logo_geo
eng_logo
ყოფილი მიტროპოლიტი ცად ამაღლდა!
- +

21 მარტი. 2016. 20:21

 

„ასავალ-დასავალი" რედაქცია უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დიდი ქართველი მოღვაწე, სწავლული და განმანათლებელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი (1972-1978 წ.წ.), საქართველოს ეკლესიის კალენდრების რედაქტორ-შემდგენელი (1972-1977 წ.წ.), უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საბჭოთა სადამსჯელო რეჟიმის მიერ რეპრესირებული ყოფილი მიტროპოლიტი


მდაბალი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა კერატიშვილი)


უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი ღირსეულ მამულიშვილს, რომლის ცხოვრება და მარტვილობა ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში



მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს საბჭოთა რეჟიმმა აურაცხელი სიბილწე მიჰკერძა. თუ ბერი თეოდორე ჩიხლაძე იმპერიის ტყვიას განაგმირინა ცეკას იმჟამინდელმა თავკაცმა, გაიოზ კერატიშვილი 15-წლიანი პატიმრობისთვის გაწირა ჯერ კიდევ 1978 წელს იმ მზაკვრული ვარაუდით, რომ იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდა.


დიახ, ფუნდამენტარული აკადემიური განათლების მქონე სამღვდელო პირი, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და 1972-77 წლების საეკლესიო კალენდრების შემდგენელი, რომელიც თავისი განსწავლულობით უდიდეს სიკეთეს მოუტანდა ეროვნულ მეცნიერებას და სრულიად საქართველოს, დაღესტნის შრომა-გასწორების კოლონიისათვის გაიმეტა შევარდნაძის დროინდელმა სადამსჯელო მანქანებმა.


რომ არა გაიოზ კერატიშვილი, სამუდამოდ გაქრებოდა დროსა და სივცეში ქართველთა დედისა და განმანათლებლის წმინდა ნინოს უძველესი სახე.


წმინდა ნინოს ხატის ორიგინალი, რომელიც 38 წლის წინათ, 1978 წელს, საქართველოს საპატრიარქოში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა, მის მიერ გამოცემული საეკლესიო კალენდრის ფერადი ჩანართის სახით ჩვენამდე მოაბრძანა სწორედ მცხეთის სასულიერო სემინარის რექტორმა 1972-1978 წლებში ყოფილმა მიტროპოლიტმა, მდაბალმა გაიოზმა (ერისკაცობაში ბიძინა კერატიშვილმა).

 

და აი, დაღესტნის შრომა-გასწორების კოლონიაგამოვლილი მიტროპოლიტი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნებულს საკუთარი ბინაც კი გაყიდული დახვდა (რომ აღარაფერი ვთქვათ მის უმდიდრეს ბიბლიოთეკაზე), მდუმარედ, ქრისტესმიერი მოთმინებით იტანდა მსტოვართა და მწიგნობარფარისეველთა შეკვეთილ ჯღაბნილებს ქართული პრესის ფურცლებზე. სხვათაშორის, გაჭირვების ჟამს გვემულ მიტროპოლიტს უფლის მადლი და უფლის შეწევნით ამოთქმული პოეტური სტრიქონები ედგა გვერდში.


***

სად არ ვიყავ, სად არა,

და სად აღარ ვიარე,

ბლომად შემასმევინეს

ბალღამი და სიავე,


როცა ცოცხლად დამმარხეს,

მტერს რომ გულით მივენდე,

შენღა მყავდი სიცოცხლის

მსხნელი და მოიმედე.


როგორც შენა გშვენოდა,

როგორც გეკადრებოდა,

ისე ვერ გეხმიანე,

სიტყვა მეკარგებოდა, -


მტერი ვერ მოვიცილე,

ხილული თუ მალული,

ყველაფერი წარმტაცეს

სახლი, კარი, მამული...


დამიობლეს მუზა და

ლექსი - ცრემლით ნამული,

ერთი, რაც ვერ წამართვე -

შენდამი სიყვარული.


როცა აღარ ვიქნები

და მარადჟამს გავქრები,

შენს თვალებში სიკეთის

სხივად გამოვნათდები.


ათასი წლის შემდეგაც

შენით დავიქადნები,

მოვალ, მოგეფერები,

შენთვის დავიხარჯები...


ჩემს ბედსა და იღბალზე

არვის არ ვედავები,

ვიცი, გულში ჩამიკრავ,

როცა მოგებარები!



სწორედ ამ ლექსში ამოთქმულ სევდასთან ერთად გაიოზ კერატიშვილმა რედაქციაში გვაახლა წმიდა ნინოს უძვირფასესი ხატის ასლი, რომელსაც აქვე ვბეჭდავთ.

 

და აი, დგება ჟამი, როდესაც „ასავალ-დასავალის" რედაქციის სახელით, უმორჩილესად გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოს, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება თითოეული მართლმადიდებლისთვის ეგზომ ძვირფას შენაძენზე და თავისი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს იმ ხატმწერს, რომელიც ფოტოილუსტრაციაზე დაყრდნობით წმინდა ნინოს ახალ ფერწერულ ხატებს შექმნის; აქვე საგანგებოდ გვინდა, მივმართოთ ქართველ არქეოლოგებს, განაახლონ ფართომასშტაბიანი კვლევები ნინოწმინდის მონასტრის ეზოში, რომლის ერთი პატარა მონაკვეთის გათხრა და შესწავლა ჯერ კიდევ 1966 წელს პოეტმა გიორგი ლეონიძემ ოფიციალურად გაიოზ კერატიშვილს დაავალა. წინასწარი მონაცემებით, სწორედ, ამ უწმინდეს სავანეში დამარხულ არს ქართველთათვის ფრიად საგულისხმო ისტორიული საგანძური, რომელიც ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას; გვაქვს პატრიოტ ქართველ ბიზნესმენთა უზომო იმედიც!


ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი გამარჯვება იქნება, თუ ნეტარი დედის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხატი ღირსეულ ადგილს დაიკავებს სამების ტაძარში, აგრეთვე წმინდა ნინოს სახელზე აგებულ თითოეულ ეკლესიაში და ყველა იმ ღვთის სახლში, სადაც ლიტანიით მისული უამრავი ჩვენი მართლმორწმუნე თანამემამულე აღავლენს ლოცვას ქართველთა განმანათლებლის წმინდა სახებასთან.

 

***

შევარდნაძის რეჟიმის იდეოლოგთა მიერ გაიოზ კერატიშვილის შესახებ გავრცელებული უამრავი ჭორი და ცრუმოწმეთა ბოდვანი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს იმდროინდელმა ლაქია-ინკვიზიტორებმა. უფრო მეტიც, თავად დედაეკლესიის გამამდიდრებელს და ძველი ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზატორს გაიოზ კერატიშვილს ეკლესიის მძარცველის იარლიყი უბოძეს და ეპოლეტებიან მსტოვართა წყალობით იმხანად ცნობილ დისიდენტს ზვიად გამსახურდიასაც კი შთააგონეს, რომ მართლმსაჯულების წინაშე საქართველოს სამღვდელოების მეორე პირის სახით „ქვაბავაზაკი" და „საეკლესიო სიძველეთა მძარცველი" უნდა წარმდგარიყო.

 

კომუნისტური პრესა აჭრელდა მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგ მიმართული უბინძურესი მონაჩმახით, სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა ადგილობრივი რწმუნებულისა და სიტყვამრუში კალმოსნების აქტიური მეცადინეობით, კაცი, რომელიც დაბადებიდანვე ეზიარა ძველ ქართულ ლიტერატურას, პოეზიას, საეკლესიო სამყაროს და კათალიკოს ეფრემ მეორისა და წმინდა სინოდის ხელდასხმით დიდი საღვთო საქმისათვის იყო მოწოდებული, მრავალი წლით ჩამოაცილეს საზოგადოებას.


„ასავალ-დასავალის" გარდა, არავინ მოუსმინა ყოფილ მიტროპოლიტს, რომელმაც დიდსულოვნად შეუნდო და სინანულისკენ მოუწოდა თავის დამსმენ-დამტუსაღებლებს. იგი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა - დაებრუნებინათ ის უმდიდრესი ბიბილიოთეკა, რომელიც კონფისკაციის საფუძველზე განიფანტა თუ გასხვისდა. გარკვეული იმედი გაიოზ კერატიშვილს შევარდნაძის რეჟიმის დამხობის შემდეგაც მიეცა, მაგრამ, ამაოდ...



***

„ასავალ-დასავალი" არაერთხელ წერდა მდაბალი გაიოზის უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეობის შესახებ, რომელიც გახლავთ უკანასკნელი ცოცხალი მემატიანე კირიონ კათალიკოსის ვერაგული მკვლელობის შესახებ ერთადერთი უტყუარი გადმოცემისა; თითქმის მთელი წლის მანძილზე ვაქვეყნებდით სუკის მარწუხებს სასწაულებრივად გადარჩენილი და სასჯელმოხდილი მიტროპოლიტის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე სულიწმიდის მადლით აჟღერებული ოთხთავის ტექსტს, რომელიც მრავალგზის იქნა შედარებულ-შეჯერებული სახარების სხვადასხვა გამოცემასთან; უფრო მეტიც - ვამხელდით და კვლავაც ვამხელთ იუდა ისკარიოტელის შთამომავალთა მიერ გაყიდული და დევნილი მიტროპოლიტის ცილისმწამებლებს, რომლებიც შევარდნაძე-საკაშვილის რეჟიმის დასამარების შემდეგაც აგრძელებდნენ თავის ბინძურ მჯღაბნელობას.


დიახ, ჯერაც ბოგინობენ მზისქვეშწეთში არსებანი, რომლებიც ხელის აუთრთოლებლად გაიმეტებენ ტყვიას უმანკო მღვდლის - თეოდორე ჩიხლაძის მოსაკვდინებლად ან თუნდაც გლდანის ეკლესიის კარს შელეწავენ უზარმაზარი „ურალით"; ეს ბოროტმოქმდნი მკერდით გადაეფარებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში შეპარულ სოდომური ცოდვის მიმდევართა და „ანტიკრიმინაციული კანონის" ნიღბით მწვანე შუქს აუნთებენ გარყვნილების აპოლოგეტებს...



***

მართლაც, არსებობს კი უფრო სევდიანი ისტორია, ვიდრე ლამის ნახევარსაუკუნოვანი მარტვილობა ერთ დროს საქართველოს ეკლესიის მაღალიერარქის, მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილისა? დიახ, ჯერ კიდევ 1977 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის დავით მეხუთის არცთუ ბუნებრივი გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა სუკის სადამსჯელო მანქანების ქართველმა იდეოლოგებმა და ცეკას ლენინელმა „შნირებმა" დაიწყეს ისტერიული შტურმი დედა-ეკლესიის მეორე პირის, წილკნელ-ურბნელი მიტროპოლიტის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქების - ეფრემ მეორისა და დავით მეხუთის ქორეპისკოპოსის, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის, საპატრიარქოს გამოცემათა რედაქტორის გაიოზ (ერისკაცობაში ბიძინა) კერატიშვილის წინააღმდეგ და 15 წლით დაღესტნის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს ქონების სრული კონფისკაციით.


სათქმელი და დასაწერი ჯერ კიდევ ბევრია. შეთქმულება მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგ მისი გარდაცვალებით არ მთავრდება.


დიახ, მეფე ჰეროდემაც თითქოს გუშინ გააკრვევინა ჯვარზე მაცხოვარი... დიახ, პროკურატორებიც აქ არიან, მწიგნობარნიც და ფარისეველნიც... აქვეა ბრბო, რომელიც ხბოს აღტაცებით შეუძახებს „ჯვარს აცვი ეგე", ბრბო, რომლითაც ათწლეულების მანძილზე მანიპულირებდნენ ეკლესიისა და საზოგადოების დაუძინებელი მტრები... და, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამი დამდგარა, ვიდრე უფლის სამსჯავროზე გამოტანილა ერთადერთი სამართლიანი განაჩენი, იქნებ თანამედროვე ცოდვილთ ეყოთ იმის სიბრძნე, რომ გადასინჯონ საბჭოთა იმპერიული რეჟიმის მიერ გამოტანილი უმკაცრესი განაჩენი მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის წინააღმდეგ და წერტილი დაუსვან მრავალმხრივი საერო-სასულიერო მოღვაწის მრავალწლოვან წამება-შეურაცხყოფას თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ, რათა იხსნან თავისივე სული და აირიდონ ბჭენი ჯოჯოხეთისანი!

 

 

***

გაიოზ კერატიშვილი 2016 წლის 19 მარტს, გულზე გადატანილი უმძიმესი ოპერაციის შედეგად მიიცვალა. ექიმებმა ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად, მაგრამ აურაცხელი ტკივილებისაგან დაკენკილმა გულმა ყოფილ მიტროპოლიტს მიწიერი ცხოვრების გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. დიახ, გაიოზ კერატიშვილი ცად ამაღლდა და 20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს ათასგზის გვემული და შეურაცხყოფილი.

 

სხვათაშორის, საოცარი დამთხვევით სწორედ იმ დღეს მოედო ხანძარი სამებას, იწვოდა წიგნები და დარბაზები ისევე, როგორც მაშინ, 1978 წელს, როცა გაიოზ კერატიშვილის მიერ გადარჩენილი წმიდა ნინოს ხატის ორიგინალი განადგურდა. სუკ-მა მაშინ ეს ხანძარი სწორედ მეუფე გაიოზს დააბრალა, რათა ჰქონოდა კიდევ ერთი „სამხილი" დედაეკლესიიდან მის მოსაკვეთად. იმედია, სამების ტაძარში გუშინ გაჩენილ ხანძარს გარდაცვლილ მეუფეს ვეღარ დააბრალებენ. ჩემი აზრით, ეს სწორედ უფლის ნიშანი იყო მართალი კაცის უმძიმესი მარტვილობის შესახსენებლად!


ბოლოთქმა


20 მარტს ჩამავალმა მზემ მეწამულ ფერად შეღება თბილისის ცა. იყო ამ დაღამებაში რაღაც მისტიური და უჩვეულო. ასეთი სისხლისფერი ცა, სიმართლე გითხრათ, არასოდეს მინახავს!

 

ლაშა ნადარეიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

გაიოზ კერატიშვილის ეპიტაფია

 

მე სამუდამოდ მივებარე ამ ცას და მიწას,

სასრული ჰპოვა ჩემმა დარდმა, ფიქრმა და ცრემლმა,

მოვწყდი, მოვცილდი წუთისოფელს, ყურებას მზისას,

რაკი მომცელა ბალახივით სიკვდილის ცელმა.


აქ ხეთა ჩრდილში გაითხარა ჩემი სამარე,

თან ჩამყვა თქვენი სიყვარული მზეებრ ელვარე,

ამ სიყვარულში განვვლე დღენი და მივიცვალე,

და აღვალ ზეცად, რათა ვპოვო სულის სავანე.


შენც, წამკითხველო, არ აგცდება აქ განსვენება,

ვიდრე ცოცხალ ვართ, ვალად გვადევს ერთურთ ხსენება,

იყავ კეთილი, აღასრულე წესი და ნება,

შემომითვალე იმ გრძელ სოფლად სულის ცხონება.


ეული ვიყავ, დევნილი და მიუსაფარი,

აქ ვპოვე ბინა საუკუნოდ მიწა-სამარი.

 

შენდობა ბრძანეთ! 2016 წლის 22 იანვარი


ეს ეპიტაფია ერთ დროს მაღალმა საეკლესიო იერარქმა, მიტროპოლიტყოფილმა გაიოზ კერატიშვილმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე „ასავალ-დასავალის" რედაქციაში დაგვიტოვა...


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner