logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ყველა დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციის პროფესიონალიზმი, არა გვამების, არამედ გადარჩენილი სიცოცხლის რაოდენობით ფასდება!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 21:08

 

„ყველა დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციის პროფესიონალიზმი, უპირველეს ყოვლისა, არა გვამების, არამედ გადარჩენილი სიცოცხლის რაოდენობით ფასდება!“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „ასავალ დასავალის“ კითხვას - „ოპოზიციის წარმომადგენლები, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩააფლავა“.

 

„არ შეიძლება, პოლიტიკური ქულების დაწერაზე იფიქრო მაშინაც კი, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას ეხება! მადლობა ღმერთს, ჩვენს ხელისუფლებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მძევლების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდებოდა, ბანკის შტურმით აღების გადაწყვეტილებას მიიღებდა და იტყოდა – მოხდეს, რაც მოხდება, მთავარია, დამნაშავე გავანეიტრალოთო! თუ ვინმეს ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ხელისუფლება უნდა, მისი ნებაა, ჩვენი ხელისუფლება კი მსგავს არაადამიანურობასა და უკანონობას არასოდეს მოაწერს ხელს!

 

საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ პირდაპირ წერია, რომ პოლიციას ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იმ ადგილებში, სადაც ამან სხვა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობა შეიძლება, გამოიწვიოს.

 

მინდა, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვკითხო – თვითონ რომ ყოფილიყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ზუგდიდში 21 ოქტომბერს? გვითხრან, შს სამინისტრო ამ სპეცოპერაციას რა დააკლო ისეთი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები მის ადგილას გააკეთებდნენ? შესაძლოა, ხმამაღლა ვერ იძახიან იმას, რაც გულში აქვთ და რასაც იზამდნენ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს კანონთან არანაირ შესაბამისობაში არ იქნებოდა. დანაშაულს უნდა უპასუხო არა დანაშაულით, არამედ სამართლით. სწორედ ამას სჭირდება პროფესიონალიზმი, თორემ ძალის გამოყენება და უკანონობის ჩადენა ძალიან ადვილია.

 

აბა, წარმოვიდგინოთ: დამნაშავის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები უმძიმეს წუთებში იმაზე ფიქრობდნენ, რომ მძარცველს 500 ათასი დოლარი არ წაეღო თუ იმისათვის ლოცულობდნენ, რომ მათი შვილები და ნათესავები უვნებლად გადარჩენილიყვნენ? რა დროც არ უნდა გავიდეს, დამნაშავეს აუცილებლად დაიჭერ, მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს ვერავინ გააცოცხლებს!“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner