logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს არ არის ჟურნალისტიკა!
- +

26 სექტემბერი. 2020. 17:29

 

 

უკაცრავად: ეს არ არის ჟურნალისტიკა!!!

 

****************

 

ახლა, შემთხვევით ვნახე პირველად და, ალბათ, უკანასკნელად, ერთერთი ტელეკომპანიის მგონი "ახალი" გადაცემა. თანაც, 23 საათზე.

 

 მოვუსმინე ყოფილ მეუფეს. მოვუსმინე ეკა ბესელიას. მოვუსმინე ვინმე ბაჩანას. ასევე,  გულწრფელი, გაბედული თხრობა (ბრავო!) სახელგანსმენილი ჟურნალისტი ქალბატონებისა.

 

ვწუხვარ, რომ მიწევს იმის საყვედურნარევი აღიარება, რომ:

 

ეს არ არის ჟურნალისტიკა... არც ტელე-შოუ... და წამყვანიც არ უნდა გახლდეთ პროფესიონალი ჟურნალისტი თუ შოუმენი;

 

მან არ იცის რა არის ჟანრი - "ინტერვიუ";

 

ასევე, მისთვის უცხოა ზრდილობისა და კეთილშობილების საჯაროდ, მით უმეტეს, ტელეეკრანზე გამოხატვის ნორმები;

 

იგი ვერ განასხვავებს "ღია ეთერსა" და "სამზარეულოში" კერძო საუბრების წარმართვის სტილს;

 

მისთვის, სრულიად ჭაბუკი წამყვანისთვის, არავის აუხსნია, რომ ეთერშიც რაინდად უნდა დარჩეს, რომ უზრდელობაა  ქალბატონებს, მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე კოლეგებს,   არაერთხელ, შინაურულ-ძველბიჭურად მიმართო, როგორც... "გოგოებს";

 

ეტყობა, მისთვის არც ის უსწავლებიათ, რომ წარმოუდგენელია შენს გადაცემაში რესპონდენტმა პირადი შეურაცხყოფა მიაყენოს 87 წლის პატრიარქს და ამ დროს შენ, წამყვანს წარბიც კი არ შეგიტოკდეს და არ გაგიჩნდეს მოთხოვნილება ტაქტიანად  გამოხატო თუ პროტესტი არა, მინიმუმ  უკმაყოფილება მაინც;

 

მაღალი კულტურის მაჩვენებელი არც ის არის, როცა არაერთგზის აწყვეტინებ საუბარს მიწვეულ რესპონდენტს, ქალბატონს, არ აძლევ მას საშუალებას დაამთავროს წინადადებაც კი და ამის გამო იმსახურებ მისგან ტაქტიან სამართლიან შენიშვნას.

 

ვიმეორებ, ეს არ არის პროფესიული ჟურნალისტიკა. ეს არის მამალი პრიმიტივიზმი, იმის ნიმუში, თუ როგორ დასცინო ჩვენს პროფესიას.

 

სამარცხვინოა ეს.

 

სად პოულობენ მათ? ვინ ზრდის, ვინ ამზადებს და აოსტატებს ამ ახალბედებს პროფესიონალებად?

 

აქვე, მადლობა ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელმაც ამ დამწყებ და ჯერ კიდევ პროფესიულად "დაუღვინებელ", რაინდობისგან შორს მდგარ წამყვანს ჩაუტარა ღია ეთერში ქცევის,  საუბრისა და ზნეობრიობის "მასტერ-კლასი".

 

 

right_banner
არქივი
right_banner