logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ზაურ ბოლქვაძე - მართლა ლომი იყო, პოეზიაშიც და მეგობრობაშიც!
- +

2 აპრილი. 2016. 18:18

ზაურ ბოლქვაძე-83!
დღეს უნიჭიერესი პოეტის და იუმორის დიდოსტატის, "ნიანგის" ყოფილი მთავარი რედაქტორის ზაურ ბოლქვაძის დაბადების დღეა.
საქართველოს ლიტერატურული ოჯახი მას იცნობდა, მოფერებითი სახელით- "ლომი". თავადაც ასე მიმართავდა და ესიყვარულებოდა მეგობრებს, კოლეგებს...
მართლაც ლომი იყო, პოეზიაშიც და მეგობრობაშიც. 
ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა: ზაურ ბოლქვაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყო.
ზაური პოპულარული იყო ახალგაზრდებში, განსაკუთრებით უყვარდათ იგი დედაუნივერსიტეტში. არა მარტო სტუდენტებს, არამედ პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თავს შინაურად გეძნობდა საუნივერსიტეტო გაზეთის - "თბილისი უნივერსიტეტის" რედაქციაში, სადაც აწ განსვენებულნი ირაკლი ვეშაპიძე, ზაურ ბოლქვაძე და ზაალ ჟვანია ანდამატივით იზიდავდნენ უფროსი თუ ახალგაზრდა თაობის ნიჭიერ წარმომადგენლებს. ერთხანს ზაური რედაქტორობდა კიდეც ამ გაზეთს და აქედან წაიყვანა ნოდარ დუმბაძემ "ნიანგის" პასუხისმგებელ მდივნად. ზაური "პირველსხიველი" გახლდათ და ყოველდღიურად რედაქციაში მასპინძლობდა იმ თაობის ვარსკვლავებს: ჭილაძეებს, მუხრანს, ჯანსუღს ჩარკვიანს, შოთა ჩანტლაძეს და... ერთი სიტყვით, ვის არ ნახავდით აქ... რა თქმა უნდა, ამ რედაქციაში რედაქცია იყო შემოქმედებითი თავშესაფარი იმდროინდელი სტუდენტი-შემოქმედებისა, მით უმეტეს, გაზეთი სისტემატურად ატარებდა ნაირ-ნაირ კონკურსებს ნიჭიერ კალმოსანთა გამოსავლენად... 
უნივერსიტეტში მაშინ ცხოვრება დუღდა და კვირაში ორი-სამი დიდი ღონისძიება ტარდებოდა... კონცერტები, "კავეენები",შეხვედრები საინტერესო, ცნობილ ადამიანებთან... ჰოდა, არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა საუნივერსიტეტო სცენაზე, რომ დასასრულს არ მოეთხოვათ ზაურის გასვლა და მისი ლექსი... ჰოდა გავიდოდა ეს ჩვენი უსაყვარლესი პოეტი სცენაზე, დასჭექდა ლექსს "ახალგაზრდობაზე" და დაინგრეოდა დარბაზი ოვაციით.
არასოდეს მავიწყდება ერთი სტრიქონი ამ ლექსიდან, რომელსაც ყოველთვის ღიმილით ვიგონებ: "ისტორიაში წვალებით შესვლას, ჯობს დამშვიდებით სეხვიდე სახლში!"...
ერთი სიტყვით, დღევანდელი ახალთაობა თუ გაეცნობა მის შემოქმედებას, აღმოაჩენს უმშვენიერეს პოეტს, უშვენიერეს და ღრმა პოეზიას და შეუძლებელია არ შეიყვაროს ჭეშმარიტი პოეტის შემოქმედება...

აგერ, ორი პაწია ლექსი, მხოლოდ ოთხი სტრიქონია თითოეული... და რამდენი რამეა ნათქვამი, რამდენ რამეს განგაცდევინებს ეს ორჯერ ოთხი სტრიქონი:

"მე პოეტი ვარ – მიწა ვარ, ცა ვარ!..
მე პოეტი ვარ – სივრცე ვარ, დრო ვარ!..
მომენატრება სიკვდილი – წავალ!..
მომენატრება სიცოცხლე – მოვალ!.."

ანდა, აგერ, სტრიქონები, რომლითაც მან მიმართა უდროოდ წასულ მეგობარს და ეს სტრიქონები გახდა თავად ზაურისადმი მიმართულ მოფერებად:

"გადაუარა ბალახმა
საფლავს – სიცოცხლის წერტილს,
შენ ჩვენთვის როგორ არა ხარ,
ჩვენ აღარა ვართ შენთვის."

მისი სხარტულები დღესაც ცოცხლობს და "ხალხურად" არის მიჩნეული.
დღეს, პოეტის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისმა ქალიშვილმა გამოაქვეყნა მამის სურათი და უმალ გამახსენდა (და არქივიდან "ამოვაგდე") შარშანდელი ერთი ფბ-ჩანაწერი, რომელიც ამბავად მოვყევი ფბ-ზე გამოქვეყნებულ "ნიანგის" რედკოლეგიისა და პოეტის ფოტოსურათების კომენტირებისას.

"... ჩემს უფროს ძმობილს ჩახუტებული ანგელოზი ახლა უმშვენიერესი ქალბატონი, გამოჩენილი მუსიკოსი და საქვეყნოდ აღიარებული მოღვაწე, იუნესკოს საპატიო ელჩი გახლავთ. ორი დღის წინ პარიზიდან დამირეკა და საუბრისას მოვუყევი ამბავი, რომელზედაც ორივემ გულიანად ვიცინეთ...

აი, ნიანგის" რედკოლეგიასთან დაკავშირებული ეს "ღიმილიანი" ისტორია: ეს გუნდი (ნოდარ დუმბაძის გამოკლებით) მწყრალად არ იყო ღვინოსთან. ჰოდა, სუფრასთან სახელდახელოდ მოწყობილი ეს შეხვედრები ადუღაბებდა ამ უნიჭიერეს და უკეთილშობილეს ადამიანებს, თანაც ხელს უწყობდა მათ შემოქმედებით პროცესს... :-))
ნოდარმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ, როგორც ყველა ნორმალური "ბოსი" სიტყვით მაინც კრძალავდა "სამუშაო საათებში" ღვინოსთან "გაბაასებას". მეტ-ნაკლებად კი მოქმედებდა ეს "აკრძალვა", მაგრამ...

ბიჭები და, რა თქმა უნდა, უწინარესად ზაურ ბოლქვაძე, ვერა და ვერ "ჯდებოდნენ" ასეთ "დისციპლინარულ" ჩარჩოებში და... ზოგჯერ, ზაური, რბილად რომ ვთქვათ, შეზარხოშებული (და არა მთვრალი) მობრძანდებოდა ხოლმე სამსახურში... ნოდარი ჩვეული ღიმილით უჯავრდებოდა და აფრთხილებდა ჟურნალის პასუხისმგებელ მდივანს: ნუ არღვევ "აკრძალვას", თორემ გაგანთავისუფლებო (!!!!). ზაურს ცოტა ხნით ყოფნიდა ეს გაფრთხილება, მაგრამ მერე მეგობრების დაპატიჟებაზე უარის თქმა უჭირდა და... მორიგი დარღვევაზე მთავარი რედაქტორის მორიგი "გაბრაზება-გაფრთხილებაც" გამომცხვარი იყო... ბოლოს გაიგეს "იქ სადაც ჯერ არს" ზაურის "ეშმაკობების" შესახებ ნოდარს სერიოზულად "მიანიშნეს"... ისიც იძულებული გახდა ბოლქვაძე ასევე სერიოზულად გაეფრთხილებნა: მორჩი, თორემ... გაგანთავისუფლებო!!! კიდევ ერთი დარღვევა და ნოდარმა იფეთქა: ზაურ, უკანასკნელად გაფრთხილებ, იცოდე გაგანთავისუფლებო (!!!)...

ერთი სიტყვით, ზაურმა კიდევ ერთხელ ვერ გაუძლო ცდუნებას და შესვენებაზე, ბიჭებთან, მისი სიტყვებით-სულ რაღაც სამი ჭიქით დაილოცა და ისევ მობრუნდა რედაქციაში. უთხრეს გეძებდა და რედკოლეგიის სხდომა უშენოდ დაიწყესო.ზაური მიხვდა, რომ "გაება", მაგრამ, რა გაეწყობოდა, ადგა და შევიდა თათბირზე. ნოდარმა "ნასვამი" ზაური დაინახა თუ არა, "იქუხა", "ვენები გადაიჭრა", ხომ გითხარი გაგანთავისუფლებო... ჰოდა, მორჩა, ახლავე ვწერ ბრძანებას და განთავისუფლებო!!!

საყვედურს კი ელოდა, მაგრამ მისი ძმობილი თუ"ვენებს გადიაჭრიდა, ეს ზაურისთვის მოულოდნელი იყო და თავდახრილმა, დამორცხვებულმა დანაშაული აღიარა, მერე თავი ასწია და მთავარ რედაქტორს ალალად მიმართა: ნოდარ, ძამია, თუ მაგდენი შეგიძლია, არ ჯობს რომ ჩემს მაგივრად საქართველო გაანთავისუფლო?!?!?!

ამ რეპლიკას რა ხარხარი მოყვებოდა, თქვენ თავად წარმოიდგინეთ. ის კი ფაქტია, რომ სამსახურის დამთავრებისთანვე დასასჯელ-დამსჯელის მეთაურობით, მთელი რედაქცია და მისი მეგობრები ქაბაბ-ხინკალს "ველიამინოვზე" ერთად შეექცეოდნენ."
ნათელში იყოს პოეტი! 
კაცი!!!

right_banner
არქივი
right_banner