logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „რესპები“ ისევ „ნაცში“ შეძვრნენ!
- +

28 სექტემბერი. 2020. 20:41

 

 

ვიცით დიდი იაპონელი მწერლის კობო აბეს რომანი „ქალი ქვიშაში“, ვიცით დიდი გერმანელი მწერლის თომას მანის რომანი „ლოტე ვაიმარში“ და ახლა უკვე ვიცით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“, ანუ „ნაცებისა“ და „რესპების“ პოლიტიკური რომანი „რესპი ნაცში“.

 

კობო აბეს რომანი „ქალი ქვიშაში“ და თომას მანის რომანი „ლოტე ვაიმარში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისა“ და რესპუბლიკური პარტიის მდარე პოლიტიკურ რომანს „რესპი ნაცში“ მეტად სწორხაზოვანი და მოსაბეზრებელი სიუჟეტი აქვს: ერთი ხელმოცარული და კატასტროფულად ურეიტინგო პარტიაა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არასოდეს გადაულახავს საარჩევნო ბარიერი, მუდმივად რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფს ეწებება და პარაზიტობით ცდილობს ფონს გასვლას.

 

მაგალითად, 2002 წელს რესპუბლიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და კონსერვატიული პარტიის საარჩევნო ბლოკში გაწევრიანდა და „რესპის“ „ნაცში“ შეძრომის პირველი პრეცენდენტიც სწორედ ის იყო, 2012 წელს კი „რესპები“ „ქართული ოცნების“ კოალიციაში აღმოჩნდნენ და მივიღეთ მოცემულობა „რესპი ქოცში.“

 

მოკლედ, „რესპები“ მუდმივად სადღაც მიძვრებიან და საიდანღაც მოძვრებიან, მაგრამ მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი მაინც „ნაცია“, „რესპი“ ყველაზე კომფორტულად „ნაცში“ გრძნობს თავს და ყველაზე მეტი თანამოაზრეც „ნაცში“ ეგულება. ანტიქართული განწყობა, ეროვნული ფასეულობებისადმი ანტაგონიზმი, მართლმადიდებლობასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან ბრძოლა არის „ნაცისა“ და „რესპის“ საერთო ინტერესი, მათი გრძნობებისა და მიზანსწრაფვის გადაკვეთის წერტილი.

 

ჰოდა, აი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც რესპები ისევ „ნაცში“ შეძვრნენ, სააკაშვილის პარტიასთან ბლოკი შეკრეს და მიშისტური სექტის ხმებით ეცდებიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას.

 

ისიც წინდაწინ არის გაცხადებული, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია „ნაცების“ საპარლამენტო სიაში იქნებიან.

 

მგონი, არავის სჭირდება შეხსენება, რომ სამნიძეც და კორძაიაც აწყვეტილი ულტრალიბერალები არიან, რომლებიც არამარტო ლგბტ იდეოლოგიის ადეპტებად, არამედ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მებრძოლ პოლიტიკურ ამორძალებად გვევლინებიან და სრულიად საქართველოს მხცოვანი კათოლიკოს-პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფასაც კი არ ერიდებიან.

 

მაგალითად, როცა პატრიარქმა მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, რესპმა კორძაიამ მას „საკუთარი ქვეყნის მტერი“ უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ქვეყანას ჯურღმულში მიაქანებს“.

 

– პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება არის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მტრობა, ის საკონსტიტუციო სასამართლოსა და დემოკრატიის სისტემის წინააღმდეგ მიდის... სამწუხაროა, რომ ჩვენს ეკლესიაზე კაცობრიობის არანაირი პროგრესი არ აისახება, ის ჯურღმულში მიაქანებს ამ ქვეყანას! – ამბობდა თამარ კორძაია 2018 წელს.

 

რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს, იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრორუსულობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოს „თანასწორობისა და თავისუფალი არჩევანის“ მტრად რაცხავს.

 

– ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გვმართოს! – ამბობს სამნიძე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებას „სახელისუფლო ქრთამს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „დღევანდელმა ხელმძღვანელობამ“ საქართველოს ეკლესია ჯერ – საბჭოთა, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა რეჟიმების ნაწილად აქცია.

 

ეკლესიის „დღევანდელ ხელმძღვანელობაში“ სამნიძე, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გულისხმობს და ეს 1-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიის ლიდერი მცირეოდენ უხერხულობასაც არ გრძნობს იმის გამო, რომ 85-პროცენტიანი რეიტინგის მქონე ინსტიტუციის ლიდერს ყურიდან ენას უყოფს.

 

ერთი სიტყვით, რესპუბლიკური პარტია, თავისი სამნიძეებით, კორძაიებითა და ბერძენიშვილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადებული მტერია, ასეთი პოლიტიკური სიმახინჯის ადგილი კი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის „ნაცშია.“

 

2004 წლის 12 მარტს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მამა ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების მიზნით გლდანში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაარბია და მრევლს სპეცრაზმის ძალით გაუსწორდა, რესპუბლიკური პარტია პირველი იყო, ვინც ამ გაუგონარ ძალადობასა და მკრეხელობის დემონსტრაციას მიესალმა. კერძოდ, რესპების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიაში ჩატარებული სპეცოპერაციით „უაღრესად დაკმაყოფილებულია“ და „წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ეკლესიაში სამართალი ვერ აღწევდა“.

 

2004 წლის მარტში, როცა „უაღრესად დაკმაყოფილებულმა“ ბერძენიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, რესპები ჯერ კიდევ „ნაცში“ იყვნენ და სააკაშვილის პარტიას ორი თვის შემდეგ გაეყარნენ, თუმცა, მათი სულიერ-იდეოლოგიური ერთობა არც არასოდეს დარღვეულა და 16-წლიანი ფორმალური განშორების შემდეგ, 2020 წლის 15 სექტემბერს, „ნაცი“ და რესპი პოლიტიკურ „მმაჩის ბიუროში“ კვლავ ოფიციალურად დაწყვილდნენ.

 

ასე რომ, რესპი ისევ ნაცშია.

 

„ქალი ქვიშაში“, „ლოტე ვაიმარში“ და „რესპი ნაცში“.

 

სულ ცოტა ხნის წინათ, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში წმინდა გიორგის დიდი ხატის ფონზე ჩაერთო, თავი მორწმუნე მართლმადიდებლად გამოაცხადა და იამაყა – ხელისუფლებაში ყოფნის დროს 600 ეკლესია ავაშენეო, ახლა კი იგივე სააკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებულ და პატრიარქის შეურაცხმყოფელ რესპებს – სამნიძესა და კორძაიას საარჩევნო სიაში სვამს.

 

თავის მხრივ, სამნიძესა და კორძაიას, რომლებსაც თავი რუსეთთან მებრძოლ პროდასავლელ პოლიტიკოსებად მოაქვთ, სულაც არ ეთაკილებათ, რომ იმ პარტიის საარჩევნო სიაში ჩაეწერონ, რომელსაც თავმჯდომარედ ჰყავს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების სტაჟიანი თანამშრომელი, „კაგებეს“ ნომენკლატურის განსახიერება გრიგოლ ვაშაძე, აღმასრულებელ მდივნად კი პუტინის ახლო მეგობრის სერგეი გენერალოვის ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია უზის.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სამნიძე-კორძაიასა და მთელი სარესპეთის „პროდასავლურობა“ ისეთივე ბლეფია, როგორც სააკაშვილის „მორწმუნე მართლმადიდებლობა“ და მის მიერ „600 ეკლესია-მონასტრის აგება“.

 

საერთოდ, ეს „ნაცრესპუბლი-ალიანსი“, რომელიც დროგამოშვებით კოწიწდება, რუსულ მატრიოშკას ჰგავს – გახსნი „ნაცს“ და შიგ ისეთივე რესპი დევს, გახსნი რესპს და შიგ ისეთივე „ნაცი“ დაგხვდება!

 

ერთად არიან და ერთმანეთში არიან!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner