logo_geo
eng_logo
როცა ადეიშვილი დარწმუნდა, რომ სამხარაულმა სიმართლეს მიაგნო, მოიცილა!
- +

25 მაისი. 2016. 14:38


 

ზუსტად 11 წლის წინათ, 2005 წლის 22 მაისს, ყვარელში მოკლეს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი, 25 წლის ლევან სამხარაული. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 28 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის აპარტამენტებში მიიღო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია და მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია. დაძაბული საუბარი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრისა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მკვლელობები რომ ერთმანეთს უკავშირდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა, მეორე საქმე დახურულია, ხოლო პირველი - დღემდე წერტილდაუსმელი.


მკვლელობათა სერია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობას მოჰყვა, ხიდეო ნაკატოის საშინელებათა ფილმს „ზარს" შეადარეს. რეალურად ასე იყო: ღამით ურეკავენ პრემიერ-მინისტრს, შეხვედრას უნიშნავენ, შემდეგ კლავენ... შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია ზურაბ ადეიშვილის ზარის მერე გავიდა სახლიდან. საღამოს საათებში დაურეკეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს რაულ უსუპოვსაც, შეხვედრა დაუნიშნეს, შემდეგ მოკლეს - შეგახსენებთ, რაულ უსუპოვს ჟვანიას დაცვის წევრმა მიხეილ ძაძამიამ დაურეკა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს ლევან სამხარაულს, რომელიც უცხოეთში იმყოფებოდა, დაურეკეს, ჩამოიყვანეს და მოკლეს - ისიც საბედისწერო ზარის მერე. როგორც ჩანს, ამ ზარების უკან ერთი და იგივე პირი იდგა.


რადგან ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურა დუმს, გამოძიება ან ჩიხში შევიდა, ან ხმამაღალი განცხადების ნებართვას ელოდება, ან - არჩევნებს. როგორც კულისებიდან შევიტყვე, შესაძლოა, ჟვანიას საქმეს სხვა მკვლელობებიც დაუკავშირონ, კერძოდ, სამხარაულის საქმე. სხვათაშორის, სამხარაულის მკვლელობაზე საუბარი გიორგი ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ განახლდა. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ლევან სამხარაულის მიერ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენა პრემიერის გაზით გაგუდვის ვერსია, ვაშაძემ მას უცხოეთში წასვლა ურჩია - აქაურობას გაარიდა, მაგრამ სამხარაული დაბრუნდა, მეგობრის დედის გასვენებაში მშობლიურ ყვარელში ჩავიდა და მოკლეს კიდეც. როგორც ამბობენ, ამის ორგანიზება ზურაბ ადეიშვილის მითითებით მოხდა.


კითხვას - მაინც რატომ უნდა მოეკლათ ლევან სამხარაული, რამდენიმე პასუხი აქვს. სამხარაული ვანო მერაბიშვილის განცხადებას - პრემიერი გაზით გაიგუდაო - არ ენდო, შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი საკუთარი ინიციატივით ჩაატარებინა და დაადგინა, რომ ავბედით ბინაში (საბურთალოს ქუჩა 53ა) იმ რაოდენობის CO არ დაგროვდებოდა, რომ ადამიანის სიკვდილი გამოეწვია. სწორედ სამხარაულისგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ შემთხვევის ადგილზე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის თითის ანაბეჭდები არ იყო. ექსპერიმენტის დროს დადასტურდა ისიც, რომ კობა ხარშილაძე ფანჯარაში ვერ გადაძვრა, თუმცა, დაჟინებით ამტკიცებდა, ბინაში ფანჯრიდან შევედიო. სამხარაული იყო ის პირი, რომელიც უშუალოდ ეცნობოდა ჟვანიასა და უსუპოვის გვამებიდან აღებულ მასალებზე ამერიკაში ჩატარებულ ექსპერტიზას.


უფრო დეტალურად: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც ლევან სამხარაული ხელმძღვანელობდა, მიტანილი იყო ყველა ის ნივთი, რომლებიც ჟვანიას საქმეს უკავშირდებოდა და რომელთა მიხედვით ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ. ნივთებს შორის იყო პროზექტურიდან გადატანილი, მტვერსა და ტალახში დასვრილი ზურაბ ჟვანიას ტანსაცმელი. როგორც ამბობენ, სამხარაულმა ეს ტანსაცმელი თავის სანდო ექსპერტებს საგულდაგულოდ შეამოწმებინა. ალბათ, მისთვის რაღაც გახდა ცნობილი. იგივე ტანსაცმელი მოგვიანებით „ეფ-ბი-აი"-ს გადაეგზავნა ექსპერტიზისთვის. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობდა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო ზურაბ ჟვანია, რომელსაც, სავარაუდოდ, სწორედ ზემონახსენები ტალახიანი ტანსაცმელი ეცვა. როგორც ჩანს, ლევან სამხარაულს კითხვა გაუჩნდა - ჟვანია თუ ბინაში გარდაიცვალა, ტანსაცმელი როგორ და სად დაესვარა? როგორც ამბობენ, სამხარაული თვითონ შეეცადა ტანსაცმლის დასკვნის მიზეზების დადგენას და ექსპერტები არ ჩარია. რაულ უსუპოვის მამაც დღემდე ამბობს, ჩემს შვილს დასვრილი ტანსაცმელი ეცვაო - რასაკვირველია, ექსპერტიზის ბიუროში ამ ტანსაცმელზეც ჩაატარებდნენ კვლევას, ხოლო დასკვნები სამხარაულისთვის ცნობილი იქნებოდა. ლევან სამხარაულმა ყველაზე კარგად იცოდა, ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ამერიკულმა მხარემ რა დასკვნა დაწერა და ეს დასკვნა ქართულ თარგმანში როგორ გაყალბდა. ის მიხვდა, რომ იმ მცირე დროში, რასაც ჟვანიას დაცვის წევრები ასახელებდნენ - 2 საათში - ადამიანის სასიკვდილოდ მოწამვლა შეუძლებელი იყო.


შეუძლებელია, ლევან სამხარაულს, როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს, ყურადღება არ მიექცია ექსპერტის დასკვნისთვის, სადაც გარკვევით ეწერა, რომ გარდაცვლილთა კუჭში მოხარშული ძეხვის გარჩევა თავისუფლად შეიძლებოდა. ჟვანიამ და უსუპოვმა თუ მართლაც მიირთვეს ძეხვი, სამედიცინო თვალსაზრისით, საკვების მიღებიდან ორი საათის შემდეგ ის კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის და კუჭი ცარიელდება, ან ისეთი მასა რჩება, რომლის შემადგენლობის გარჩევა შეუძლებელია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლევან სამხარაულს შეკითხვები ჰქონდა და, სავარაუდოდ, პასუხებსაც მიაგნო, სწორ კვალზე დადგა - მიხვდა, ვინ გასცა ჟვანიას ლიკვიდაციის ბრძანება და ვინ - შეასრულა.


სამხარაული ადეიშვილის კადრი იყო, შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რომ პრემიერის მკვლელობიდან სამი თვის განმავლობაში (სანამ თვითონაც მოკლავდნენ)ის ადეიშვილის ბრძანებებსაც ასრულებდა. ბოლოს, როცა ადეიშვილი დარწმუნდა, რომ სამხარაულმა სიმართლეს მიაგნო, მოიცილა.


ლევან სამხარაულის მკვლელობის შემდეგ მკვლელობათა სერია გაგრძელდა, მოკლეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გელა ფიცხელაური, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით, ლევან სამხარაულის მკვლელი დავით მჭედლიშვილი წინასწარ „დაამუშავა". აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს გაზეთში (2016 წელი, № 17) გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელსაც გელა ფიცხელაური აწერია, უნდა ეწეროს ილია სეფაშვილი, რომელიც სწორედ გელა ფიცხელაურის მკვლელობაზეა დაკავებული.


P.S. როგორც გავიგე, პროკურატურა საგულდაგულოდ ამოწმებს 2005 წლის 3 თებერვლის ღამით ჟვანიას ტელეფონზე განხორციელებულ ზარებს. ადრეც დავწერეთ, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო, ვისაც ჟვანია ელაპარაკა, იყო საქართველოს მაშინდელი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლევან მიქელაძე, საუბარი 111 წამს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რამდენიმე წელიწადში ლევან მიქელაძე სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია ამბობს, პრემიერის მკვლელობამდე 5 დღით ადრე, 28 თებერვალს, ზურას ძველი ნომრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეკეს. ზარის ავტორი გახლდათ პრემიერის დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია.


კიდევ ერთ ზარზე მახვილდება ყურადღება - პრემიერის დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის და (კულტურის სამინისტროში მუშაობდა), პირველი იყო, ვისაც ხარშილაძემ შემთხვევის ადგილიდან დაურეკა.


მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner