logo_geo
eng_logo
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ 2020 წელი თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდეს
- +

2 იანვარი. 2020. 18:25

 

მიხეილ ცაგარელი: - აღმოსავლეთში ძველთაგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რადგან სჯეროდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ახალ წელიწადს, ისევე წარიმართებოდა მთელი წელი. აქ, რიტუალებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ამაღლებული ფსიქოლოგიური განწყობაც.

 

- როდის შემოაღებს კარს ვირთხის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით და რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის დახვედრა-მზადების პროცესში, რომ მთელი წელი ფინანსურად წარმატებულები და სიყვარულში იღბლიანები ვიყოთ?

 

- აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს იწყება თეთრი ვირთხის წელიწადი, თუმცა, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ მნიშვნელოვან რიტუალებს, რათა ღირსეულად და წინსწრებით შევხვდეთ ვირთხის წელიწადის დადგომას. ზოგადად ჩვენ სამჯერ ვხვდებით ახალ წელს - 31 დეკემბერს,13 იანვარს და 25 იანვარს, რაც გაახანგრძლივებს სადღესასწაულო განწყობას და მხიარულებას. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ 25 იანვრამდე ჯერ კიდევ გრძელდება ტახის, ანუ ღორის წელიწადი, ამიტომ ნუ გავანაწყენებთ მას და საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი წლევანდელი ტახისა და მომავალი მასპინძლის ვირთხის გამოსახულებიანი ფიგურები. მათ პატივსაცემად, ტახის წინ მოათავსეთ რკო, ხოლო ვირთხის ფიგურასთან კი - თხილი და ყველი, უმჯობესია, ნასვრეტებიანი. 2020 წლის ძირითადი რიცხვია 4. ამიტომ, კარგი იქნება თეთრი ან ვერცხლისფერი 4 სანთლის დანთება ახალი წლის დადგომამდე 10 წუთით ადრე, რათა მადლობა გადაუხადოთ წინა წელიწადს, დაემშვიდობოთ მას, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ სანთლებს თქვენი სურვილები ჩაუთქვათ. კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე ვირთხის გამოსახულებიან ყულაბას შეიძენთ და მასში ჩაყრით ვერცხლისფერ 4 ცალ ლითონის მონეტას.

გაითვალისწინეთ: ყოველ ჩაგდებულ მონეტაზე, თითო სურვილი ჩაიფიქრეთ.

 

- რომელი ფერებია წელს დომინანტი? რა ფერის ტანსაცმელი და სამკაულები შევარჩიოთ წინასწარ ახალი წლის დასახვედრად?

 

- 2020 წლის მმართველი სტიქია ლითონია, ამიტომ ის გვაძლევს წლის ძირითად ფერებს, როგორიცაა: თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, მათ შემდეგ - ლურჯი, ოქროსფერი და მცირე დოზით - მწვანე და წითელი. უმჯობესია, ეს ფერები პრევალირებდეს თქვენს ტანსაცმელში. თუმცა, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შავი - როგორც ნეიტრალური ტონი. რაც შეეხება სამკაულს, ახალი წლის ღამეს კარგია ისეთი ქვების გამოყენება, როგორიცაა ამეთვისტო, ბრილიანტი, ძოწი, მალაქიტი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მწვანე ან ყვითელი იასპი.

 

- როგორ მოვკაზმოთ ნაძვის ხე და სად უნდა დავდგათ ის - ცენტრში თუ ოთახის რომელიმე სხვა ზონაში?

 

- ნაძვის ხე იმ ფერებში უნდა იყოს მორთული, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და უმჯობესია, ოთახის შუა ნაწილში იდგეს. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის ტოტზე, სათამაშოების გვერდით, ტახისა და ვირთხის ფიგურებსაც ჩამოკიდებთ. წელს უპირატესობა ენიჭება თეთრ და ვერცხლისფერ ნაძვის ხეებს.

 

- რა ფერის გადასაფარებელი და ჭურჭელი გამოვიყენოთ სადღესასწაულო სუფრაზე და რომელი კერძები უნდა იყოს წარმოდგენილი საახალწლო ღამეს?

 

- უპირველეს ყოვლისა, მაგიდის გადასაფარებელი უნდა იღოს თეთრი ან ვერცხლისფერი. კარგი იქნება ლითონის შანდლით მაგიდაზე ოთხი სანთლის დადგმა. ყოველი თეფშის ქვეშ დადეთ ვერცხლისფერი მონეტა. იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში მოიზიდოთ ფინანსები, მაგიდის შუაში დადგით ლითონის ლარნაკი და მასში ჩაყარეთ ცოტა წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი, და ბევრი სხვადასხვა ნომინალის ვერცხლისფერი მონეტა. ახალი წლის ღამეს თვალდახუჭულმა ხელით ამოიღეთ  მარცვლეული - რაც მეტი ფული ამოჰყვება, მით უმეტესად წარმატებული იქნებით ფინანსურად მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ჩამოწერეთ  სურვილები პატარა ფურცელზე, დაკეცეთ, ჩადეთ  კაკლის ნაჭუჭში  და შემოახვიეთ ლითონის ფოლგა. ჩაყარეთ ვაზაში  და დადგით მაგიდაზე. როცა სტუმრები მოვლენ, სთხოვეთ, ამოიღონ, გახსნან და სურვილები ხმამაღლა წაიკითხონ. ეს სახალისოცაა და თან, ხმამაღალი კითხვით სურვილებს კოსმოსში ვუშვებთ, რაც ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება და აგვიხდება. რაც შეეხება საკვებს, რადგან ვირთხა ბუნებით ტრადიციონალისტია, საკმაოდ უხვად უნდა იყოს წარმოდგენილი მამაპაპური კერძები - საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ყველისა და ფხალის ასორტი და ასე შემდეგ. მაგიდაზე უნდა იდგას ნატურალური ღვინო და წვენები. დაალაგეთ საახალწლო სუფრაზე ხილი, თხილი, ტორტი, კანფეტები, ნამცხვრები, და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სასმელი - შამპანური, ლიქიორი, კონიაკი, და ღვინო. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხას არ უყვარს მზა, ნაყიდი, მაღაზიის საკვები და რაოდენობას ხარისხი ურჩევნია. ამიტომ, ყველაფერი უნდა იყოს გემრიელად და ხარისხიანად მომზადებული. ასევე, კარგია, თუ მაგიდას 4, 8, 12 ან 24 კაცზე გაშლით. ასევე მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ სანდო და ერთგული ადამიანი, რომელიც ტკბილეულთან ერთად თქვენს ოჯახში თხილს, ყველს და ლითონის 4 ან 12 ვერცხლისფერ მონეტას შემოიტანს.

 

- რას გვირჩევთ, სად სჯობს ახალი წლის დახვედრა-სახლში, მშვიდ ატმოსფეროში, ოჯახის წევრების გვერდით თუ სამეგობრო წრეში, ხმაურითა და ფოიერვერკებით?

 

- ვირთხას ზედმეტი ხმაური არ უყვარს, თუმცა, მხიარულების მოყვარულია. ყველაზე მეტად უყვარს სორო ან თავისი სახლი. ამიტომაც, ჯობს, ახალ წელს სახლში შეხვდეთ, იმხიარულოთ, ოღონდ ზედმეტი ხმაურის გარეშე. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს ასტროლოგიური რჩევები, რომ მომავალ წელს იღბალიც გააძლიეროთ და სიხარულიც დაიბედოთ. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner