logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ბუტაფორია მიშას „ოპერისთვის“...
- +

18 მაისი. 2016. 20:01


მიშა ოდესელი საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური ოპერის დადგმას აპირებს, რომლის კომპოზიტორიც, ლიბრეტოს ავტორიც და დირიჟორიც თვითონ არის.


მომღერლები შერჩეულია, დეკორაციები დამზადებულია და, რაც უპირველესია, მთავარ როლზე უკვე დამტკიცებულია ცნობილი რუსული ბანი პაატა ბურჭულაძე.


ამ ამბავს მიშა ოდესელი და სხვა ნაციონალებიც საიდუმლოდ ინახავდნენ და მთავარ როლზე ბურჭულაძის დანიშვნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატონი პაატა პოლიტიკური განცხადებით წარსდგა ქართველი ხალხის წინაშე, ყველაფერი ნათელი გახდა და ნაცების და ბურჭულაძის საიდუმლო „სიყვარულს" ფარდა აეხადა.


საქმე ის არის, რომ ეს განცხადება, რომელსაც ბურჭულაძე თავისად მიიჩნევს, სულაც არ არის მხოლოდ ბურჭულაძის - ის, ფაქტობრივად, სააკაშვილის და ნაციონალების სხვა ლიდერების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებიდან ამოკრეფილი და ოდნავ სახეცვლილი ციტატების ერთგვარი კოლაჟია, ეს ყველაფერი კი ისე უნიჭოდ, ისე უგერგილოდ და კუსტარულად არის გაკეთებული, რომ ყოველგვარი პროფესიონალური ექსპერტიზისა და კრიმინალისტური კვლევა-ძიების გარეშეც ცხადია, საიდან და როგორ არის შეკოწიწებული ბურჭულაძის განცხადების ტექსტი.


„შეუძლებელია, ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ, იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს, ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს", - ამბობს ბურჭულაძე.


კი, მაგრამ, განა ზუსტად იგივეს არ ამბობენ „ნაციონალები", რომლებიც პირაქაფებულნი მოგვიწოდებენ, დავივიწყოთ ყველა ის არაკაცობა, რაც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩაუდენიათ, დავივიწყოთ ქუჩებში დახვრეტილი ადამიანები, დავივიწყოთ მათ მიერ ციხეებში გამოკეტილი ათასობით და ათიათასობით ადამიანის ტრაგიკული ბედი, დავივიწყოთ, როგორ გაძარცვეს, როგორ გაყვლიფეს საქართველო და როგორ გაზიდეს მილიარდები ქვეყნიდან, დავივიწყოთ, როგორ დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მესამედი და დამარცხებულები როგორ ზეიმობდნენ „გამარჯვებას", დავივიწყოთ, როგორ მოაოხრეს ქართული სოფელი, როგორ გაყიდეს და გაასხვისეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და ა. შ.


დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ბატონო პაატა და ქვეყნის მშენებლობა „სუფთა ფურცლიდან" დავიწყოთ?


„ნაციონალებიც" სიტყვა-სიტყვით განა იგივეს არ ამბობენ, რასაც თქვენ ახმოვანებთ თქვენს განცხადებაში - თავი დაანებეთ ჩვენს მოხსენიებას მტრებად და მოღალატეებად, ხაზი გადავუსვათ გუშინდელ დღეს და ყველამ ერთად ახალი დღიდან დავიწყოთ ქვეყნის ბედზე ზრუნვაო.


სულ ახლახან „ნაციონალებმა" ისიც კი განაცხადეს - ხელისუფლებაში რომ მოვალთ, მეორე დღესვე პოლიტიკურ ამნისტიას გამოვაცხადებთ და ყველას ყველაფერი ეპატიებაო.


როგორც ჩანს, საკუთარი თავისთვის აპირებენ „ნაციონალები" ამნისტიის გამოცხადებას და საკუთარი თავისთვის ყველა დანაშაულის ჩამოწერას, თორემ „ქართულ ოცნებას" საამნისტიო არაფერი დაუშავებია.


„ნაციონალების" ფარულ ქომაგად და ადვოკატად მოვლენილი თუ საიდანღაც მოვლინებული პაატა ბურჭულაძე ცდილობს ერთ ეპოქად მონათლოს განვლილი 25 წელი, ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს და ერთად მოხარშოს - ზვიად გამსახურდიას პერიოდი, ედუარდ შევარდნაძის „მეფობის" ხანა, „ნაცმოძრაობის" რეჟიმიც და „ქართული ოცნებაც".


იცის ბატონმა პაატამ, განა არ იცის, რომ ამ ოთხი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერიოდის ერთ „ეპოქად" შეკვრა, ერთ ეპოქად მონათვლა და ამ პერიოდში მოღვაწე პოლიტიკოსების ერთმანეთთან გათანაბრება და გაიგივება, მტყუვნების და მართლების ერთ თარგზე მოჭრა, მკრეხელობა და ფარისევლობაა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია.


იცის ეს ყველაფერი ბურჭულაძემ, მაგრამ რა ქნას, ასეთი დავალება აქვს მიღებული და დავალების მაგისტრალურ ხაზს ხომ ვერ გადაუხვევს?


დავალების არსი კი ასეთია - როგორმე ხელისუფლებათა საერთო მარაქაში გააპაროს „ნაცმოძრაობაც" და „საერთო" ეპოქის ნაწილად გამოაცხადოს, რომელსაც ამ ეპოქისთვის ნიშანდობლივი საერთო ღირებულებები და საერთო ნაკლი ჰქონდა თურმე და მეტი არაფერი.


კეთილსინდისიერი და ობიექტური ადამიანი ბურჭულაძისგან აბსოლუტურად განსხვავებულად მოიქცეოდა და იმ 25-წლიანი პერიოდიდან აუცილებლად ცალკე გამოყოფდა „ნაცმოძრაობის" მმართველობის 9-წლიან რეჟიმს და ამ რეჟიმის დამმარცხებლის „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს, რომელიც თავისი ჰუმანური, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით ისე განსხვავდება „ნაციონალებისგან", როგორც ცა დედამიწისგან.


კეთილსინდისიერი ადამიანი, ცხადია, ასე მოიქცეოდა, ბურჭულაძემ კი „ნაცმოძრაობას" უტიფრად გადააკერა „ქართული ოცნებაც" და ორივეს წარსული დაარქვა, რომელსაც უნდა დავემშვიდობოთ.


„დასაწყისისთვის დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება", - ბრძანებს პატივცემული ბურჭულაძე და იქვე აგრძელებს:


„მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი. ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი. 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს. ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილით და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი, რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ბედნიერს? "


ალბათ, დამეთანხმებით, რომ აბსოლუტურად „ნაციონალების" რიტორიკაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი გველაპარაკება ოდესიდან პაატა ბურჭულაძის პირით, რომელიც მისთვის ჩვეული დემაგოგიით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ქართული ოცნების" ხელში „გაუბედურებულ ქვეყანას" ის მოუტანს ბედნიერებას, ის დაუბრუნებს მიზანს, ღირსებას, ის მოგვრის შვებას და სიხარულს.


ცრუობს „რუსული ბანი", როცა ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს მიზანი, არ აქვს მიმართულება, არ გეგმავს მომავალს.


„ქართული ოცნების" ხელისუფლებას და, შესაბამისად, ქვეყანასაც, მიზანიც აქვს, მიმართულებაც და მომავალსაც გეგმავს, უბრალოდ, ამის დანახვა უნდა გინდოდეს, ამის დანახვა კი მხოლოდ მაშინ მოგესურვება, როცა პოლიტიკანობას და სხვისთვის ნამუსის მოწმენდას თავს დაანებებ და რეალობას პატიოსნად შეაფასებ, ხოლო ამას თუ გააკეთებ, არ შეიძლება არ შეამჩნიო, რომ „ქართულმა ოცნებამ" არა მარტო ბიზნესი დ მედია გაათავისუფლა, არამედ ტერორით და რეპრესიებით დათრგუნული ადამიანები გაათავისუფლა შიშისგან, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მასობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან.


მერე რა, რომ „ნაციონალებივით" ხმამაღლა არ ყვირიან და არ აპიარებენ, განა ფაქტი არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამ ოთხ წელიწადში ორჯერ და სამჯერ მეტი საქვეყნო საქმე გააკეთა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ" მთელი ცხრა წლის განმავლობაში.


განა ფაქტი არ არის, რომ „ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ჯანდაცვის სფეროში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ისე, როგორც იხსნა მათი ოჯახები ეკონომიკური განადგურებისგან და გაჩანაგებისგან, როგორც ეს „ნაციონალების" „ბედნიერ ეპოქაში" ხდებოდა.


განა ფაქტი არ არის, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ სხვა ვითარებაა და იქ მოხვედრილ ადამიანებს ნორმალურ, ადამიანურ გარემოში უწევთ სასჯელის მოხდა, ისე, რომ მათ არავინ ამცირებს, არავინ აწამებს, არავინ შეურაცხყოფს.


რა ვქნათ ახლა, ბატონო პაატა, რადგან თქვენს ოდესელ დირიჟორს ასე სურს, ეს ყველაფერი ჩამოვწეროთ, გადავფხიკოთ, გადავშალოთ, წარსულს ჩავაბაროთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ?


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენად „სუფთა" იქნება ეს გადაფხეკილ-გადაშლილ-გადაღებილი ფურცელი, თქვენ რომ გვაჩეჩებთ ხელში?


სუფთა ფურცელია თუ პალიმფსესტი, სადაც „ნაცმოძრაობის" ავკაცობის ამსახველი ძველი ტექსტი საღებავის სქელი ფენით იქნება დაფარული, ზედ კი მსხვილი ასოებით დაეწერება ბურჭულაძის დევიზი „სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც რატომღაც ლენინი და პროლეტარიატის დიქტატურა გამახსენა.


ერთი შეხედვით, სად ლენინი და სად ბურჭულაძე, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ ბურჭულაძის „პოლიტიკურ მანიფესტს", ადვილად მიხვდებით, რომ არც მთლად უმაგისობაა.


ესაა დროის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შარლატანური, პოპულისტური იდეებით გაჯერებული ტექსტი, რომლის ავტორი თვითონვე იხლართება და იბლანდება ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებში.


ერთადერთი რამ, რაც „მანიფესტის" ავტორმა ზუსტად იცის, ისაა, რომ როგორმე გაათეთროს და პასუხისმგებლობა მოუხსნას უამრავ დანაშაულში ბრალდებულ „ნაცმოძრაობას", თუმცა ამასაც ძალზე უნიჭოდ და უხეიროდ აკეთებს.


ამ მცირე ხნის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძისგან პოლიტიკოსი ვერ დადგება.


ამ მცირე ხნის განმავლობაში მან მოასწრო და იმდენი საჩოთირო და გულუბრყვილო (არ მინდა ვთქვა, სულელური) განცხადება გააკეთა, ნათელია, რომ მისგან პოლიტიკოსი ვერ დადგება.


არადა, არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა და  თუ ასე გააგრძელა, არჩევნებზე ნულოვანი რეიტინგით მივა.


იმერეთში იტყვიან, ბავშვი ბურჭალობს, ანუ ბავშვი ცელქობს, თამაშობსო.


ბურჭულაძეც ბურჭალობს და მისი პოლიტიკოსობაც ბავშვის ცელქობას და თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზული ადამიანის სერიოზულ ქმედებებს.


12 მაისს გავრცელებული მისი პოლიტიკური „უსტარის" შინაარსიდან ბევრმა აზრი ვერ გამოიტანა, რადგან ეს აზრი, ჩამოყალიბებული, აწონილ-დაწონილი აზრი, შიგ არ არის.


ბურჭულაძის სასოწარკვეთილი მცდელობა - გაეჟღერებინა „ნაციონალური" რიტორიკა ისე, რომ არ გაშიფრულიყო და თან დამკვეთის დავალებაც შეესრულებინა, სრული კრახით დამთავრდა.


მართლაცდა, რას ბურჭალობს ბურჭულაძე, სირცხვილი არ არის?


***

ბურჭულაძის პოლიტფანები და ვირეშმაკობაში დაოსტატებული მედიასაშუალებები საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლით ორი დიდი ქველმოქმედი უპირისპირდება ერთმანეთს.


ამ ორი ქველმოქმედიდან ერთი, ბიძინა ივანიშვილი, ნამდვილად ვიცი, მაგრამ მეორეს ვერა და ვერ ვიხსენებ.


საქმე ის არის, რომ პაატა ბურჭულაძე არასოდეს ყოფილა ქველმოქმედი - ის არის საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზატორი და მენეჯერი.


საერთოდ, ბიძინა ივანიშვილთან პაატა ბურჭულაძის, როგორც ქველმოქმედის, ხსენება სასაცილოა და მეტი არაფერი.


„ნაციონალების", ზოგიერთი სინდისგარეცხილი ოპოზიციური პარტიების და მათ ხმას აყოლილი ქართველთა მცირე ნაწილის გარდა, საქართველოში, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვინც არ დაადასტურებს, რომ საქართველოს, მთელი თავისი არსებობის მანძილზე, არასოდეს ჰყოლია ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის ქველმოქმედი და მეცენატი.


დიდი უმადური და დიდი უნამუსო უნდა იყო, რომ ეს უარყო.


სამწუხაროდ, უმადურობა და უნამუსობა ზოგიერთმა პროფესიად გაიხადა და პროფესიონალ უნამუსოდ იქცა...


დასანანი იქნება, თუ მათ რიცხვს პაატა ბურჭულაძეც შეემატება.


არადა, მას ამის დიდი შანსი აქვს, თუ ხშირ-ხშირად გაიმეორებს „ნაცმოძრაობის" მიერ შემოგდებულ ფრაზებს, მაგალითად, ასეთს: „არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში".


ამ არაფორმალურ ბატონში, ბურჭულაძე, ცხადია, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.


- ჰოდა, არ შეხვიდე ამ არაფორმალური ბატონის მიერ გაახლებულ ოპერაშიო, - მოუწოდებენ მოქალაქეები სოციალური ქსელებიდან სააკაშვილის „ოპერაში" გადაბარგებულ ბანს.


მოქალაქეები ისეთ მკვახე და მწარე შეფასებებს აძლევენ ბურჭულაძის გაპოლიტიკოსებას, მათი გამეორება უხერხულად მიმაჩნია.


ღირდა კი ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობისთვის" ბანის აყოლებად?


აქა-იქ უკვე გაისმა მოთხოვნა, გაირკვეს, რა ხდებოდა იმ საქველმოქმედო ფონდებში, რომლებსაც პატივცემული პაატა ხელმძღვანელობდა.


იმავე სოციალურ ქსელებში ფონდ „იავნანას" „იავნანას მაფიად" მოიხსენიებენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ იქ შავი ფული ირეცხებოდა, ხოლო თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას კი არა, სულ სხვა კომერციულ საქმეებს ხმარდებოდა და გაჭირვებულთა და უპოვართა დასახმარებლად კი არა, სულ სხვა მიმართულებით მიედინებოდა.


ახლა, როცა ბატონმა პაატამ ქველმოქმედის მანტია მოიხსნა და პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, შესაბამისი ორგანოები, უფრო ზუსტად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ვალდებულნი არიან, გამოწვლილვით შეისწავლონ და საზოგადოებას ამცნონ, როგორც ერთი, ისე მეორე ფონდის საქმიანობის დეტალები, რომ ცუდად აგორებული ეჭვი ან დადასტურდეს, ან გაქარწყლდეს!.


დაბოლოს, ეს წერილი მინდა დავამთავრო ამავე თემისადმი მიძღვნილი ჩემი ერთი წერილის ფრაგმენტით:


„ნაცმოძრაობა" გვარბევდა, ხელკეტებს გვიზაპუნებდა, გაზით გვწამლავდა, „დუბინკებით" და ცოცხის ტარით გვაუპატიურებდა, ბატონი პაატა მღეროდა.


„ნაცმოძრაობა" ქუჩაში ხვრეტდა უდანაშაულო მოქალაქეებს, ციხეში ყრიდა ათასობით ადამიანს, ძარცვავდა, არეკეტებდა, აყაჩაღებდა მოსახლეობას, ბატონი პაატა მაინც მღეროდა და მღეროდა.


მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი პროტესტის სიტყვა არავის სმენია მისგან - მღეროდა და ხავერდოვანი ბანით „ახავერდებდა" „ნაცმოძრაობის" მიერ დაწიოკებული ქვეყნის კვნესას და გმინვას".


დიახ, ბატონი ბურჭულაძე ყველა ხელისუფლების დროს ყელმოღერებული მღეროდა და გასაკვირი არ არის, მაინცდამაინც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ გადავიდა ლაპარაკზე?


ლაპარაკში კი იმდენი „თვალ-მარგალიტი" დააფრქვიეთ სჯობდა ისევ გემღერათ, ბატონო პაატა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია...




ვახტანგ ხარჩილავა


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner