logo_geo
eng_logo
პირველად 10 წლის შემდეგ, ვიკიპედია დიზაინს იცვლის
- +

24 სექტემბერი. 2020. 19:55

 

 

გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ვიკიპედია მთელ მსოფლიოში ცოდნის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და ფართოდ გამოყენებად რესურსად იქცა. ამ დროის განმავლობაში, ვებგვერდი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა წარმოუდგენელი ოდენობის სანდო და ყოვლისმომცველი ინფორმაცია, 53 მილიონამდე სტატია 300-ზე მეტ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიის კონტენტი სწრაფად იზრდება, უცვლელი რჩება ინტერფეისი. დიზაინი მარტივია, პირდაპირი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკლამებისგან სრულიად თავისუფალი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ვიკიპედიისა და მისი მფლობელის, „ფონდ ვიკიმედიის“ სხვა პროექტების დესკტოპ-ვერსიის დიზაინი გასული ათი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ვებგვერდის ნავიგაციის გარკვეული ელემენტები უკვე მოძველებული და ტლანქია როგორც მკითხველისთვის, ისე მოხალისე რედაქტორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანიც ინფორმაციის შექმნა, სწავლა და კონტენტის მეთვალყურეობაა.

 

„ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებით, დესკტოპ-ვერსიის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინტერნეტს გასული ათი წლის განმავლობაში შემოუერთდნენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვებგვერდი უნდა იყოს მარტივად გასაგები, თანამედროვე, სანდო და სასიამოვნო.

 

„თუმცა, ამავე დროს შენარჩუნებული უნდა იყოს ჩვენი იდენტობის ბირთვი და საბოლოო პროდუქტი უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ვიკიმედიის პროექტი. გვსურს შევქმნათ გამოცდილება, რომელიც ჩვენი დიდი ხნის მომხმარებლებისთვის ნაცნობი იქნება, მაგრამ ამავე დროს პირდაპირი და ინტუიციური ახალი მომხმარებლებისთვის“, — წერს განცხადებაში ვიკიპედიის მფლობელი ორგანიზაცია.

 

2019 წელს „ფონდმა ვიკიმედიამ“ ვიკიპედიის დესკტოპ-ვერსიის გასაუმჯობესებლად მრავალწლიანი პროექტი დაიწყო. მთავარი ფოკუსი გადატანილია კონტენტის წინა ფონზე წამოწევისა და მარტივი ნავიგაციისკენ.

 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, მომავალ ცვლილებებს შორის იქნება კონფიგურაცია შეცვლილი ლოგო, ჩასაკეცი საიდბარი, კონტენტის ფანჯარა და ა. შ. ცვლილებები ეტაპობრივად, დროის დიდ მონაკვეთში განხორციელდება, რათა მოხდეს მომხმარებელთა მხრიდან ტესტირება და უკუკავშირი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, გაუმჯობესებული დიზაინი საწყისი სახით ყველა ვიკიპედიაში 2021 წლის ბოლოს დადგება.

 

ცვლილებების ნაწილი უკვე გაშვებულია ბასკურ, სპარსულ, ფრანგულ და ებრაულ ვიკიპედიებში. რაც შეეხება სხვა ვიკიპედიებს, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ვიკიპედიაში შექმნილი აქვთ ანგარიში, უახლესი ცვლილებების დაყენება ამჟამად მომხმარებლის პარამეტრებიდან შეუძლიათ.

 

პირველი ცვლილება ჩასაკეცი საიდბარი იქნება, რომელიც მომხმარებლებს თითოეული გვერდის მარცხნივ არსებული გრძელი მენიუს ჩაკეცვის საშუალებას მისცემს. მეორე ცვლილება იქნება სტატიების ხაზების სიგანის მაქსიმუმამდე გაზრდა. შემდეგ იქნება სხვა მრავალი ცვლილების დაყენებისა და ხარვეზის გამოსწორების გრძელი და კომპლექსური პროცესი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner