logo_geo
eng_logo
როგორ „წაართვა“ სოფიკო ჭიაურელს როლი დედამ „მონანიებაში“
- +

21 ნოემბერი. 2020. 17:35

 

 

ბედნიერება.... ეს ძალიან ხანმოკლე გრძნობაა, ფეხსაცმელი რომ გიჭერს, შინ მიხვალ და გაიხდი, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მაგრამ არის სხვაგვარი ბედნიერებაც... რემონტს ვაკეთებდი სახლში, საქმეებში ვიყავი ჩაფლული და უცბად ოთახში თავით ფეხამდე გასისხლიანებული ჩემი შვილი შემოვიდა, დედა, „გრუზავიკი“ დამეჯახაო თქვა და წაიქცა...

 

კარგად რომ გახდა, მერე დავფიქრდი: ღმერთო, რა სულელი ვიყავი, რაზე ვშფოთავდი, რატომ ვახარჯავდი ნერვებს მუშებთან კამათს-მეთქი. შვილი რომ საავადმყოფოდან გამოვიყვანე, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერი ვიყავი.

 

იცით, ქართველებს პირველი სადღეგრძელო მშვიდობისა გვაქვს, ადრე ეს ბანალურად გვეჩვენებოდა, ახლა კი სამოქალაქო ომის შემდეგ როცა მეზობელი მეზობელს მოეკიდა მტრად, ამ სადღეგრძელოს სულ სხვა დატვირთვა მიეცა. თურმე, მშვიდობა ყოფილა ყველაზე მთავარი –ვ მშვიდობა ქვეყანაში“, – ამბობს სოფიკო ჭიაურელი თავის დღიურებში, საერთოდ, სოფიკო ჭიაურელის დღიურები უამრავი ამბით არის სავსე, რომელიც როგორც სხვა ცნობილი გამორჩეული ადამიანების დღიურები ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ნაწილად დავყავი. მაგალითად, იცოდით, რომ ახალგაზრდობაში, როცა სოფიკო მოსკოვში სწავლობდა, სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა. სოფიკო და მისი მეგობრები მთელი კვირა ქეიფობდნენ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში უკაპიკოდ რჩებოდნენ. საბედნიეროდ, სასწავლებლის ბუფეტში შაქარი, მარილი, მდოგვი და პური უფასო გახლდათ. მსახიობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან გაჰყვა მარილმოყრილი და მდოგვწასმული შავი პურის გემო. ერთხელაც, დაბადების დღეზე სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: „გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს“. საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი წამოვიდა: „მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული“. იცოდით, რომ სოფიკოს დედა, ვერიკო ანჯაფარიძე აღშფოთებით ამბობდა: რა უნიჭო გოგო მყავს, რა არის ეს? რისთვის მომეზღოო? სამაგიეროდ, მამა იყო აღფრთოვანებული, როგორ ცუდადაც არ უნდა ეთამაშა მის გოგონას, გენიალურიაო, ამბობდა. მიხეილ ჭიაურელი შვილს აღმერთებდა, დედა კრიტიკულად ეპყრობოდა, მაგრამ ერთხელ, როცა მათ სახლში მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა, ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე – მე!“

 

სოფიკოს პირველი სიყვარული ექვსი წლისას სწვევია – მშობლების მეგობარი, ცნობილი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე შეჰყვარებია, რომელსაც თურმე ეჭვიანობის სცენებსაც კი უწყობდა. ვუყურებ ალა სურიკოვას ფილმს – „ეძიეთ ქალი“ და მახსენდება, როგორ ვოცნებობდი ოციოდე წლის წინ მთავარი როლის შემსრულებლის გაცნობას. ერთ დღესაც სოფია მიხაილოვნა – სწორედ ასე, რუსულ მანერაზე მოვიხსენიებდი მაშინ ცნობილ აქტრისას – მოსკოვში ჩამოვიდა. შეხვედრა სასტუმროში დავთქვით, თუმცა საუბარმა ჰოლში, ლიფტის კარის გაღება–დახურვის ფონზე მოგვიწია. თურმე ჩვენი ინტერვიუ დროში ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციას დამთხვევია, ხოლო სოფიკოს მეუღლეს, კოტე მახარაძეს, არაფრით შეეძლო მატჩის გამოტოვება, აუცილებლად უნდა ეყურებინა. კოტემ გაცნობისას ხელი გამომიწოდა თუ არა, დააყოლა: „გამარჯობა, მე სოფიკოს საყვარელი ვარ... ნუ, ყოველ შემთხვეაში, ასე დაწერა გუშინ ერთმა მოსკოვურმა გაზეთმა...“ ღირს კი იმის თქმა, რომ სასტუმროს ნომერი თავისი ტელევიზორით კოტე მახარაძის „მფლობელობაში“ გადავიდა, ხოლო მე და ქალბატონი სოფიკო (მერე გავიგე, რომ საქართველოში ქალებს ასე მიმართავენ, ყოველგვარი მამის სახელის გარეშე) ჰოლში, ლიფტის წინ მდგარ სავარძლებში მოვთავსდით.

 

„როცა თენგიზ აბულაძე მონანიებას იღებდა, უნდოდა, რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისკენ მიმავალ გზას ეძებდეს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა. მახსოვს, დამირეკა და მითხრა: სოფიკო, ასე ვფიქრობ და მოდი, მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშაოთ, რომ შენ რაღაცნაირად დაგაბეროთო. მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, რად გინდა ახლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიკური ამაში. რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე ვუთხარი, მე ვაკადრებ, მე ვეტყვი–მეთქი. მართლაც ვუთხარი ვერიკოს: დედა, აქვე გადაგიღებენ, ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ-მეთქი და დავითანხმე. შედგა გადაღება და მგონია, რომ „მონანიებიდან“ ერთ-ერეთი საუკეთესო ეპიზოდია“.

 

ეკა პატარაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner