logo_geo
eng_logo
გალაკტიონის თვითმკვლელობის ადგილი 57 წლის შემდეგ...
- +

22 მარტი. 2016. 18:28



2010 წლის ივლისში ვაკის ყოფილი „ლეჩკომბინატი" 7,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელები არიან კომპანია „დილას" დამფუძნებლები, რუსული სადაზღვევო კომპანია „რესოგარანტის" აქციონერები. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა: „წარმატებულ აუქციონზე თითქმის ორმაგ ფასად გაიყიდა ილია ჭავჭავაძის გამზირის № 5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელშიც ქართულმა კომპანია „დილამ" 9,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. კომპანია „დილა" უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც ოპერირებას გაუწევს „ლეჩკომბინატს".


კომპანია, „დილა 2010"-ის დამფუძნებელი რუსული სადაზღვევო კომპანია „რესოგარანტის" აქციონერ სერგეი სარქისოვის მეუღლე რუსუდან მახაშვილია, ხოლო 20-პროცენტიანი წილის მფლობელი „ვაკის ლეჩკომბინატის" ამჟამინდელი მმართველი გურამ ქარაზანაშვილი გახლავთ.


ვაკის ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორიასთან მორიგე „სტაინშჩიკმა მითხრა: „ორი წლის წინათ აქაურობას ღობე შემოარტეს და „შესვლა აკრძალულია" მიაკრეს. ჯერჯერობით არაფერს აშენებენ. მფლობელის გვარი არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სომეხი მილიარდერია. ორი წლის წინათ ცოლ-შვილთან ერთად იყო მოსული".

 

ალბათ, მიხვდით, „სომეხი მილიარდერი" სწორედ „რესოგარანტის" აქციონერი სერგეი სარქისოვი გახლავთ. ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორია სამი მხრიდან ისეთი ღობითაა გარშემორტყმული, რომ ეზოს დანახვა შეუძლებელია, ხოლო ერთ მხარეს მხოლოდ რკინის გისოსებია და კარგად ჩანს მოზრდილი ჩაღრმავებული ადგილი, სადაც 1937 წელს, 79 წლის წინათ, „ლეჩკომბინატის" საძირკველი ჩაიყარა. დღეს ეს ადგილი უკაცრიელია და მიუხედავად „დილა 2010"-ის გენერალური დირექტორის დიმიტრი გაბუნიას განცხადებისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ამ სამედიცინო ობიექტს პროფილი შეუნარჩუნდებოდა, აქაურობის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია (მხოლოდ მაღალი, დაპრესილი ფილებისგან შეკრული ნაგებობა დგას). ამას გარდა, არავინ იცის, ამ ტერიტორიაზე მოინიშნება თუ არა ადგილი, სადაც 57 წლის წინათ პოეტების მეფე - გალაკტიონ ტაბიძე აღესრულა.


იმის გამო, რომ მე და გალაკტიონ ტაბიძის ნათესავი მიხეილ ქავთარია ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე ვერ შევედით, გისოსებიდან - საკმაოდ შორი მანძილიდან, დაახლოებით მიმანიშნა ის ადგილი, სადაც 1957 წლის 17 მარტს გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე:


- ვაკის „ლეჩკომბინატი", რომლის მეოთხე სართულიდან გალაკტიონი გადმოხტა, აი, ამ ამოღრმავებულ ადგილზე იდგა. გალაკტიონი ეზოს მხარეს დაეცა (ესე იგი, არა ჭავჭავაძის გამზირის მხარეს), კიბისა და კედლის კუთხეში, მე და თქვენ ერთმანეთს 2016 წლის 17 მარტს შევხვდით, ესე იგი, ეს ტრაგედია ზუსტად 57 წლის წინათ, 1959 წლის 17 მარტს მოხდა. კარგად მახსოვს, ნაწვიმარი იყო. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე აქეთ გმოვეშურე. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, გალაკტიონი უკვე შენობაში ჰყავდათ შეყვანილი, საღამოს კი სახლში, მარჯანიშვილის ქუჩაზე გადაასვენეს. იქ იყვნენ მისი ძმისშვილები ნოდარ და ვასიკო ტაბიძეები. პანაშვიდი ჯერ სახლში გაიმართა, შემდეგ - მწერალთა სასახლეში. გალაკტიონი 21 მარტს მთაწმინდაზე დაკრძალეს, ზღვა ხალხმა გააცილა. პანთეონში შესვლა საშვებით იყო. მახსოვს, ვასიკოს საშვი არ შეხვდა, დიდი წვალების შემდეგ ძლივს იშოვა.


- ბატონო მიხეილ, გალაკტიონის ნათესავი ბრძანდებით...

 

- გალაკტიონი იყო დეიდაჩემის - ტატიანა ცინცაძის (კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის ძმისშვილი) მაზლი. სტუდენტი ვიყავი, როცა ახლოს გავიცანი, „ფსევდომიშას" მეძახდა. მარჯანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. როცა დავქორწინდი და ბინა არ მქონდა, დახმარება გალაკტიონის ძმისშვილებმა ნოდარმა და ვასიკომ გამიწიეს და მის კაბინეტში დამაბინავეს. შვილებიც იქ შემეძინა. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის გალაკტიონი უკვე გარდაცვლილი იყო.


- მასთან ბოლო შეხვედრა გახსოვთ?

 

- მწერალთა კავშირის დელეგაციასთან ერთად მოსკოვში მიდიოდა, ჩემოდანში ნივთები მე და ნოდარმა ჩავულაგეთ. გალაკტიონს წყნეთში ჰქონდა აგარაკი. მახსოვს, მე და დეიდაჩემმა ერთხელ ტაქსით წავიყვანეთ, ცოტა ნასვამი იყო. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი ძმა პროკლე (ოფიციალურად აბესალომი), რომელიც 1948 წელს გარდაიცვალა. აი, მაშინ მოუშვა წვერი გალაკტიონმა და მას შემდეგ აღარც მოუპარსავს.


ვინაიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფო - ეგრეთ წოდებული ლეჩკომბინატის პირველი კორპუსი აღარ არსებობს, ხოლო ტერიტორია შემოღობილია, გალაკტიონის გარდაცვალების 57-ე წლისთავზე ტრაგედიის ადგილას ყვავილების მიტანა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ მისამართის მიხედვით, ეს შენობა იყო ილია ჭავჭავაძის გამზირი, № 5. დაპროექტდა 1937 წელს (არქიტექტორები ნ. ზურაბიანი და პ. უშენინი).


1959 წლის 17 მარტს, 17:50-ზე აქ ტრაგედია მოხდა - პირველიკორპუსის მეოთხე სართულიდან (52-ე ოთახი), 13 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა პოეტების მეფე გალაკტიონ ტაბიძე. როგორც ვახტანგ ჯავახაძე წერს: „გალაკტიონ ტაბიძე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია, მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია". იმ პერიოდის პრესაში არსად დაწერილა, რომ გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მხოლოდ მთაწმინდის პანთეონში გიორგი ლეონიძემ გამოსათხოვარ სიტყვაში ახსენა: „მშვიდობით, სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!" ვახტანგ ჯავახაძე იხსენებდა, რომ ტრაგედიის ადგილზე საქვაბე ააშენეს და მხოლოდ მისი თხოვნის შემდეგ გადაიტანეს სხვაგან. მართალია, 2010 წლის 17 მარტს ამ ადგილას ქვა დადგეს: „1959 წლის 17 მარტს აქ დაასრულა სიცოცხლე გალაკტიონ ტაბიძემ", მაგრამ სად გადაიტანეს ეს ქვა მათ, ვინც ისტორიული შენობა დაანგრია, უცნობია. ჯერჯერობით, ეს ადგილი იავარქმნილია, ხოლო დიდი პოეტის გარდაცვალების ადგილი - წაშლილი. საოცარი ის არის, რომ ამ 57 წლის წინათ გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეც, რომელსაც მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იძიებდნენ, მცირე დროში დახურეს და დააწერეს - „მოისპოს". დარჩა მხოლოდ ექსპერტის ჩანაწერი: „უამრავი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება".


P.S. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელი გურამ ქარაზანაშვილია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილსაც ისევე მოექცევა, როგორც თავის პაციენტ შოთა კაპანაძეს (და კიდევ მრავალ სხვას) მოეპყრო და სიცოცხლით სავსე კაცი დააინვალიდა. ყოფილი „ლეჩკომბინატის" ღობეზე აწერია: „ჩვენ ვართ პოტერჰედები, მაგრამ არა სატანისტები" - პირდაპირ მინიშნებულია, რომ ქარაზანაშვილი ის პოტერჰედია, რომელიც დასტაქრის მანტიით შემოსილი, ფსევდოოპერაციებით სატანისტურ რიტუალებს ატარებს და პაციენტებს სასიცოცხლო ძალებს აცლის.

 

 

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner