logo_geo
eng_logo
„გორგიას კვანძი“ გახსნილია - ანუ, ნინო დარსალია თაღლითების მსხვერპლია!
- +

20 აპრილი. 2016. 05:20


 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მსგავსად, ჩვენი გაზეთი რუბრიკით „მსაჯულები" იწყებს გახმაურებულ საქმეთა განხილვას, რომლებსაც ცნობილი იურისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული სახეები შეაფასებენ და ვერდიქტსაც გამოიტანენ! რუბრიკას „გორგოშაძის საქმით" ვხსნით.


„ასავალ-დასავალის" მკითხველმა კარგად უწყის, რომ ჰიპერმარკეტ „გორგიას" გამილიონერებულმა მეპატრონემ გია გორგოშაძემ 2010 წელს თავის მეუღლეს ნინო დარსალიას 87 ათასი ამერიკული დოლარი გამოართვა და უთხრა - ამ ფულს „საერთაშორისო წითელი ჯვრის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ოქროს ბიზნესში დაგიბანდებს და ყაენივით იცხოვრებო!


დრო გადიოდა, მაგრამ ნინო დარსალიასთვის არც ფული ჩანდა და არც აფრიკული ოქროები. ამასობაში გორგოშაძე და დარსალია ერთმანეთს დაშორდნენ. 2012 წელს, როცა ყოფილმა ცოლმა ყოფილ ქმარს თავისი 87 ათასი ამერიკული დოლარის შესახებ ახსნა-განმარტება კატეგორიულად მოსთხოვა, გია გორგოშაძემ წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც ისეა შედგენილი, თითქოს დოკუმენტის ტექსტი ცოლმა დაწერა და ქმარი მას დაეთანხმა. არადა, რეალურად ტექსტი შედგენილია მხოლოდ ქმრის მიერ, მხოლოდ მისი ხელმოწერით და ამ ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი! ჩვენს საგაზეთო რუბრიკაში წარმოდგენილ აბსოლუტურად ნეიტრალურ და მიუკერძოებელ მსაჯულებს სწორედ ეს დოკუმენტი გავაცანით და ვკითხეთ: მოცემულ სიტუაციაში, როცა ნინო დარსალია 87 ათასი ამერიკული დოლარის დასაბრუნებლად დავობს, გია გორგოაძის ან ნანა ყეინიშვილის მიერ ჩადენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ნინო დარსალიას წინააღმდეგ?


არჩილ კაიკაციშვილი. „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი:


- მოცემულ ვითარებაში საქმე წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით თუ სამოქალაქო სამართლის ნორმებით დავის საგანს, ამ საკითხს გადაწყვეტს სიტუაციური ანალიზის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება და უტყუარობა. ფაქტი ერთია - 87 ათასი აშშ დოლარი, ქალბატონის თანხმობითვე, დადგენილი მიზნის - ბიზნესის უზრუნველსაყოფად, მეუღლემ გადასცა მესამე პირს. სწორედ ამ კონტექსტშია საყურადღებო ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომელიც თითქოსდა ადასტურებს, რომ ქალბატონს თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია თანხის მიმღები მესამე პირის თაობაზე და თანხის გაცემის მიზნობრიობაც მხარეთათვის (მეუღლეები, მესამე პირი) იმთავითვე განმარტებული იყო. ბუნებრივია, წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ ექნება ნამდვილობის პრეტენზია. პირველი - ქალბატონი უარყოფს ასეთი დოკუმენტის შედგენას, დოკუმენტზე არ არის მისი ხელმოწერა, ხოლო ასეთი მსხვილი შეთანხმებისთვის საჭირო გახლდათ ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება. თუკი ჩვენ დავას თანხის მოთხოვნის კუთხით გავაგრძელებთ, შემთხვევა, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოტყუებით დადებულ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მიხედვითაც, „თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა". თუკი ფაქტებით დადასტურდება, რომ ქმარმა იმთავითვე იცოდა, რომ თანხის სესხება არ ემსახურებოდა ბიზნეს-ინტერესებს, თანხის მიმღებ მესამე პირს ჰქონდა თანხის გამოყენების სხვა მოტივაცია, მოცემულ ეტაპზე დგება დავის სისხლისსამართლებრივი წესით განსჯადობის საკითხი. საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-ე (თაღლითობა) 1820ე მუხლების (მითვისება ან გაფლანგვა) გამოყენებით. წარმოდგენილი შემთხვევა შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს, როგორც ჯგუფური დანაშაული, თუკი ვივარაუდებთ, რომ ქმარმა იმთავითვე იცოდა მესამე პირის ქმედების განზრახულობა და ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ამ შემთხვევაშიც მათ შორის პასუხისმგებლობა გადანაწილდება თითოეულზე საკუთარი ბრალეულობის შესაბამისად.


ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე პირი ვალდებულია, ქალბატონს დაუბრუნოს სესხის სახით თუ მოტყუების შედეგად მიღებული თანხა!



მამუკა არეშიძე. პოლიტიკის ექსპერტი:


- იურისტი არ გახლავართ, მაგრამ, მგონი, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული აშკარად იკვეთება და აფერასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იურისტი არ ვარ, მაგრამ თუ ბატონი გორგოშაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ნამდვილია, გამოდის, რომ მან გამოიყენა ცოლის კეთილი ნდობა და თაღლითობა ჩაიდინა... აქედან გამომდინარე, სახეზე სისხლის სამართლის დანაშაული გვაქვს, აბა, რა გვაქვს?!



ზვიად ტომარაძე: „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი:


- როგორც საქმის ვითარებიდან ჩანს, ქმარმა თაღლითური გზით, დოკუმენტის გაყალბებით გამოართვა მეუღლეს თანხა. სამწუხაროდ, ამ წერილში ძალიან მწირი ინფორმაციაა მესამე პირის შესახებ. გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მეუღლეს თაღლითობის გამო და, ასევე, გამოძიების შედეგად უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ მესამე პირის ქმედებების და საქმიანობის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ მისი დანაშაულის სიმძიმე ამ საქმესთან დაკავშირებით.



კოტე ინაშვილი, უფლებადამცველი:


- არასოდეს მდომებია მსაჯულად ყოფნა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა!


მესამ პირი აქ არ ჩანს და შესაძლოა, ის გამოგონილი პერსონაჟიც იყოს! თუ ცოლს სამართლებრივი დავა აქვს მეუღლესთან, ის ამ საქმეზე სასამართლო პროცესს მოიგებს! ასეთია ჩემი მოსაზრება. შესაძლოა, ქმარმა ფული დახარჯა, წააგო და ა.შ. მაგრამ თუ ფული მართლაც ბიზნესში ჩადო და არ გაუმართლა, ეს ცოლს უნდა სცოდნოდა. სამართლებრივად ასეა...



ნანა დევდარიანი, ჟურნალისტი, ექსპერტი:


- თუ ცოლი ფაქტის დასადასტურებლად ქმარს იმოწმებს, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რატომ არ მოითხოვა მან (ან ცოლ-ქმარმა ერთად) ასეთივე დადასტურება ამხელა თანხის გადაცემაზე თავად ყეინიშვილისგან? ამ დოკუმენტიდან არ ჩანს, მაგრამ გორგოშაძე ამტკიცებს, რომ მას აქვს გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მართლაც დაზარალებულია. ფორმულირება - „აღნიშნული თანხა სად, როგორ და რა ბიზნესში გამოიყენა ნანა ყეინიშვილმა, არ ვიცით" - არ ვარაუდობს მაინცდამაინც სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ იმ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ ყეინიშვილის მიერ გორგოშაძისთვის თანხის ჩადებაზე ინფორმაციის მიწოდებაა მთავარი. ამდენად, მხოლოდ ამ დოკუმენტით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, გარდა იმისა, რომ ცოლმა ქმარს დიდი თანხა მისცა, ხოლო შემდეგ მესამე პირმა ის ბიზნესი „ჩადო", ან არ „ჩაუდია". თავად დოკუმენტს აქვს ადმინისტრაციული სარჩელის სახელწოდება, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულზე არ მიუთითებს. ისე, ჩემთვის, როგორც მსაჯულისთვის, უაღრესად საინტერესო იქნებოდა ორივე ან სამივე მხარის კამათის მოსმენა!


სამივეს ვამბობ, რადგან ცოლმა უკვე განაცხადა,რომ ამ თანხის სანაცვლოდ ყეინიშვილი მისი ყოფლი ქმრის ბიზნესს („გორგია") „კრიშავს".



გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი, ადვოკატი:


- თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიდგება საქმე, ჩემი აზრით, გამოძიებისთვის ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება გორგოშაძის, ვიდრე ყეინიშვილის მიმართ, ვინაიდან მოცემულ მაგალითში არ ჩანს, თუ რა ივალდებულა ამ უკანასკნელმა გორგოშაძის წინაშე ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში, ან ჰქონდა თუ არა მას თაღლითობის ან მითვისების განზრახვა, როცა ფულს ართმევდა; რამდენად რეალური იყო მიწის ყიდვა განაში და ა.შ. მოკლედ, სანახავია ის დოკუმენტები, საიდანაც გამოჩნდება, თუ რა გზა გაიარა ამ 87 ათასმა დოლარმა დაკარგვამდე.



ტარიელ კიკნაძე, ადვოკატი:


- დოკუმენტის შინაარსის შესწავლით მივდივარ დასკვნამდე, რომ მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან. კერძოდ, თაღლითობასთან. დოკუმენტის სათაურია „ადმინისტრაციული სარჩელი", რეალურად კი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი უნდა იყოს ხელწერილი, თუმცა, დოკუმნეტისთვის სრულიად უადგილოდ „ადმინისტრაციული სარჩელის" დარქმევაც ცოლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ვიმეორებ: მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს არც ადმინისტრაციულ და არც სამოქალაქო დავასთან, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.



კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი:


- თუ ქალბატონმა იცოდა, რომ ეს თანხა უნდა ჩადებულიყო ინვესტიციის მიზნით, მაგრამ გაიხარჯა რაიმე სხვა ფორმით, რასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მშაინ საქმე გვაქვს თაღლითობასთან, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კვალიფიცირდება, როგორც ადამიანის ნდობის ბოროტად გამოყენება! თაღლითობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და თაღლითი ვალდებულია, აანაზღაუროს თაღლითური გზით მითვისებული თანხა. ანუ ამ შემთხვევაში, რასაც მე დოკუმენტი მეუბნება, ის არის, რომ თაღლითებმა პასუხი უნდა აგონ და, ამასთან, ქალბატონ ნინო დარსალიას აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი. ან გორგოშაძე, ან ყეინიშვილი და ან ორივე ერთად, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, არიან დამნაშავენ და საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა!



ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე:


- ეს დოკუმენტი ვერანაირად გამოდგება მტკიცებულებად და გამოძიების გარეშე ამ დოკუმენტით ვინმეს რომ რამე დავაბრალოთ, ეს იქნება ცილისწამება! ასე ნებისმერ რამეზე შეიძლება ერთმა მეუღლემ მეორეს ხელი მოუწეროს.. არ გამოვრიცხავ, რომ აქ დანაშაულს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მხოლოდ ამ დოკუმენტით ამაზე მსჯელობა დილეტანტიზმი, მიკერძოებულობა ან სხვა რამეა!.. მხოლოდ ამ დოკუმენტის მიხედვით დანაშაულის არსებობა-არარსებობაზე ლაპარაკი შეუძლებელია! უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.



ჯონდი ბაღათურია, „ქართლი დასის" ლიდერი:


- ეს წერილი გაუგებრად არის დაწერილი... ვინც ამას წერს, თითქოს ცოლია და ბოლოს ხელს კაცი აწერს!..


მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თუ ვინმე ცდილობდა, ყალბი დოკუმენტი შეექმნა, მაინცდამაინც დიდი ჭკუით ვერ გამოირჩევა! საერთოდ, ცოლსა და ქმარს შორის ასეთ ურთიერთობას როცა აქვს ადგილი, ეს სამარცხვინო ანომალიაა!



ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:


- უნდა განვაცხადო, რომ მხოლოდ ეს ერთი „მტკიცებულება" უდავოდ არასაკმარისია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის დამნაშავეობის თაობაზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოსატანად. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ამ ე.წ. „ადმინისტრაციული სარჩელის" ნამდვილობა. ეს დოკუმენტი იურიდიულად იმდენად გაუმართავია (ფაქტობრივად, ხელწერილია,), დაუჯერებელია, ის გონიერი ადამიანის ან ნოტარიუსის მონაწილეობით იყოს შედგენილი. მართალია, ნოტარიუსს უფლება აქვს, დაადასტუროს მხოლოდ ხელმოწერა თავად დოკუმენტის შინაარსის გაცნობის გარეშე, მაგრამ აშკარად წარმოუდგენელია, ნოტარიუსმა სათაურს მაინც არ გადაავლოს თვალი და „ადმინისტრაციულ სარჩელზე" (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა შეივსოს) ხელმოწერა დაუმოწმოს პირს, რომელიც ყოფილი მეუღლის წინაშე თუნდაც 100 ლარის დაკარგვას აღიარებს. მითუმეტეს, ტექსტი ისეა შედგენილი, თითქოს ქმარი კი არ აბარებს ანგარიშს ცოლს, არამედ თვითონ ცოლს სჭირდება ეს მესამე პირის წინაშე თავის გასამართლებლად. ზდემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება, რომ „ადმინისტრაციული სარჩელის" ხელმომწერი შერაცხადია, ამასთან, სასამართლოზე მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, აგრეთვე მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე თუ უტყუარად დადგინდება, რომ ეს პირია „დოკუმენტის" ავტორიც, დამმოწმებელიც და თანხის მიმთვისებელიც, ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18-ე მუხლის შესაბამისი პუნქტების საფუძველზე („თაღლითობა"), ხოლო თუ სხვა პირებთან ერთად მოქმედებდა, დანაშაული დამძიმდება და გაცილებით დიდი ხნით მოუწევთ ციხეში ყოფნა.



დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:


- ნებისმიერ სამართლებრივ ქვეყანაში ამ დოკუმენტის შემქმნელ ადამიანს დააპატიმრებდნენ. „გორგია", როგორც ბიზნესი, მთლიანად ნაციონალური ფესვებიდან იღებს სათავეებს და „გორგიას" მეპატრონის ფიცი, თითქოსდა ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლამდე ეს ბიზნესი ყვაოდა, არის მტკნარი სიცრუე. „გორგიას" მეპატრონე ხელისუფლებების ცვლილების ფონზე ახერხებს, ყველასთან კარგად იყოს და ეს ერთი შეხედვით არცაა პრობლემა, რადგან ბიზნესი (სავაჭრო ქსელი) სწორედაც რომ ქვეყნის სასარგებლოდ უნდა მოქმედებდეს, რისთვისაც ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აუცილებელია. თუმცა, „გორგიას" მეპატრონე ასე სულაც არ ფიქრობს... მან მოახერხა და გიგი უგულავას მიერ ერთხელ უკვე „ნაკურთხი" საქმე მეორედ ნარანიას „აკურთხებინა", ერთი და იგივე „საწარმო" ორჯერ გახსნა და ერთი ქალაქის ორ მერთან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვითარებაში მოიწონა თავი. გორგოშაძე დღემდე ახერხებს და აფინანსებს იმ ხელისუფლდების ნარჩენებს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უთხრა - არა! ის აფინანსებს მწამებლების პარტიას! ძალიან მაინტერესებს, „გორგიას" მეპატრონე „პერედაჩებს" თუ უგზავნის პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას, რომელმაც ყველაპერი გააკეთა იმისათვის, რომ გორგოშაძე კარგად ყოფილიყო?! თუმცა, ალბათ, ახლა სხვაგვარად „უბერავს" - ღიად ხელისუფლებასთან მეგობრობს, ფარულად კი თავის ამშენებელ-ამყვავებლებს აფინანსებს!!! ვიმეორებ: ამ დოკუმენტის მიხედვით სახეზეა დანაშაული და დოკუმენტზე ხელმომწერი პირი, თუ მესამე პირი არა, აუცილებლად დასაკავებელია!



***


პატივცემულო მკითხველო, როგორც ვხედავთ, „ასავალ-დასავალის" მსაჯულებმა „გორგოშაძის საქმეში" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახეს და უფრო მეტიც, თითქმის ერთხმად დაასკვნეს, რომ ქალბატონი ნინო დარსალია თაღლითების მსხვერპლია!


საინტერესოა, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ამ საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურა თუ შენიშნავს დამნაშავეთა კვალს და თაღლითებს იქ მიაბრძანებს, სადაც ჯერ არს!..

 

დიტო ჩუბინიძე


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner