logo_geo
eng_logo
ე.წ. სტაიანშიკების პრობლემა თბილისში
- +

13 მაისი. 2016. 14:57


 

 კომპანია „სითი პარკმა" თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წელს გაიმარჯვა, რის შემდეგაც მიენიჭა პარკირების ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით. პარკირების გადასახადი განისაზღვრება თბილისის მთავრობის მიერ და შეადგენს წლიურად 50 ლარს, ხოლო 6 თვის ვადით - 25 ლარს.


 საზოგადოების უკმაყოფილება „სითი პარკთან" დაკავშირებით წლებია არსებობს. ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს პარკირების მონიშნულ ადგილას, სადგომის დარაჯებისთვის თანხის გადახდა. ე. წ. „სტაიანშიკების" განთავსება იმ ადგილას, რომელიც „სითი პარკის„ მიერ არის მონიშნული არალეგალურია. ამ საკითხს არც თბილისის მერია და არც აღნიშნული კომპანია არ არეგულირებს.


როგორც „რეპორტიორს" „სითი პარკის" პიარმენეჯერმა ლევან ტაბატაძემ განუცხადა, კომპანიას მათთან არანაირი შეხება არ აქვს, ისინი თვითნებურად დგანან გამოყოფილ ადგილას და მთავრობამ ბევრჯერ გააკეთა განცხადება, რომ არავინ არის ვალდებული, გადაუხადოს მათ თანხა, იმიტომ რომ ქალაქში არსებობს ერთადერთი ოფიციალური პარკირების გადასახადი, რომელიც არის „სითი პარკის", ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პარკინგებს.


„სითი პარკს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი ან მექანიზმი, რომ ამ ადამიანებს აუკრძალოს დგომა, თუ ვთქვათ ამას განიხილავს ვინმე უნდა განიხილოს მთავრობაში და შესაბამისად მიიღონ რაიმე სახის გადაწყვეტილება", - განაცხადა ტაბატაძემ და ასევე აღნიშნა, რომ თუ მძღოლი სადგომის დარაჯებს თანხას უხდის, ეს მხოლოდ მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე ხდება.


„ეს არის დამოკიდებული თავად მძღოლზე, თუ მას აქვს კეთილი ნება ამას ვერანაირად ვერ აუკრძალავ. ვერც იმას იტყვის „სითი პარკი", რომ ვინმეს რაიმე თანხა უნდა გადაუხადოს."

 

იურისტ ზვიად ტომარაძეს მიაჩნია რომ ამ საკითხის მოწესრიგება თბილისის მერიის პრეროგატივაა, მაგრამ ჯერ აუცილებლად „სითი პარკის" პრობლემებია მოსაგვარებელი.


„საერთოდ არ ვიცი, რა ფენომენია „სტაიანშიკები", ფაქტია, რომ ეს სოციალურად შეჭირვებული ფენაა და ადამიანურად შემოსავლის დაკარგვისგან მეცოდებიან, მაგრამ ვინ არეგულირებს მათ საქმიანობას? სად მიდის მათ მიერ აგროვებული ფულის დიდი ნაწილი? თუ გვექნება ამ კითხვებზე პასუხი, გამოსავლის მოძიება უფრო გაგვიიოლდება", - განაცხადა ტომარაძემ.


შედეგად მძღოლებს უწევთ ორმაგი თანხის გადახდა, რომელიც არ წარმოადგენს მხოლოდ კეთილ ნებას. პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მსჯელობა კი, არც „სითი პარკს" და არც თბილისის მერიას ჯერ არ დაუწყიათ.



 

 

right_banner
არქივი
right_banner