logo_geo
eng_logo
პაატასტროფა!
- +

25 მაისი. 2016. 18:20



ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა ერთი დიდი აფერაა, თავად ბურჭულაძე კი - პოლიტიკური აფერისტი, რომელმაც რიგიანად შენიღბვაც ვერ მოახერხა და თავიდანვე მარტივად გაიშიფრა.


დიახ, აფერისტობა იყო ის, რომ ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის შირმად „საქართველოს განვითარების ფონდი", გამოიყენა.


დიდი და პატარა ხვდებოდა, რომ ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდი სინამდვილეში პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, მაგრამ თავად ოპერის მომღერალი თავს იკატუნებდა, არანაირი პოლიტიკური მიზნები არ მამოძრავებსო.


აფერისტობა იყო ისიც, რომ ბურჭულაძე „თავისუფალი სიტყვის" დამცველად მოგვევლინა და „რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერად ლამის ფრაკიდან ამოხტა. არადა, სიტყვის თავისუფლება ბურჭულაძისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ღირებულება რომ იყოს, იგი მაშინ ამოიღებდა ხმას, როცა სააკაშვილის რეჟიმი „იმედში" სპეცრაზმით შევარდა, იქაურობა მილეწ-მოლეწა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია დახურა.


აფერისტობაა ისიც, რომ ბურჭულაძე, თავისი პარტიითურთ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენს თავს, მაშინ, როცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ბანი სააკაშვილისა და მისი პატრონების მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ არიას მღერის.


ყველაზე დიდი აფერისტობა კი ის არის, რომ პაატა ბურჭულაძე თავს პროდასავლელ პოლიტიკოსად ასაღებს და მისი ახალგამომცხვარი პარტია ევრო-ამერიკულ ორიენტაციას იჩემებს.


ძვირფასო მკითხველო, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, პროდასავლური განწყობების მატარებელი და ევროატლანტიკური კურსის მიმდევარი იყოს კაცი, რომელიც თავს დღემდე საბჭოთა ადამიანად მიიჩნევს?


ანდა შეიძლება თუ არა, პრორუსული გავლენისაგან თავისუფალი იყოს ადამიანი, რომელიც ეროვნებით ქართველია, მაგრამ თავს რუს მომღერლად თვლის?


დიახ, სწორედ გაპოლიტიკოსებულ პაატა ბურჭულაძეზეა ლაპარაკი, რომლის მიერ რუსულ გაზეთ „იზვესტიასათვის" 2012 წელს მიცემულ ინტერვიუს ინტერნეტში რამდენიმე დღის წინათ გადავაწყდი.


აი, რას აცხადებს ბურჭულაძე გაზეთ „იზვესტიას" ფურცლებზე 2012 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში:


„როგორ შეიძლება, თავს საბჭოთა ადამიანად არ ვთვლიდე, როცა სსრკ-ში გავიზარდე? ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც და როგორ დავივიწყო ისინი? ჩვენ ერთნაირად აღვიზარდეთ, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის და ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რომ ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ჩვენ ნახევარი სიტყვითაც კი ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოელები იქნებიან. ეს ძალიან მადარდებს".

 

ძვირფასო მკითხველო, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა რომ გამოაცხადოს, თავს საბჭოთა ადამიანად მივიჩნევ და გამიმართლა, რომ საბჭოთა კავშირში გავიზარდე, სადაც ბევრი კარგი რამ ხდებოდაო?!


ასეთ პოლიტიკოსს „რუსთავი-2"-ის ეთერიდან ნაცები, ლიბერასტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საია-ბაიები, ლომჯარია-გიგაურები დაესევიან და მაშინვე რეტროგრადად, კრემლის აგენტად, შავრაზმელად და საქართველოს მოღალატედ შერაცხავენ!


მაშ, პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, მე საბჭოთა ადამიანი ვარ და გამიმართლა, რომ საბჭოთა კავშირში გავიზარდეო, პროდასავლელ პოლიტიკოსად და პროგრესულ პოლიტიკურ ძალად რატომ უნდა მივიჩნიოთ?!


საინტერესოა, როდის არის გულწრფელი პაატა ბურჭულაძე და როდის აფერისტობს - როცა ამბობს, საბჭოთა ადამიანი ვარ და გამიმართლა, რომ საბჭოთა კავშირში გავიზარდეო თუ როცა თავს პროდასავლელ პოლიტიკოსად ასაღებს?!


კიდევ ერთი პასაჟი რუსულ გაზეთ „იზვესტიაში" 2012 წელს გამოქვეყნებული პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან:


„მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებურად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან ევგენი ივანეს ძე ივანოვთან. მე მთელ მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუს ბანს და ამით ვამაყობ".

 

ძვირფასო მკითხველო, ჩვენ რომ გვეგონა, პაატა ბურჭულაძე მსოფლიო საოპერო სცენებზე საქართველოს სახელით გამოდიოდა და როგორც ქართველ ბანს, ჩვენი ქვეყნისათვის სახელი და დიდება მოჰქონდა, თურმე, ასე არ ყოფილა საქმე!


დიახ, ბურჭულაძეს, როგორც თვითონ ამბობს, ქართველ საოპერო მომღერლად კი არა, რუს ბანად იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროფესიული ავტორიტეტი და მაღალი საოპერო ხელოვნება მსოფლიოს თვალში არა საქართველოსთან, არამედ რუსეთთან ასოცირდება!


რაც მთავარია, ბურჭულაძე ამით კმაყოფილია და ამაყობს კიდეც, რომ მსოფლიოში ქართველად კი არა, რუსად იცნობენ!


ბურჭულაძეს რუსულ გაზეთთან ინტერვიუში რომ ეთქვა, მთელ მსოფლიოში რუს ბანად წარმადგენენ, მაგრამ მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ვარ და მსოფლიოს წინაშე სწორედ ჩემი ქართველობით ვამაყობო, ეს მისგან ღირსეული საქციელი იქნებოდა, მაგრამ ბურჭულაძემ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში თქვა - მე მთელ მსოფლიოში რუს ბანად წარმადგენენ და ამით ვამაყობო!


კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვა - ქართველი კაცი, რომელიც აცხადებს, ვამაყობ, რომ მსოფლიოში რუსად მიცნობენო, როგორ შეიძლება, პრორუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგე პროდასავლელ პოლიტიკოსად ჩავთვალოთ?!


და საერთოდ, პაატა ბურჭულაძე, რომელიც აცხადებს, ვამაყობ, რომ მსოფლიოში მიცნობენ არა როგორც ქართველს, არამედ როგორც რუსსო, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არამარტო თავის პროდასავლურობას, არამედ თავის ქართველობასაც!


ამიტომაც ვთქვი წერილის დასაწყისში, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური აფერისტია-მეთქი!


აფერისტები და თაღლითები კი ქართულ პოლიტიკას არასოდეს აკლდა, არც დღეს აკლია და კიდევ ერთის შემატება საჭირო აღარ იყო!

 

ჯაბა ხუბუა

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner