logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: გვინდა, მართლმადიდებლური ტაძარი იყოს ბუენოს-აირესში
- +

11 ნოემბერი. 2016. 16:23





„საქართველოში არგენტინის სახლის" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საინტერესო პროექტზე მუშაობას აგრძელებს. სანამ სიტყვას პატარქალიშვილს გადავცემდეთ, ვიტყვით: თუ კეთილი ნება იქნება, წლეულსვე საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არგენტინისა და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მდგარან მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპზე.

 

 

„გუშინ გავგზავნე წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე, „ქართუ ფონდსა" და „ქართუ ჯგუფში". მოგეხსენებათ, შარშან, 22 ნოემბერს შევხვდი ბატონ ბიძინას და ის დამპირდა დახმარებას ამ პროექტის განხორციელებაში. საქმის კურსში არიან „ქართუ ფონდის" დირექტორი ნიკა ჩხეტიანი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

 

 

ბრაზილიასა და არგენტინაში არის სრული მზაობა, რომ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ დეკადაში ჩავატაროთ თბილისში ამხანაგური მატჩები ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. ეს გუნდები ახალგაზრდულ ასაკში არაერთხელ ყოფილან მსოფლიო ჩემპიონები. გადაწყვეტილია, რომ ამ მატჩის ტრანსლირება განხორციელდება როგორც ბრაზილიაში, ისე არგენტინაში. ეს  იქნება ტრამპლინი საიმისოდ, რომ მომავალ წელს განხორციელდეს ჩვენი დიდი პროექტი, რომლის თაობაზეც „ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია.

 

 

ამ მატჩის წინ ჩვენ ვგეგმავთ ცნობილი ხუთფიგურიანი სკულპტურის პრეზენტაციას, რომელიც უნდა იქცეს ქართველი და ბრაზილიელი ფეხბურთელების მეგობრობის სიმბოლოდ. პრეზენტაციაზე მოვიწვევთ ანზორ კავაზაშვილს და გიორგი სიჭინავას. თუ იქნება ამის საშუალება, თბილისში უპრობლემოდ ჩამოვა ფეხბურთის მეფე პელე. ასევე ველოდებით საქმიანი წრეების ვიზიტს, ამ ღირსშესანიშნავ დღეებში საქართველოში ჩამოვლენ ტურისტები. განხორციელდება სამი ჩარტერული რეისი ბრაზილიიდან და არგენტინიდან. მომავალ წელს კი ჩვენ უნდა განვახორციელოთ უფრო მეტი ჩარტერი მერკოსურის ქვეყნებიდან.

 

 

ჩვენმა იდეამ მოწონება რამდენიმე ქვეყანაში დაიმსახურა. მაგალითად, ევგენი ლოვჩევს. ასევე მოეწონათ ჩანაფიქრი სომხეთში, წერილი მოგვწერა „დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის აფშევის ქალიშვილმა...

 

 

ალბათ გაინტერესებთ, რას მოხმარდება შემოსული თანხები. ისინი მოხმარდება ქართველი ჭაბუკების გადამზადებას არგენტინაში, ბუენოს-აირესსა და არგენტინის სხვა ქალაქებში მრავალი ქართველი ცხოვრობს. მათ დღეს არ აქვთ კულტურის სახლი, ეკლესია... ჩვენ გვინდა, რომ მართლმადიდებლური ტაძარი იყოს ბუენოს-აირესში. ვგეგმავთ საპატრიარქოს წარმომადენლების, „ქართუს" წარმომადგენლების, ჩვენი საქმიანი წრეების, „ლელოსა" და „რეპორტიორის" ჟურნალისტების საქმიან ვიზიტს არგენტინაში.

 

 

ჩვენი პროექტის შესახებ იცის არგენტინის პრეზიდენტმა, „ბოკა ხუნიორსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ. მისი გუნდის სახელით სპეციალური მადლობა მივიღე", - განაცხადა პატარქალიშვილმა.






ალეკო კაკაურიძე





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner