logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: 30 წლის წინათ - დავითგარეჯი, ნუკრი ალხაზიშვილი და... ზაურ ფიფია!
- +

14 ოქტომბერი. 2020. 13:16

 

 

*****************************************************************

 

სუპერ-პუბლიკაციაა...

 

სიამოვნებით ვუერთდები ჩემი უახლოესი მეგობრისა და კოლეგის მადლიერ სტრიქონებს, მიმართულს ბატონი ნუკრი ალხაზიშვილის და მისი კოლეგა-მეგობრებისადმი. ამასთან არ მინდა სხვების დავიწყებაც.

 

მაგრამ, არის ერთი ნიუანსი...

 

მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, იმ დროს თავშეკავებით იწერებოდა (ქვეყნდებოდა) ამა თუ იმ სახელმწიფო თუ პარტიული მოღვაწის მცდელობა, ღვაწლი ისეთ ფაქიზი, მგრძნობიარე (ახლა რომ სენსიტიურს უწოდებენ) თემების გაშუქებისას, რომელთაგანაც ერთ-ერთია დავითგარეჯი... პოლიტიკური მომენტი მაშინაც იყო სერიოზული და ერთობ ანგარიშგასაწევი, ისევე, როგორც, მაგალითად, ნავთობი მუდმივი „იარაღ-ინსტრუმენტია“ გეოპოლიტიკური „რბილი“ თუ „ცხელი“ დაპირისპირებებისას.

 

...ან, ვინმე გავლენიანი (პირობითი) „მიქოიანის“ ოლიმპზე ყოფნა იმ რომელიმე სტრუქტურაში, სადაც წყდება  ე.წ. პატარა ქვეყნების და მისი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო პრობლემები (თუნდაც, ტერიტორიული). ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენი ძველი თუ ახლა უკვე მუდმივი სატკივარი - საინგილოს, ტაო-კლარჯეთის, აჭარის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს შეუხორცებელი ჭრილობების, ისევე, როგორც მეზობლების - ჩეჩნების ბოლო ორი ომის, ინგუშებისა და ოსების კონფლიქტის, თურქ-მესხების, ყირიმის, დონბასის ჯერ კიდევ  „დაუმთავრებელი“ თემების გახსენებაც კმარა. შორეული ქვეყნების მაგალითებს რა ჩამოთვლის.  აგერ, ახლა (ადრეც) საქართველოს სისხლი და ხორცი - დავითგარეჯიც არ გახლავთ გამონაკლისი.

 

ის, რომ

- გარეჯის გარშემო მდებარე უდაბნო-ტერიტორიის გაკულტურება მიზნობრივად(!!!!) მიმდინარეობდა;

- „გარეჯობა“ რესპუბლიკურ  სახალხო დღესასწაულად გადაიქცა;

- სწორედ ეს დღესასწაული გახდა „საბაბი“ მარშალ გელოვანის სტუმრობისა (და პოლიგონის გაუქმების იდეაზე მასთან სერიოზული საუბრისა);

- მეზობელი აზერბაიჯანლების დაპატიჟება-მოფერება ჩვენებურ, ქართულ(!), ეროვნულ(!) დღესასწაულზე;

- ახალი სოფლების დაფუძნება და ძლიერი ქართული გენის ჩასახლება, საცხოვრებელი სახლებით მათი უფასო(!!!) უზრუნველყოფა;

- სამეურნეო სტრუქტურების ამუშავება და დოვლათის შექმნა;

- კულტურული ღონისძიებების გახშირება და ტელე-რადიოთი „გარეჯის“" პროპაგანდა...

 

ეს ყველაფერი შემთხვევით(!) არ ხდებოდა. რესპუბლიკის უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები (ვასილ მჟავანაძე, ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ პატარიძე, როინ მეტრეველი, ჯუმბერ პატიაშვილი, ვიქტორია სირაძე...), ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პირადად(!) იყვნენ ჩართული ამ საქმიანობის წვრილმანებშიც და ყოველივე ეს კეთდებოდა შეგნებული თავშეკავებით, უხმაუროდ, თანაც, გულუხვად. ერთადერთი ადამიანი ვისაც „მოპოვებული“ ჰქონდა უფლება, მოურიდებლად ესაუბრა ამ თემებზე,  თანაც, ყოფილიყო შეუპოვარი, თავდადებული, გონივრული, ზოგჯერ - კახურად პირდაპირი (მათ შორის, მეზობელ აზერბაიჯანელებთანაც კი), გახლდათ ლეგენდა-ქალბატონი მედეა მეზვრიშვილი, საგარეჯოს რაიონის პარტიული ლიდერი, რომლის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული გარეჯის აღდგენა-მოვლა-პატრონობის კომპლექსური პრობლემატიკა.

 

მედეა მეზვრიშვილის მართლაც გმირულ-პატრიოტულ საქმიანობას და ცხოვრებას ლევან სანიკიძემ წიგნი მიუძღვნა. სხვათაშორის, ქალბატონ მედეას სახელთან არის დაკავშირებული თელავში მეფე ერეკლეს ძეგლის დადგმა (ეს ცალკე ისტორიაა. ერთხელ მოვყევი და მალე ისევ გავიხსენებ).

 

პირად მაგალითს აძლევდნენ ახალგაზრდებს სამღვდელოების წარმომადგენლებიც. გასაგები მიზეზების გამო ათეისტურ სახელმწიფოში ამის პროპაგანდა გამორიცხული იყო.

 

ასევე, პარალელურად მიდიოდა  გარეჯის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გატანასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომლის პერიპეტიებზე (გორბაჩოვის ჩართვა ამ პროცესში) ჯ. პატიაშვილმაც ისაუბრა. იქაც არის საინტერესო „ნიუანსები“ (საამაყოც და გულდასაწყვეტიც) და ამაზეც სხვა დროს...

 

ჩვენი უახლესი ისტორიის საინტერესო თუ მწვავე მომენტების, ე.წ. ფაქიზი, მგრძნობიარე თემების გაშუქებისას, გულდასაწყვეტია ცალმხრივი, ტენდენციური მიდგომა, აშკარად „სიძულვილის ენის“  პიროვნული ანტიპათიით გამსჭვალული პუბლიკაციების „გაბატონება“, რის შედეგადაც, ყალიბდება მეტისმეტად უარყოფითი აზრი ახალი და უახლესი ისტორიის მოვლენებზე, ცალკეულ პიროვნებებზე. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალთაობის პატრიოტული სულისკვეთების დაქვეითება, რისი უწინარესი და გადამწყვეტი მიზეზიც ამ მიმართულებით განათლებისა და ინფორმირების დაბალი დონეა.

 

მართლა სატირლად გვაქვს საქმე, როცა ვუცქერთ და ვუსმენთ მოზარდების სამარცხვინო პასუხებს უმარტივეს, ანბანურ შეკითხვებზე, რაც ეხება ჩვენი სამშობლოს ისტორიას ზოგადად და, კონკრეტულად, ცალკეულ მოვლენებს, ფაქტებს, ისტორიულ ფიგურებს და რასაც სისტემატურად გვაჩვენებენ წამყვანი ტელევიზიები.

 

ეს კომენტარი სწორედ ამ გულისტკივილის შედეგად დაიწერა, რომლის მიზანიც ეროვნული სატკივრის გადასაჭრელად ყველა თაობის და ხელისუფლების ერთიანობის სურვილი და მხარდაჭერაა.

 

ნუკრი ალხაზიშვილს, მის კოლეგებს და თაობას კიდევ ერთხელ ვუძღვნით დიდ მადლობას ღვაწლისთვის, ისევე, როგორც ჟურნალისტ ზაურ ფიფიას - დროული, საინტერესო პუბლიკაციისთვის.

 

ნუგზარ ფოფხაძე

 

 

https://www.facebook.com/zaur.pipia/posts/3634267489951340

 

... ეს მასალა ათეული წლების წინათ დაიბეჭდა რესპუბლიკის ერთ-ერთ გაზეთში!... სამწუხაროდ, მისი გახსენება დღეს უფრო აქტუალურია!

