logo_geo
eng_logo
რომან გვენცაძე 9 აპრილის დეტალებს იხსენებს!
- +

3 მაისი. 2016. 19:48

 

 

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" 2016 წლის 8 აპრილის #65 ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკის, ბატონ აპოლონ გადელიას სტატია „სულიერი ამაღლების შარავანდედი", რომლითაც ავტორი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის პერიპეტიებს იხსენებს.

 

 

პირველ რიგში, მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ აპოლონ გადელიას გახსენებისათვის. მან თანმიმდევრულად წარმოადგინა პარლამენტის წინა მოედანზე სადამსჯელო პროცესი. თუმცა მან თავისი მაღალი კულტურისა და ზნეობის გამო მომხდარი ცოტა „ლაითად" (რბილად) აღწერა. მდგომარეობა გაცილებით რთულად იყო. სპეცოპერაციის დაწყებამდე (04:00 საათი) ერის სულიერი მამა, ილია II მობრძანდა. მიტინგის ორგანიზატორებს (მაშინ არაფორმალებს ვეძახდით) და შეკრებილ ხალხს სთხოვა: წინ დიდი განსაცდელის ჟამი გვიდევს და შეიძლება ცუდად დამთავრდეს, გადავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთო. ყველა გაირინდა... თითქოს... მაგრამ ბოლოს კატეგორიული „არა!!!" იყო პასუხი. 5 წუთში კი იმპერიის ტანკები დაიძრნენ. ჟამი მსხვერპლს მოითხოვდა. მილიციელები თავგანწირვის წინაშე დავდექით. ეს იყო ქართული მილიციის უდიდესი გამოცდის განთიადის დილა. მილიცია თავისი მკერდით წინ აღუდგა მსოფლიოში ყველა გაწვრთნილ (იმ დროისათვის) სპეცდანიშნულების შენაერთებს - მედესანტეებს, რომლის წევრებისათვის კაცისკვლა წამიერი და მოუნანიებელი გახლდათ!

 

 

მედესანტეებს კედლად აღუდგა მილიცია. პირველი აპოლონი შეეგება ორლესულ ნიჩბოსნებს. მოქნეული რკინის ნიჩაბი განგების ძალამ ააცილა აპოლონს და დაიფარა მისი ოჯახი. აპოლონს უკან არ დაუხევია, იგი ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან. გულწრფელად გეტყვით, იქ უკვე აღარ იყო ლაპარაკი სიცოცხლეზე. იმ წუთში თითოეული მილიციელი უკვე სიკვდილის შვილი იყო, მაგრამ არცერთ მათგანს ჩვეულებრივი სიკვდილი არ უნდოდა. ერთმა მომცრო ტანის დამსჯელმა ყველაზე ტანმაღალი მილიციელი შეარჩია და მარჯვენა მკლავი იდაყვში გადაუსერა (იგი დილის 8 საათზე სასტუმრო „ივერიასთან" იდგა რუსთაველის გამზირზე სხვა მილიციელებთან ერთად და ხალხს ურჩევდა, არ წასულიყვნენ პარლამენტისაკენ, რათა მომხდარი არ ეხილათ და სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბულიყო). იმ წუთში, დარწმუნებული ვარ, თითოეული მილიციელი თავიანთ ტაბელურ იარაღს ნატრობდა! მაგრამ მადლობა ხელმძღვანელობას, რომ იმ ღამეს არ მისცა იარაღის თან ქონის უფლება, თორემ ე.წ. წესრიგის აღდგენა, რასაც ასე უწოდებდა ხელისუფლება, ნამდვილ ომად და სასაკლაოდ გადაიქცეოდა, რადგან იმ მომენტში ყველა მილიციელი ფიქრობდა, რომ მის ზურგს უკან მისი დედა, შვილი, და, მეგობარი და მისი სისხლხორციელი ღვიძლი მოყვასი იდგა უმწეოდ, საგონებელში ჩავარდნილი, სიკვდილის მოლოდინში!

 

 

მილიციელთა ომახიანმა შეძახილმა და შიშველი ხელებით წინ აღდგომამ შეაჩერა მკვლელები! წამიერმა შეჩერებამ დააცხრო სატანის ვნებანი...

 

 

ქართული მილიციის ამბიციამ შეპყრობილი გოგო-ბიჭები დაიცვა. მილიციამ ერისთვის თავი გადადო. ეს იყო მილიციისთვის და კერძოდ ჩემთვის ყველაზე დიდი სამსახურებრივი, ეროვნული და პიროვნული განსაცდელი! მანამდე, ჩვენ, მილიციელები ეპიზოდურად „ვირჯებოდით" სამართლიანობისთვის, ვიცავდით სიმართლეს და მართალს, გვქონდა შეცდომებიც... მაგრამ 9 აპრილის ღამე - მართლაც განსაკუთრებული და ურთულესი დრო გახლდათ. ეპიცენტრში მყოფმა თითოეულმა მილიციელმა საკუთარი თავგანწირვა და თავდადება აჩუქა ერს და ამით ყველაზე დიდი „ალაფი" მოიპოვა: „შიშველი ხელებით" დაამარცხა იარაღასხმული და გაწვრთნილი სპეცდამსჯელები. მიუხედავად ამისა, გულდასერილები დავრჩით, ვერაგულად განგმირული ორი ათეული ადამიანის გამო (რომელთაგან უმეტესი ქალები იყვნენ), რომლებიც ნათელით მარადისობაში გადაბრძანდნენ და ერის გაბრწყინების გზაზე დღესაც სანთლად რომ იღვენთებიან. დიდება მათ სულებს!

 

 

ბატონ აპოლონის სტატიამ ჩემში კიდევ ერთხელ გააღვიძა 9 აპრილის მოუშუშებელი ჭრილობა. იგი, ერთი მხრივ, ქართველი გოგო-ბიჭებისათვის ლოყაზე სილის გაწვნა იყო, მეორე მხრივ კი - შიშველი ხელებით ტანკისტებზე გამარჯვება. ამ შარავანდედს ისტორიის ნიავი ვერასდროს გაანიავებს. ეს უკვდავებაა!!!

 

 

ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ერის ისტორია ჩვეულებრივი ეთნოსის ცხოვრების აღწერა არაა. ქართველ ერს უდიდესი კულტურული, ისტორიული და გმირული წარსული აქვს. ქართველი ერი დედამიწის ერთა შორის ყველაზე გმირი, ღირსეული და განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ერია. ამოუწურავია მისი აზროვნება, გონება, შესაძლებლობა და რესურსი. ჩვენი ერი გმირთა შორის გმირია!!!

 

 

ხატოვნად და პრაქტიკულად რომ ვთქვა, ქართველი ერი მსოფლიო ცივილიზაციის ყვავილნარში ის ლამაზი იაა, რომელსაც გვირგვინოსანი ვარდიც კი ქედს უხრის და, რომ არ დასუსხოს, ნორჩი კოკრით ეალერსება.

 

 

მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ქართველობა დიდი მადლია და ბედნიერება!!! ვიმეორებ მამა გიორგის - ფეხით მოსიარულის - სიტყვებს: „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი"!!! ამის შენარჩუნებას კი გონიერება, შრომა და სიყვარული სჭირდება. სიყვარული ენის, მამულის, სარწმუნოების!!! და თუ ამ ღირებულებათაგან ერთ-ერთს მაინც რაიმე საფრთხე დაემუქრება, ჯობს, თავი გაწირო!

 

 

ამ პრინციპით ვიცხოვრეთ ჩვენ, ქართველმა მილიციელებმა, რომლებსაც საბჭოთა მილიციელი გვერქვა. დღეს რიგითები ვართ და ერის სიყვარულით ვცხოვრობთ.

 

 

ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ყოფილ მილიციელს და დღევანდელ პოლიციელს, ქართველ ერს, მთავრობასა და მხედრობას, ყოვლად მაღალ უსამღვდელოესობას, ერის სულიერ მამას ილია მეორეს მსურს მივულოცო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, ამინ!!!

 

ქართველი ერი აუცილებლად გაბრწყინდება, ამინ!!!

 

დიდება და დღეგრძელობა ქართველი ერის მომავალ თაობას!!! ამინ!!!

 


ქრისტესმიერი სიყვარულით,

თქვენი რომან გვენცაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის გენერალ-მაიორი

2016 წელი, 3 მაისი.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner