, რომ ჩამოვალ, ბევრი ამოყოფს თავს ციხეშიო. ასეთი აგრესიული მიდგომებით, მხოლოდ საქმეს უფუჭებდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

ამრიგად, „ჩვენი მაღალი“ ისევ დაბრუნებას აანონსებს, თუმცა, კარგად იცის, რომ მის გეგმას ასრულება არ უწერია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გზა „გაუხსნა“: „ჰა, ჰამოდიო!“.

 

რაც შეეხება წარსულში დაშვებულ შეცდომებზე მობოდიშებას, მისი „ცრემლების“ თბილისს არ სჯერა.

 

გიორგი სავარსამიძე

 

 

right_banner
არქივი
right_banner