 

 

***

 

„ჩემს სიამაყედ, ჩემს ოფლად და ცრემლად მიმაჩნია ჩემი გარეჯა!“

 

 

...თბილისს ამშვენებდნენ ზურგსუკან პერანგჩაკაპიწებული, მხარბეჭიანი, ასხეპილი ვაჟები და თვალებბარჩხალა, ტანკენარი, მოკრძალებული ასულები! არათუ ქალაქს, მთელ საქართველოს მოსდებოდა ეს „პეიზაჟი“! იყო დრო ურთიერთ პატივისცემისა და თავმოწონებისა!

„რუსთაველზე“ ვიღაც, სათვალიანი, უცხოტომელი მოგვიახლოვდა და დამტვრეული რუსულითა და ქართულით, გვკითხა:

- შეიძლება ერთი-ორი კადრი გადავუღო ამ მშვენიერებას? - მკერდზე ფოტოაპარატი ეკიდა.

გავიოცეთ ამგვარი კითხვა!

- შეიძლება, მისტერ, შეიძლება!.. ვინ გითხრათ, რომ არ შეიძლება?.. აი, ეს ოპერის განთქმული თეატრია!.. აი, იქ კი, დრამატული თეატრი! ეს რუსთაველის გამზირია... რუსთაველი კი, ქართული პოეზიის მწვერვალი!...

- და, და!... რუსთაველი!... იეს, იეს!.. მე იცის დიდი რუსთაველი!.. ახლა მე უნდა ხალხი გადაიღოს… ეს ლამაზად ჩაცმული ხალხი!..

…მთელი დღე დავყვებოდით იმ უცხოელს თბილისის ქუჩა-ფოლორცებში და იგი გულმოდგინედ აფიქსირებდა ფოტოკადრებს! მერე, „მეედანზე“ თონის ცხელ-ცხელი შოთებზე დავპატიჟეთ და თვალებში სიხარული მოჯაროდა ჩვენს სტუმარს!

მაშინ, ათასში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა ჩვენს ქვეყანაში „იქიდან“ ჩამოსული ასეთი სტუმარი!

- ვინ არიან დიზაინერები ამ სამოსისა, რომელიც ყველას აცვია თქვენს ქალაქში?- გვკითხა, შოთით დანაყრების შემდეგ.

- „დიზაინერი“?... - მაშინ მკერავს „დიზაინერს“ არ ვუწოდებდით და, გადავიხარხარეთ.

- ოო… დიზაინერი?.. ვეფხვია ხალიბაური!... კინოფილმიდან „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“!.. - გავეხუმრეთ ქართულად.

„რუსთაველის“ კინოთეატრთან ვიდექით და დიდ აფიშაზე მივუთითეთ.

- აი, ამ კინოთეატრში უჩვენებენ იმ ფილმს!... თუ დაგაინტერესებთ!...

- მადლობთ!... ხვალ მე ფილმი ნახოს!... მადლობთ!...- და ლამაზი სავიზიტო ბარათი გამოგვიწოდა.

- ლონდონში იქნებით?.. მოდით ჩემთან!..

„დოქტორი დევიდ ლანგი“ - ეწერა „ვიზიტკაზე“.

- ო, ვეფხია ხალიბარი... ვეფხია ხალიბარი!... პარიჟშიც არ არიან ასეთი დიზაინერები!... თბილისში კარგად აცვიათ!... მე მოხიბლული ვარ!...- აღფრთოვანებული იყო დოქტორი და ამასობაში სასტუმრო „თბილისამდე“ მივაცილეთ!

 

...ახლა ნუკრი ალხაზაშვილის ბინაში ვზივარ და ვიხსენებთ, თუ როგორი პეწი შემოიტანა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში მისმა კინოგმირმა იმ საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს! დიდი და პატარა ვეფხვია ხალიბაურს ჰბაძავდა ვაჟკაცობაში, სიყვარულში და ჩაცმა-დახურვაშიც კი!

ნუკრი იღიმება და ფანჯარაში იყურება! ეჰ, რამდენი ჟამნი ჩაქროლილან მას შემდეგ, და რამდენი ავი და კარგი წარუტანია თან!

 

…ვზივართ და ვბაასობთ! ვიხსენებთ სამოცდაათიანი წლების დასაწყისს, „ოქროს საწმისს“, მდინარე ყვირილაზე ჩაშვებულ ძველკოლხურ ხომალდს და მის გემბანზე ერთად გატარებულ ლეგენდარულ დღეებს, რიონსა და შავ ზღვას, მარშრუტს, რომლითაც საუკუნეების მიღმა ჭაპანწყვეტით გაუცურავთ არგონავტებს!

 

ვცდილობ, თანდათან შევაპარო სასაუბრო თემა! სწორედ ამ თემაში დევს მისი ცხოვრება და გაქანება! მისი ბიოგრაფია განუყოფლად არის ჩაგვირისტებული ქართული სპორტის, ქართული კულტურის, ქართული არქიტექტურისა და სულიერების წიაღში! - სპორტის ოსტატი კალათბურთში, სიყვარულის კერპად ქცეული მსახიობი (ვეფხვია ხალიბაური- „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ და „ნინო“ - ვახტანგი! და სხვა!), ბოლნისის საპატიო მოქალაქე, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი-მკვლევარი, ქართული არქიტექტორული სამსახურის ჯიღა, ცნობილი არქიტექტორ-რესტავრატორი და ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი და მადლცხებული ხუროთმოძღვარი!

 

თითქოს, ეს არის და ეს, მეტი არაფერი!... მაგრამ აბა, ჩაიხედეთ პოპულარულ კრებულებში, -  „ვინ ვინ არის ქართულ არქიტექტურაში“, „ვინ ვინ არის საქართველოში“ და „არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში“! აბა, ჰკითხეთ შატილის კოშკებს, კაზრეთის „სამებას“, ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსს, დიდუბის ტაძარს, რუხის ციხეს, ტანძიას, „ათეშმას“ საკულტო ნაგებობებს, დადიანის სასახლეს, კვეტერას, გომარეთის „ღვთისმშობელს“, მცხეთას, ხირსას, ტიბაანს, სტეფანწმინდას, ობჩის „წმინდა გიორგის“ და „სიონის“ კათედრალს, და ისინი მოგიყვებიან, რამდენი ბრწყინვალე პროექტი შეუქმნია და შეუსრულებია ამ კაცს, ჩემს მეგობარსა და მოღვაწეს, ნუკრი (ნუგზარ) ალხაზაშვილს! საქართველოში უამრავ ციხე-კოშკებსა და ტაძრებს ახსოვთ მისი სიქველე და ჯავარი. მის შემოქმედებით სულს გადაურჩენია არა ერთი და ორი ხელთუქმნელი ჩუქურთმა თუ ფრესკა და წარწერა, ახალი სუნთქვა შესძენიათ მის მიერ აღდგენილ და შესწავლილ უძველეს კედლებს! თვეების განმავლობაში უცხოვრია კლდეთა წიაღ ლეგენდებს შორის და მშიერ-მწყურვალი დანაყრებულა სათაყვანებელი მამულის სიდიადით!

 

მისი რუდუნებით შეიქმნა არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მთავარი სამეცნიერო და სამშენებლო-საწარმოო სამმართველოს დაფუძნების პროექტი, „საქართველოს ისტორიისა და მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვის“ კანონპროექტი! გამოქვეყნებული აქვს ოცდაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი! მის ბიოგრაფიას ამშვენებს ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ არაერთხელ გამართული სიმპოზიუმები და გამოფენები, სამეცნიეროო ექსპედიციათა ხელმძღვანელობა და წევრობა, მაგრამ მთავარი, მაინც, სამი რამე დარჩა მის სიამაყედ: დავითგარეჯი, ბოლნისის სიონი და ვაჩნაძიანის ყველაწმინდა!

 

არადა, არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი! - თავის ქებას ჰგავსო, ეს!

 

და მე არ მიკვირს ეს თავშეკავება! - იგი ხომ არქიტექტორ-რესტავრატორი და ხელოვნებათმცოდნე გახლავთ და ამ პროფესიის ხალხს ფიქრი და განსჯა უფრო ხიბლავთ, ვინემ თავის ქება! მაგრამ მე მაინც „იქით მივდივარ“, - საშუალება მომეცა და, ახალგაზრდობას მინდა, თუნდაც, ორიოდე სიტყვით გავაცნო იგი! ცხოვრების ტრიალი, ხშირად, გვავიწყებს არდასავიწყებელს! მერე კი, უკვე გვიან იქნება ლეგენდებში სინამდვილის ძებნა! ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა მინდა აქედანვე იცოდნენ, ვის გვერდით ცხოვრობენ და ვის ნაკვალევზე დაიარებიან!

 

თორემ...

...დავითგარეჯის თემაზე გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ავტორები იუწყებოდნენ, რომ უცნობიაო, თავდაპირველმა ვინ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები „ლავრაში“... ვინ ააცალა „ბერთუბნის“ კლდოვან კედლებს დასაღუპად განწირული ფრესკები, - „თამარ მეფე“, „ლაშა-გიორგი“, „ღვთისმშობელი“ და „სვიმონ მესვეტე“, ვინ დაამუშავა ისინი და ვინ ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს?

 

კარგი იქნებოდა, ფილმის შემქმნელებს, თუნდაც „აკან-აკან“ მაინც ჩაეხედათ მაშინდელ პრესაში:

...„გარეჯის ლავრაზე პირველი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1965-66 წლებში, არქიტექტორების ოთარ თოთლაძის და ნუკრი ალხაზაშვილის ხელმძღვანელობით...“ -(„ახკომი“, 1988წ.).

...გაზეთი „რესპუბლიკა“ კი, წერდა:

 „...ნუკრი ალხაზაშვილმა და მამა-შვილმა, შალვა და თემურ აბრამიშვილებმა, ჩამოასვენეს „ბერთუბნიდან“ ზემოთ ნახსენები ფრესკები...“!

და ასე, შემდეგ!...

ეს ისე, ადვილად არ მომხდარა, ბატონო ჩემო! - სანამ, საკუთარი ძალებით მოახერხებდნენ ხარაჩოს მსგავსი კონსტრუქციის შექმნას, ნუკრის მხარზე შემდგარი, მისი თანამებრძოლი და მეგობარი, თემურ აბრამიშვილი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, „ათლიდა“ ფრესკებს კედლებიდან!

 

დიახ, ხარაჩოდ ედგა ეს, სულითა და ხორცით ქართველი ვაჟკაცი საქმეს და, გარდა იმისა, რომ უძველეს ქართულ სიწმინდეებზე ზრუნვა და ამაგი სისხლით მოსდგამდა, თანამდებობრივადაც ევალებოდა მას ეს! - ნუკრი გახლდათ ძეგლთა რესტავრაციისა და ადაპტაციის სამმართველოს უფროსი, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მთავარი არქიტექტორი და დავითგარეჯის დაცვის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი!

 

...დავითგარეჯი ვახსენე და კარგახანს ჩაფიქრდა! მერე, თითქოს ისტორიას ებაასებაო, ამყვა საუბარში:

 

- დავით გარეჯის ისტორიაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს!... იშვიათია ისტორიული კულტურის ძეგლი, რომლის ბედსაც ამდენი ვნებათა ღელვა გამოეწვიოს უძველესი დროიდან დღემდე, იმდენი ჭირი ენახოს, რამდენიც გარეჯის მრავალმთის კლდეებში კვეთილ მონასტრებს! მათი არსებობის 1400 თუ 1500 წლიანი ისტორია, არსებითად, ქრისტიანული საქართველოს ისტორიაა! დავითგარეჯი იყო საქართველოს სულიერი ცხოვრების, მხატვრული შემოქმედებისა და მწიგნობრობის ერთ-ერთი უმთავრესი კერა! ამიტომ წარმოაჩენს ასე გაბმითა და ორგანულად ჩვენი კულტურის ისტორიის განვითარების უმთავრეს ეტაპებს!... გარეჯის მრავალმთის უდაბნოში სამონასტრო მშენებლობა მეექვსე საუკუნის პირველი ნახევარიდან ივარაუდება და მიეწერება წმინდა დავითს, ერთ-ერთ სირიელ მამათაგანს, რომელიც სვიმონ მესვეტის მოწაფედ ითვლებოდა. სირიელ მამათა ჩამობრძანება კი, საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რადგან მიზნად დაისახეს საბერმონაზვნო მოძრაობის დამკვიდრება და ქრისტიანობის გავრცელება, ღვთისა და ქვეყნის სამსახური და აღმშენებლობა, მწიგნობრობა, აქიმობა, ხელოვნება და მრავალი სხვა სიკეთე!

 

- წმინდა დავითი, თავიდან, თბილისთან, წმინდა მთაზე დამკვიდრებულა!

 

- დიახ! ამიტომ უწოდეს „მთაწმინდელი“! ... გარეჯში დამკვიდრების შემდეგ კი, იგი „გარეჯელად“ იწოდებოდა და აქედან ჩამოდიოდა თბილისის მთაწმინდაზე ყოველ კვირა დღეს!

 

- ბევრი სასწაულია დაკავშირებული უდაბნოში დავითის ცხოვრებასთან!...

 

- ბევრი, ძალიან ბევრი!.. ქართული სულიერების ბევრი ბრწყინვალე ფურცელი და ბევრიც, ჭირი და აოხრება უნახავს!... აქ მოღვაწეობდნენ დიდი სულიერი მამები. მათ შორის, დავით აღმაშენებლის ვაჟი, მეფე დემეტრე (ბერობაში დამიანე!), ავტორი ქართველთა ჰიმნისა „შენ ხარ ვენახი“! აქ მოღვაწეობდა მეფე პოეტი თეიმურაზი, ავტორი ლექსისა „მეფის თამარის სახე დავითგარეჯში“! აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა ქართული და უცხოური მწერლობის უმნიშვნელოვანესი თხზულებები!... დავითგარეჯის, უკვე, როგორც წარსულის ძეგლით დაინტერესება მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან დაიწყო!... ქართველმა მამულიშვილებმა დაიწყეს ფიქრი საეკლესიო მუზეუმის დაარსების შესახებ! დავითგარეჯში ექსპედიციები ექსპედიციებს ცვლიდა!..

 

- მაგრამ 1913 წელს „უდაბნო“ და „ბერთუბანი“ გაძარცვეს და დაარბიეს!...

 

- ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა, მაგრამ…1921 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო მცირე თანხა, რომლითაც შესაძლებელი გახდა დავითგარეჯის შესწავლა და, ბიბლიოთეკისა და არქივის გამოტანა!... ამის შემდეგ კარგახანს არაფერი გაკეთებულა!... თითქოს არ ეყოფოდა დიდმონღოლობა და ათასი გადახდენილი ჭირი, ისედაც გაპარტახებულ მონასტრებს, ახლა შინაურმა მტრებმა დარიეს ხელი... მონღოლთა მიერ ერთთავად ამოხოცილ 6000 ათას ბერ-მონაზონთა სულებს უპატივცემულობისა და უკაცობის დამღა დაასვეს ვანდალებმა! მაინცდამაინც ფრესკებზე ტოვებდნენ ნაკაწრებსა და ნაჯღაბნებს, ყუმბარებს ესროდნენ წმინდანთა გულებს! „სიძველის მოყვარულებმა“ გაზიდეს ფრესკული ფრაგმენტები და უპატრონოდ დარჩენილი ჯვარ-სიწმინდეები! ქართულ წმინდა სავანეს უცხო ჯურის „ცხვარ-მეცხვარე“ შეესია!... 1948 წელს კი, ამ მიდამოებში დაარსდა სამხედრო პოლიგონი და ამ სამხედრო „ძლიერებამ“, ლამის იყო და, ნაცარტუტად აქცია ჩვენი სიწმინდე!... ქვემეხებს ესროდნენ სამიზნედ ქცეულ ქართულ კულტურას!...

 

- მახსოვს, 62-63 წლებში სტუდენტებმა აქცია მოვაწყვეთ ამ პოლიგონთან!..

 

- საბედნიეროდ, ქართველი ახალგაზრდობა დავით არეჯს არა ერთხელ ამოდგომია მხარში და მთავრობა იძულებული შეიქნა, „გახსენებოდა“ ქართული სულიერება!... 1965 წელს, პირველ ჯერზე ლავრის აღსადგენად მთავრობამ გამოყო 70000 მანეთი! დაიწყო „ლავრის“ გაწმენდა, აზომვა და კეთილმოწყობა!... მოგვიანებით კიდევ გამოყო 120000 მანეთი და... მე და ჩემი კოლეგები რვა თვე ვმუშაობდით ამ კლდეთა წიაღ! დღე და ღამეს ვასწორებდით! ჯერ „ალექსანდრეს კოშკში“, შემდეგ კი, „გიორგი მეცამეტეს საკანში“ ვცხოვრობდით უდაბნოდან გაუსვლელად !.. 1969 წელს შეიქმნა „დავითგარეჯის სახელმწიფო კომისია“, იმავე წელს გარეჯში საგანგებოდ ჩავიყვანეთ ჩემი ბიძა, დღემდე გასაიდუმლოებული, მეცნიერ-ქიმიკოსი, ლენინური პრემიის ლაურეატი, იმხანად მოსკოვში მცხოვრები, გიორგი ალხაზაშვილი, რომელმაც გარეჯის რბილი ქანებისაგან შექმნა სპეციალური საამშენებლო სითხე!... მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ვერ მოესწრო მის გამოყენებას!...

- მე მგონი, ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერკიდევ არ იყო გარკვეული აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხი!.. არადა, „ბერთუბანი“, როგორც „იქეთური ცხვარ-მეცხვარე“ ფიქრობდა, აზერბაიჯანის ტერიტორია იყო!

- ჰოდა, ქართველმა მეცნიერ-მოღვაწეებმა ხელი მოაწერეს და საკავშირო მთავრობაში გააგზავნეს წერილი, „ბერთუბნის“ საქართველოსთვის დაკანონების თაობაზე, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო ამ „ცდამ“!... მაშინ ჩვენ სხვა გზას დავადექით: - ტოპოგრაფიულ გეგმაზე დავიტანეთ „ბერთუბანის“ მასივი და მასთან მიმდებარე საძოვრების მცირე ნაწილი! სწორედ ამ საძოვრებს ვთავაზობდით აზერბაიჯანულ მხარეს „ბერთუბნის“ სანაცვლოდ!.. მიწის ამგვარად გადანაწილებაზე ჩვენი რესპუბლიკის მიწათმოწყობის კომიტეტმა აზერბაიჯანის მიწათმოწყობის კომიტეტს მიმართა და აზერბაიჯანი დათანხმდა ამ წინადადებას!.. საამისოდ შექმნილი დოკუმენტაცია დაიდო საქართველოს მინისტრთა საბჭოს კანცელარიაში!

- მერე?...

- მერე?! ახლა არქივში თუ მიაგნებს ვინმე მას!..

- თუ არქივში მაინც არის დაცული!..

- ეს ამბავი ჯერ კიდევ, 1970-1971 წლებში მოხდა!..

1971 წელიც კვლავ „ბერთუბანში“ გავატარეთ ბატონებმა შალვა ამირანაშვილმა, ნოდარ თვალაძემ, თემურ აბრამიშვილმა და მე! ...1972 წელს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დავითგარეჯის მუზეუმის შექმნის შესახებ! არქიტექტორმა თემურ აბრამიშვილმა და მე „დავდეთ“ „ბერთუბნის“ დაცვა-შენახვის მეცნიერულად დასაბუთებული პროექტი!... მაგრამ საბჭოთა ჯარებს დიდი საფიქრალი გაეჩინა გარეჯისთვის!..

1979-80 წლებში კი დაისვა საკითხი სამხედრო პოლიგონის სხვაგან გადატანის შესახებ! და, უნდა აღინიშნოს, ამ საქმეში მთელი არსებით ჩაერთო საბჭოთა კავშირის საინჟინრო ჯარების მარშალი არჩილ გელოვანი... მართალია, იგი მე ნათესავადაც მერგებოდა, მაგრამ, მაინც, მთავარი იყო მისი ნაღდი ქართული სული! და მან, სამწუხაროდ, თავის უკანასკნელ „გარეჯობაზე“ სიხარულით გვამცნო, რომ ამ საქმეს უკვე მიეცა მსვლელობა და შედეგსაც სასიკეთოს უნდა ველოდოთო!... და მართლაც, რამდენიმე წელიწადში, პოლიგონი გადაიტანეს სხვაგან!

 

- შენ არა ერთხელ შეხებიხარ გარეჯის თემას რესპუბლიკურ პრესაში და ბევრჯერ გისაუბრია ჯერ კიდეც მოუგვარებელ პრობლემებზე...

 

- მისაუბრია, დამიწერია, მიბრძოლია, მაგრამ... ამ ბოლო წლებში ჩემი დაჩის უბედურმა ბედმა და ჩემმა ხიფათიანმა ცხოვრებამ, თითქოს, ჩამომაშორა საქმეს, თუმცა...

 

...მაგიდაზე და კედლებზე უსაყვარლესი ადამიანების ფოტოები ანათებენ. ისინი სიამაყეს და სევდას აღძრავენ ჩემი მეგობრის გულში და შენც ამაყი ხარ, რომ მოგეცა უფლება, შესულიყავი ამ სიამაყეში!

 

ერთი ფოტოდან გალაკტიონი იმზირება! ფოტოსურათის ზურგზე, გაკრული ხელით ნაწერი წარწერაა:_„ჩემს ნიკუშას!  - ოცნებაო ჩემო ძველო, ვართ ღამეთა მთეველი, ბევრი, ბევრი სადღეგრძელო გვრჩება დაულეველი“! ქუთაისში, მთელი ღამე ქეიფის შემდეგ, გალაკტიონმა უძღვნა ეს სტროფი ცნობილ ინჟინერსა და ხიდთა მშენებელს, ქუთაისის „ახალი ხიდის“ ავტორს, ნიკოლოზ ალხაზაშვილს, ჩემი მეგობრის, ნუკრი ალხაზაშვილის მამას!

 

აქვეა მეორე ფოტო, რომელსაც აწერია:_„კარგ ქართველს, ნიკუშას!_გალაკტიონი!“.

მაგიდაზე ალაგია გამოსაქვეყნებლად გამზადებული სტატიები, უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციები არქიტექტურაზე, კულტურაზე, ეროვნულ საგანძურზე. თვალი ვკიდე ერთ სქელტანიან ნაშრომს - „ბოლნისის სიონი“ - თავდაპირველი არქიტექტონიკის რესტავრაცია“! მის თავფურცელზე ულამაზესი ხელრთვით წერია:

„ვუძღვნი ჩემი ძის, დაჩის ნათელ სულსა და ხსოვნას! ვუძღვნი იმიტომ, რომ 1988 წელს ეროვნული მოძრაობის ყველაზე პატარა მონაწილემ, ექვსი წლის დაჩიმ, სწორედ „ბოლნისის სიონთან“ მიახლოებისას გამოამჟღავნა თავისი ჯიშისმიერი ბუნება: - ეროვნული მოძრაობის მონაწილე სტუდენტებთან ერთად, ბოლნისიდან ფეხით აიარა იმ დროს „განაწყენებული“ თათრული სოფლები და ჭედური ჯვარი ზეიმით დაამკვიდრა ბოლნისის სიონის კეხზე!“.

 

მორიდებით ვიწერ ამ სტრიქონებს და ნუკრი ყურადღებას არ მაქცევს. კვლავ აგრძელებს გარეჯზე და ბოლნისის სიონზე საუბარს, თითქოს დავიწყებია, რომ სწორედ იმ წელს მიენიჭა მას ბოლნისის საპატიო მოქალაქეობა. 1984 წელს, ხომ, მისი პროექტითა და არქზედამხედველობით აიგო სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი!

 

- ბევრის გონება „გადაგარეჯდა“ მას შემდეგ! სხვა „ყოველდღიურობა“ გაუხდიათ საფიქრალად!... ძეგლები და კულტურა ბევრს არც ახსოვთ!... არც ის გვიკვირს, რომ ზოგიერთ ქართველს დავითგარეჯი ისევ სხვისი რომ ჰგონია!... წიგნებს არ კითხულობენ, ისტორიაში არ იხედებიან!... უფალმა შეუნდოთ ცოდვები!... მე კი, ჩემს სიამაყედ, ჩემს ცრემლად და ოფლად მიმაჩნია ჩემი გარეჯი!

 

ესაუბრა ზაურ ფიფია

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner