logo_geo
eng_logo
ეს რამ გათქმევინათ, ბატონო კოღუაშვილო?
- +

24 მაისი. 2016. 15:52


ეს პოლიტიკური სკანდალია - ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი სააკაშვილს მადლობას უხდის, უგულავას ციხიდან მალე გამოსვლას უსურვებს და მერაბიშვილის ბრალდებების გადასინჯვაზე ლაპარაკობს!

 

ეს რამ გათქმევინათ, ბატონო კოღუაშვილო?

 

პატივცემულო ბატონო დავით!

 

ყურადღებით წავიკითხე „ქართულ გაზეთში" გამოქვეყნებული თქვენი ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი პასაჟებით არის სავსე. გასაოცარია თქვენი გაორებული დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკური მოცემულობის მიმართაც.


მივყვეთ თანმიმდევრობით.

თამაზ მეჭიაურის მიერ NATO-ს საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინტერვიუში ამბობთ:


„მეჭიაურმა გაახმოვანა არა პარტიის პლატფორმა და პარტიის დამოკიდებულება ამ ალიანსთან მიმართებაში, არამედ მოსახლეობის მსხვილი სეგმენტის აზრი".


ბატონო დავით!

გამოდის, აღიარებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მსხვილ სეგმენტს ნატო-ს მიმართ ისეთივე სკეპტიკური და იმედგაცრუებული დამოკიდებულება აქვს, როგორც თამაზ მეჭიაურს და ამის მიზეზებსაც ხსნით:


„იყო ბევრი იმედგაცრუებები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომი რომ გავიხსენოთ. იყო მოლოდინები და ამ მოლოდინებზე აპელირება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გვერდზე დაგვიდგება. ამ ყველაფერმა ერთად, ბევრმა რაღაცამ და კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხის ყოველდღიური დაცემის რეჟიმმა განაპირობა იმედგაცრუება ამ ალიანსთან დაკავშირებით".

 

გამოდის, რომ თქვენ ნატო-ზე ზუსტად ისე ფიქრობთ, როგორც თამაზ მეჭიაური ლაპარაკობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ  მეჭიაური ნატო-ზე მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, თქვენ კი იმავეს უფრო აკადემიურად და დიპლომატიურად ამბობთ! ამდენად, გაუგებარია, როცა თქვენ „ქართული ოცნების" ახალი სახე გახდით, მეჭიაური რატომღა გახდა მიუღებელი „ქართული ოცნებისათვის"!


დიახ, თქვენ ამბობთ, მეჭიაური გამოხატავს არა ჩვენი პარტიის, არამედ მოსახლეობის მსხვილი სეგმენტის პოზიციასო.

 

„მაშ, გამოდის, რომ მოსახლეობის, ამომრჩევლის მსხვილი სეგმენტის განწყობა და „ქართული ოცნების" პოზიცია ერთმანეთს არის აცდენილი?!


და ამას ამბობთ თქვენ -  „ქართული ოცნების" ახალი სახე, პოლიტსაბჭოს წევრი და კულუარული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის მომავალ ლიდერად მოაზრებული პოლიტიკური ფიგურა?!


რა მესიჯს უგზავნით საზოგადოებას, ბატონო დავით?


„ხალხო, ვიცით, თქვენ რასაც ფიქრობთ, მაგრამ ჩვენ თქვენ განწყობას ვერ გამოვხატავთ და ამომრჩევლის მსხვილი სეგმენტის ნებას ხმამაღლა ვერ დავაფიქსირებთ!" - ეს არის თქვენი გზავნილი?


ასე აპირებთ მოსახლეობის მსხვილი სეგმენტის მიმხრობას და არჩევნებში გამარჯვებას?!


ბატონო დავით!

კიდევ უფრო გაუგებარი და გასაოცარია თქვენი ინტერვიუს ის მონაკვეთი, სადაც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე და პირადად მასზე ამბობთ:


„სააკაშვილზე დიდი მოძალადე საქართველოს არასოდეს ჰყოლია. გული მწყდება, რომ მის გუნდში არსებობს ბევრი ჩემი მეგობარი და ხშირ შემთხვევაში, თანამოაზრეც. თვითონვე აცნობიერებენ, რა უბედურებაც დაატყდათ თავს, რადგან ის, როგორც მოვლენა, იყო უბედურება და ამ უბედურებაზე 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ თქვა უარი და დაასამარა „ქართულმა ოცნებამ", იმედი მაქვს, სამუდამოდ. დაგვიფაროს ღმერთმა ამისკენ მობრუნებისაგან. სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და აღარ დაბრუნდება არასოდეს".

 

- მართალი ბრძანდებით, საქართველოს სააკაშვილზე დიდი მოძალადე არასოდეს ჰყოლია და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში მისი ეპოქა როდისმე დაბრუნდეს, მაგრამ თუ როგორც „ქართული ოცნების" ახალი სახე და საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერი, მოძალადე სააკაშვილს ზეაღმატებული სიტყვებით შეამკობთ და მადლობების გადახდას დაუწყებთ, როგორც ეს თქვენს ინტერვიუში გააკეთეთ, შესაძლოა, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდეს.


დიახ, თქვენ სააკაშვილს ყველაზე დიდ მოძალადეს უწოდებთ, მაგრამ საკუთარ ნათქვამს თავადვე აქარწყლებთ და ეს მოძალადე სახელმწიფოს აღმშენებელ რაინდად გამოგყავთ, როცა ამბობთ:


„ის უგანათლებულესი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი ენერგიის, ამოუშრეტავი რესურსის. შეეძლო, ბევრი სიკეთე გაეკეთებინა ქვეყნისთვის. ბევრი რამ მოხდა მის დროს თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი - პატრულის რეფორმა, ქვედა დონეებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო მოხელეებისადმი პატივისცემის განცდა, სხვადასხვა მოტივაციები. არ შეიძლება, ეს არ დაინახოს ადამიანმა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩვენ გვექნებოდა ყველაფერი გასაკეთებელი და ამისათვის მადლობა მას".


ეს რამ გათქმევინათ, ბატონო დავით?


სააკაშვილის ასეთი დახასიათება თვით მამალი ნაცებისგანაც კი არ მოგვისმენია.


რომელ „პატრულის რეფორმირებაზე" ლაპარაკობთ?


სააკაშვილის „რეფორმირებულმა „პატრულმა" მოკლა 19 წლის ბუტა რობაქიძე!


სააკაშვილის „რეფორმირებულმა პატრულმა" მოკლა 28 წლის გიორგი გამცემლიძე!


სააკაშვილის „რეფორმირებული პატრული" არბევდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს!


თუ დაგავიწყდათ, ბატონო დავით, „იუთუბზე" შედით და 2007 წლის 7 ნოემბრის ვიდეოები ნახეთ, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ სასტიკად არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს სააკაშვილის მიერ „რეფორმირებული პატრულის" თანამშრომლები, აფთიაქებსა და მაღაზიებში თავშეფარებულ ხალხსაც  შიგნით უვარდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან!


სააკაშვილის მიერ „რეფორმირებული პატრული" ჩვეულებრივი პოლიტიკური პოლიცია იყო, რომელიც ჰიტლერის ფორმაციის გესტაპოსაგან არაფრით განსხვავდებოდა და თქვენ ამბობთ, რომ ამას ემხრობით?! თქვენ ამის გამო  სააკაშვილს მადლობას უხდით?!


როგორ ფიქრობთ, ბატონო დავით, სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებული და გაუბედურებული ადამიანები როგორ შეხვდებიან თქვენ მიერ სააკაშვილისათვის გადახდილ მადლობას?!


როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნებისაგან" სამართლიანობის აღდგენასა და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს, რა განწყობაზე დადგება, როცა წაიკითხავს და მოისმენს, რომ თქვენ, „ქართული ოცნების" ახალი სახე და ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილს მადლობას უხდით?!

 

ბატონო დავით, თქვენ იმხელა ინტერვიუში ორი სიტყვაც არ გითქვამთ სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე, მაგრამ თქვით, რომ უგულავა ციხიდან მალე გამოვა, მერაბიშვილი კი ნიჭიერი კაცია და შეიძლება, მისი ბრალდებები გადაისინჯოს!


დიახ, თქვენ უგულავაზე ამბობთ:


„ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".

 

ბატონო დავით, თქვენ „ქართული ოცნების" ახალი სახე დავით კოღუაშვილი ხართ თუ ნაცმოძრაობის ძველი სახე დავით ბაქრაძე, დავით დარჩიაშვილი ან დავით საყვარელიძე?!


სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ხერხემალზე და ორი გვამის მომთხოვნ ვანო მერაბიშვილზე ამბობთ:


„მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია, უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა ამას დავუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ".


ბატონო დავით, სად და რაში დაინახეთ მერაბიშვილის ნიჭიერება? ნიჭიერად შეუკვეთა ორი გვამი?! ნიჭიერად დახვრიტეს გია კრიალაშვილი?! ნიჭიერად მოკლეს ზურა ვაზაგაშვილი?! ნიჭიერად აპატიმრებდა მერაბიშვილის პოლიცია უდანაშაულო ადამიანებს და იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება ნიჭიერად ხდებოდა?! ნიჭიერად დაარბიეს მერაბიშვილის სპეცრაზმებმა მშვიდობიანი აქციები 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს?! ნიჭიერად მოკლეს ცემით ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი და ნიჭიერად შემოდეს მათი ცხედრები მაღაზიის სახურავზე?!


ბატონო დავით, იქნებ ის მიგაჩნიათ მერაბიშვილის ნიჭიერებად, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ სპეციალურ თათბირზე საგანგებო დავალება გასცა, ოპოზიციის მომხრეებს თირკმლებში ურტყით და რაც შეიძლება მაგრად სცემეთ, რადგან საქართველოში ნაცემი ადამიანი „ჩმორად" ითვლებაო?!


ბატონო დავით!

სააკაშვილის „რეფორმირებული პატრულის" მიერ მოკლული უდანაშაულო ახალგაზრდის - გიორგი გამცემლიძის მამამ, ბატონმა ჯამბულ გამცემლიძემ, რომელიც თქვენი განცხადებების გამო, უამრავი ადამიანის მსგავსად, აღშფოთებულია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:


„მე, ჯამბულ გამცემლიძემ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქუჩაში მოკლული შვილის მამამ, რატომ უნდა ვისმინო „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრისაგან ეს განცხადება, როცა სიცოცხლე ჩავდე ამ ძალის ხელისუფლებაში მოსაყვანად? დიახ, სიცოცხლე! მე ვკვდები, ბატონებო, ვკვდები ლოდინით და ლოდინმა დამაავადმყოფა კიდეც, ისე, რომ ვერ ვეღირსე ჯალათების დასჯას. ახლა კი რა მესმის? თურმე, ჩემი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ნაციონალებზე სწყდება გული! იმისთვის შეაკვდნენ ნაცმოძრაობას ქალბატონი ირინა ენუქიძე და ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერს ეს ეთქვა?! ან სად იყო მაშინ, როცა ჩვენ გვცემდნენ და გვარბევდნენ, თვალებს გვითხრიდნენ და კბილებს გვიმტვრევდნენ? ბოდიში მოიხადე, დავით კოღუაშვილო და წადი იქ, საიდანაც ნაციონალების შეცოდება და დახმარება უკეთ გამოგივა! შენს ადგილს „ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ!"

 

 

***

ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე წერილის წერა თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა დიდმა ქართველმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა დამირეკა. იგი რისხვას აფრქვევდა და კატეგორიულად მოითხოვა, დავით კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელად დაგვეფიქსირებინა.


რეზო ამაშუკელი: - მაგ კოღუაშვილმა ენას კბილი დააჭიროს და კარგად დაფიქრდეს, რას ლაპარაკობს! ვინ მიგდია ეგა, რომ გუშინ მოეთრა და დღეს უკვე თამაზ მეჭიაურზე, გოგი თოფაძეზე და სოსო ჯაჭვლიანზე ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებაში" არ უნდა იყვნენო?!


მეჭიაურიც, ჯაჭვლიანიც და თოფაძეც ნაღდი ქართველები არიან და თვითონ მაგ კოღუაშვილის ადგილი არ არის იქ, სადაც ნამდვილი ქართველები არიან!


რას ჰქვია, უგულავა ციხიდან უნდა გამოვიდეს და მერაბიშვილის განაჩენი უნდა გადაისინჯოს?! თქვენ გადაგსინჯავთ კარგად ქართველი ხალხი! როგორც ჩანს, სისხლის დაღვრა გინდათ და აქამდეც მიიყვანთ საქმეს!

 

კატეგორიულად მოვითხოვ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან - სასწრაფოდ მოაშორეთ კოღუაშვილი „ქართულ ოცნებას", თუ არადა მე, რეზო ამაშუკელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნებში ერთი ხმაც ვერ მიიღოთ!


მართალია, კვირიკაშვილმა კოღუაშვილის განცხადებები დაგმო, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის! კოღუაშვილი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საქართველოს შეფარული მტერია და იგი „ქართულ ოცნებას" უნდა მოშორდეს!

 

 

P.S.  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც დავით კოღუაშვილის ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილს პირადად ესაუბრა, სარწმუნო ინფორმაცია მომაწოდა.


კერძოდ, კოღუაშვილის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილი ძლიერ აღუშფოთებია, მაშინვე პრემიერ კვირკაშვილისათვის დაურეკავს და უთქვამს - ვინ არის ეს კაცი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში როგორ შეიყვანეთ?!


გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილისათვის მოუბოდიშებია - კოღუაშვილის განცხადებებით მეც უკმაყოფილო ვარ, პირობას გაძლევთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო!

 

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა კოღუაშვილის ინტერვიუს შესახებ საჯარო განცხადებაც გააკეთა:


„დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ რაიმე დადებით სენტიმენტებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა, მინდა ვთქვა - სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით. მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვინაიდან თითოეული ასეთი განცხადება უკავშირდება არაერთ ადამიანს საქართველოში".

 

„ქართულ ოცნებასთან" და პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ირწმუნებიან, რომ ამ განცხადებების შემდეგ კოღუაშვილი მომავალი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ვერ გახდება და მისი პოლიტიკური მზე ამოუსვლელად ჩაესვენა!

 

ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner