logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: წერილი ერთ ლამაზ კაცზე და თანაც აკადემიკოსზე...
- +

21 ოქტომბერი. 2020. 16:08

 

 

მოგეხსენებათ, ჩემი უსმენობიდან, უფრო სწორად, მხოლოდ „ტენორსმენიანი“ ცხოვრებიდან გამომდინარე (ანუ, ტენორების არიებს ვმღერი უშეცდომოდ და „სულიკოს“ როცა ვასრულებ, ვდგავარ საწყალი კაცის გამომეტყველებით, „რომელიც კონკრეტულად საყვარლის საფლავს ეძებს“ და კარგად გამოვთქვამ სიტყვებს, რომ მიხვდნენ), მათემატიკურზე ჩავაბარე...

 

ის, რომ 5-ებს ვიღებდი, არ მიკვირდა... მე ადამიანს პატივს როდესაც ვცემ და მითუმეტეს მიყვარს, აბა, მის საგანს როგორ არ ვისწავლიდი...

 

მიკვირდა ის, რომ ასეთი ადამიანებით სავსე იყო ჩვენი ფაკულტეტი... ისინი მარტო მაღალი დონის პროფესიონალები კი არ იყვნენ, მაღალი დონის ურთიერთობები იცოდნენ... პატივს გცემდნენ და პირველივე კურსიდან გიყურებდნენ არა როგორც უცოდინარ ბავშვს, არამედ, როგორც მომავალ კოლეგას.

 

ასეთი იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ულამაზესი საგნის - აბსტრაქტული გეომეტრიის, ანუ ტოპოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, ბატონი გიორგი (კინო) ჭოღოშვილი...

 

უნდა გამოგიტყდეთ, რომ შემიყვარდა პირველივე ლექციიდან, ამიტომაც, ჩემი მთელი „აბაიანიეს“ გამოყენებით, მეორე ლექციაზე უკვე დავიკავე ადგილი ცნობილი 202-ე აუდიტორიის წინა რიგის არა გვერდით, არამედ შუა მერხზე, სადაც ბატონი გიორგი დგებოდა ხოლმე და იწყებდა თავის ლექციას კი არა, სპექტაკლს... დიახაც, სპექტაკლს, თავისი მონოლოგებით, რეჩიტატივებით, რიტორიკული შეკითხვებითა და ფოიერვერკებით...

 

ისე ვყვებოდი მის რიტმს, რომ ლექციის ბოლოს მასალა უკვე ვიცოდი, სახლში გამეორებაც არ მჭირდებოდა...

 

თანაც, ლექციაზე ისეთი ძაღლივით შეყვარებული თვალებით ვუყურებდი, რომ ეშმაკურად ეღიმებოდა...

 

ხვდებოდა, ალბათ და მე ასე ვფიქრობ, სიამოვნებდა კიდევაც... ამას მოგვიანებით მივხვდი, თავად რომ გავხდი ლექტორი...

 

ნებისმიერ მრავალრიცხოვან აუდიტორიაში ასეთი „შეყვარებული თვალების ფაქტორს“ ეგრევე გრძნობ... სხვა აურა მოდის იმ ადგილიდან და სულაც არ ყოფილა საჭირო პირველ მერხზე ჩამოსკუპება...

 

ჰოდა, დაინიშნა ბატონი გიორგის პირველი კოლოქვიუმი. მოვემზადე მაქსიმალურად... ვიფიქრე: ისე უნდა დავწერო, რომ მიხვდეს, როგორ მიყვარს-თქო...

 

არ დაგღლით დეტალებით... ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობდა, მთელი ცოდნის გამოვლენა შევძელი და ბოლოს მივხვდი, რომ გონება გადამეკეტა და მთავარი შემაჯამებელი თეორემა, რომელიც ამ ჩემს 20-გვერდიან ნაშრომს ლამაზად დაასრულებდა და აზრიანს გახდიდა, დამავიწყდა...

 

ანუ, ფორმალურად 2 მეკუთვნოდა...

 

ცუდი ნიშნის კი არ მეშინოდა, არამედ იმისი, რომ  ბატონი კინო ჩემზე აზრს შეიცვლიდა...

ამიტომ „ცეცხლს ნავთი დავასხი“ და რვეულს ბოლოში, გზააბნეული თეორემის მაგივრად, მივაწერე:

„ბატონო გიორგი, დედას გეფიცებით, ვისწავლე და ვიცოდი. და ვეღარ ვიხსენებ,,, მაპატიეთ... მართლა ყველაფერს გეფიცებით“

 

არ მახსოვს, როგორ ჩავაბარე რვეული ბატონ გიორგის... სახლში იმდენი ვიტირე, რომ გალიჩკამაც, რომლისთვისაც ჩემი ყოველი არამრავალრიცხოვანი 4 ტრაგედია იყო, მითხრა: „არა უშავს, გადავიტანთო“, მაგრამ ტირილში ამყვა...

 

წერილზე, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს... მომკლავდა... ჯერ ის არ ჰქონდა გადახარშული ბოლომდე, გამოსაშვებზე თემის მაგივრად საკუთარი ლექსი რომ დავწერე გალაკტიონზე... არ ესმოდა ეს „ანჯაფარიძევსკიე ზამაშკები“ და რა ექნა...

 

ამის შემდეგ ბატონი გიორგის 2 ლექცია გავაცდინე... ვიჯექი ტუალეტში და ვღნაოდი, ისე მრცხვენოდა...

არადა, ცოცხალი თავით  არ აცხადებდა კოლოქვიუმის ნიშნებს...

 

ასე ვიფიქრე, მიცდის, რომ მოვალ, საქვეყნოდ გამკიცხავს თავხედური ქცევისთვის-თქო და გავბედე და შევედი ლექციაზე...

არაფერი უთქვამს... უბრალოდ, ნიშნები გამოაცხადა... მე დიდი 5-იანი პატარა მინუსით მეწერა...

 

გამოცდაზე რამდენიმე კაცი, ვისაც 5 გვინდოდა, ადრე გავედით... შეგვიყვანა თავის პატარა ოთახში და 3 საათით ჩაგვკეტა... მერე დაბრუნდა, გამოგვკითხა და 5-ები დაგვიწერა...

 

დიდი გოგო რომ გავხდი, შევეკითხე : „ბატონო გიორგი, მაშინ კათედრაზე რომ ჩაგვკეტეთ, სავსე რომ იყო თქვენი წიგნებით და კონსპექტებით, რომ გადაგვეწერა-თქო?“

 

გაიღიმა ეშმაკურად და მიპასუხა: „ ჯერ ერთი, გენდობოდითო და მეორეც, 3 საათში ტოპოლოგიის სწავლას თუ შეძლებდითო 5-ზე, ღირსი ყოფილხართ 5-იანისო“...

 

იცით, მთავარი რა მინდოდა მეთქვა... ჩემი ოპერულ-შემოქმედებითი წრიდან მათემატიკურში გადასვლა სულაც არ გამჭირვებია, რადგანაც მათემატიკოსები არა ნაკლები შემოქმედები აღმოჩნდნენ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner